ნაბიჯ-ნაბიჯ შეკერილი საქმე და შავი პიარი, დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ – სასულიერო პირის დაკავების ქრონოლოგია

ე.წ. ციანიდის საქმე და შავი პიარი, რომელმაც მოქალაქეებზე კარგად იმუშავა – დეკანოზის დაკავებიდან წელიწადზე მეტია გასული, თუმცა პირველადი ვერსია, რომელიც როგორც ირკვევა მიზანმიმართულად გავრცელდა, დღესაც აქტუალურია. ძალიან ბევრს საქართველოში დღემდე ჰგონია, რომ დეკანოზი მამალაძე ბრალდებული პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის არის. ამ აზრის ფორმირებისთვის კარგად იმუშავა მთავარი პროკურორის, მაშინდელი პრემიერის და მმართველი გუნდის წევრების განცხადებებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ  ქვეყანა დიდ ეროვნულ ტრაგედიას გადაურჩა, რადგან იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლა.

ყველაფერი 2017 წლის 10 თებერვალს დაიწყო. დეკანოზი მამალაძე გამთენიისას ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც პატრიარქს ოპერაციას უტარებდნენ. რეგისტრაციის შემდეგ მან ჩააბარა ბარგი, გაიარა საპასპორტო კონტროლი და გაფრენას VIP დარბაზში დაელოდა. მოგვიანებით მიკროავტობუსში ჩაჯდა, რომელსაც ტერმინალიდან თვითმფრინავის ტრაპამდე უნდა მიეყვანა, თუმცა მიკროავტობუსში მას პოლიცია დახვდა და დააკავა. მას რამდენიმე საათი არ მისცეს ოჯახთან დაკავშირების საშუალება, ადვოკატის აყვანის უფლება, არ განუმარტეს უფლებები, ის, ფაქტობრივად მოიტაცეს აეროპორტიდან.

დაკავების მეორე დღეს ეჭვმიტანილის სტატუსი ბრალდებულით შეიცვალა. ბრალი კი ასე ჩამოყალიბდა – შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ადვოკატები უკვე მუშაობენ სარჩელზე, რომელითაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

ავტორი: მაია ლომიძე
rustavi2.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.