ნათია მეზვრიშვილი: კანონიერი ქურდი როგორც კი გადმოკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, დაუყოვნებლივ მოხდება მათი დაკავება

კანონპროექტით არაფერი შეცვლილა ქურდული სამყაროს წევრის და კანონიერი ქურდის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც კი ეს პირები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მათი დაკავება. ერთი სიტყვაც ამ მხრივ კანონპროექტში შეცვლილი არ არის. უფრო მეტიც, მთელი რიგი მიმართულებებით ეს კანონპროექტი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მკაცრ მიდგომებს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონით არის ეს გათვალისწინებული. მაგალითად, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სანქციები იზრდება 15 წლამდე ვადით. ასევე, მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს დანაშაულს არ წარმოადგენს, ცხადდება დანაშაულად. ანუ, ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად იქნება მიჩნეული. მაგალითად, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა – საკმაოდ მკაცრი სანქციით, დანაშაული იქნება ნებისმიერი პირის მიერ ქურდული შეკრების ორგანიზება და ამგვარ შეკრებაში მონაწილეობა და დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდის, ასევე, ქურდული სამყაროს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა: ეს იქნება ფიზიკური მხარდაჭერა, ეს იქნება ფინანსური მხარდაჭერა თუ ა.შ. ანუ, მთელი რიგი მიმართულებებით კანონმდებლობა გაცილებით უფრო მკაცრი გახდება ვიდრე ეს არის დღეს მოქმედი კანონი”, – განაცხადა მეზვრიშვილი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.