ნასას ჯეიმს ვების ტელესკოპის აწყობა დასრულდა – ისტორიაში ყველაზე დიდი კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლს ჩაანაცვლებს

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პროექტი 1996 წელს დაიწყო, მაგრამ მშენებლობა წარმოუდგენლად გაჭიანურდა. თუმცა, როგორც იქნა, დადგა გარდამტეხი მომენტი — ამ დიდებული ინსტრუმენტის აწყობა დასრულდა.

კოსმოსური ტელესკოპი კალიფორნიაში, აეროკოსმოსურ კომპანია „ნორთროპ გრამენის“ საწარმოში იწყობა. რამდენიმე დღის წინ, ინჟინრებმა ტელესკოპის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს შეუერთეს — ტელესკოპი და სარკეები, მზისგან დამცავი ფარი და ხომალდი და ა. შ. შედეგად, ტელესკოპი ერთ მთლიანობად იქცა.

პროექტის მენეჯერის, ბილ ოჩსის განცხადებით, ტელესკოპისა და მისი სამეცნიერო ინსტრუმენტების აწყობის დასრულება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მიღწევაა მთელი ჯგუფისთვის. მისივე თქმით, ეს გარდამტეხი მომენტი დადგა ათასობით ადამიანის 20-ზე მეტი წლის განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგად. მათ შორის იყვნენ მეცნიერები ნასადან, ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოებიდან, „ნორთროპ გრამენიდან“ და ა. შ.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი არის ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრე, რომელსაც მსოფლიო დიდხანს ელოდა. ფინანსური თუ ტექნიკური მიზეზების გამო, მისი გაშვება არაერთხელ გადაიდო.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი 1990 წელს გაუშვეს და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ვადაგასულია. ბოლოს ის 2009 წელს შეაკეთა სპეციალურად გაგზავნილმა მისიამ. თუმცა, მას შემდეგ დაუზიანდა კიდევ რამდენიმე ნაწილი; ჰაბლმა უკვე დაკარგა ექვსი გიროსკოპიდან სამი. მიუხედავად ამისა, ჰაბლს მუშაობა შემდეგი ათი წლის განმავლობაშიც შეუძლია.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება ამ ეტაპზე 2021 წლის მარტისთვის არის დაგეგმილი და როგორც ჩანს, ეს თარიღი ამჯერად საბოლოოა. ცაში კი ნამდვილად არის ადგილი ორი ასეთი ტელესკოპისთვის. ვების სარკის დიამეტრი 6,5 მეტრია, ჰაბლის კი 2,4 მ.

გარდა ამისა, ჯეიმს ვები ცას ოდნავ სხვა და უფრო გრძელ ტალღის სიგრძეებში დააკვირდება, ხილულიდან შუა ინფრაწითელამდე. ჰაბლის შესაძლებლობები კი მერყეობს ულტრაიისფერიდან ახლო ინფრაწითელამდე. შესაბამისად, ჯეიმს ვებს შეეძლება დაინახოს უფრო შორ მანძილზე არსებული ობიექტები მაღალი წითელი წანაცვლებით; მათ შორის იქნება ადრეული სამყაროს გალაქტიკები, რომელთა დანახვაც ჰაბლს არ შეუძლია.

გარდა ამისა, ჯეიმს ვების მუშაობისათვის საჭიროა ძალიან დაბალი ტემპერატურა, რათა დააკვირდეს შუა-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს; თერმულ ინფრაწითელ რადიაციას შეუძლია ამ სიგნალს ხელი შეუშალოს. სწორედ ამისათვის ექნება ტელესკოპს ხუთშრიანი დამცავი ფარი.

ვების ჯგუფის შემდეგი ამოცანაა მზისგან დამცავი ფარის სრულად გაშლა. სწორედ ამ ნაწილში შეიქმნა ტექნიკური პრობლემები 2017 წელს.

მას შემდეგ მზის ფარი ინდივიდუალურად გამოსცადეს, ისევე როგორც სხვა ყველა კომპონენტი. ამჯერად, მეცნიერებს აინტერესებთ, გეგმის მიხედვით იმუშავებს თუ არა სრულად აწყობილი ტელესკოპი.

ვების პროგრამის დირექტორის, გრეგორი რობინსონის განცხადებით, ინჟინერთა ჯგუფმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა და სულ მალე, ჩვენ ყველა ვიხილავთ ჩვენი გასაოცარი სამყაროს სრულიად ახალ, მომაჯადოებელ ხედებს.

Მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.