ნატო–ში ინტეგრაციის შემოთავაზებული კონცეფცია: რატომ დუმს თბილისი?

საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომელიც ჯერ „Heritage Foundation“–ის მკვლევარმა ლუკ კოფმა გააჟღერა, ხოლო შემდეგ – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

როგორც  „აქცენტთან“ საუბრისას  მისი ერთ-ერთი თანაავტორი – „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი  ბათუ ქუთელია განმარტავს, კონცეფცია შედგება ორი კომპონენტისგან: პირველი – ეს არის ორ ტერიტორიულ ნაწილად გაყოფილი ქვეყნის შესვლა ნატო–ში (გერმანიის მოდელი), მეორე დაშვება კი ნატო–ს წესდების მეხუთე მუხლის არგავრცელების პრეცედენტის გამოყენებაა (ამის მაგალითია ჰავაის და ფოლკლენდის ქეისები).  კონცეფცია ამ ორი კომპონენტის კომბინაციას მოიცავს და ამასთანავე, ემატება დათქმა, რომ მეხუთე მუხლის არგავრცელება იქნება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით არ აღდგება.

რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე ოფიციალურ თბილისს? განიხილება თუ არა, ან აპირებს თუ არა ხსენებული კონცეფციის განხილვას საქართველოს ხელისუფლება? საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს არ იძლევა და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „მსგავსი საკითხის განხილვის დროს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოხდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული დაცვით“.

„მსგავსი საკითხის განხილვის დროს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, პირველ რიგში – ის, რომ ამ საკითხზე თავად ნატო-ს შიგნით იქნას მიღწეული კონსენსუსი.  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოხდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრული დაცვით“ – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო პოლილტიკურ უწყებაში.

ამასთან, სამინისტროში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით ურყევი და ცალსახაა:

„ალიანსი ყოველთვის მკაფიოდ აფიქსირებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს გზავნილები უცვლელად აისახება უკანასკნელი წლების განმავლობაში ნატო-ს მიერ მიღებულ ნებისმიერ კომუნიკესა თუ დეკლარაციაში.  ასევე აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. აღნიშნული გადაწყვეტილება წლების მანძილზე მეორდება ნატო-ს ყველა ოფიციალურ დოკუმენტში“.

საექსპერტო წრეები კი ხელისუფლებას ამ მხრივ გააქტიურებას ურჩევენ. საქართველოს საგარეო საქმეთა ექს–მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ხსენებული კონცეფცია შესაბამისი ქართული სტრუქურების მხრიდან განხილვის საგანი უნდა გახდეს და თუ საჭირო იქნება, ქვეყანა არაორდინალურ ნაბიჯებზეც უნდა წავიდეს.

„ვფიქრობ, იმისათვის, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნის რეალიზაცია მოხდეს, საკმაოდ  არაორდინალურ ნაბიჯებზეც უნდა წავიდეთ, მათ შორის – ამგვარზე, თუკი დავინახავთ, რომ ეს რეალური შედეგის მომტანია. რამდენად განხორციელებადია ეს გეგმა? – ამის მტკიცება გამიჭირდება, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს არარეალისტურია. საკმარისად რეალისტურად მეჩვენება და ეს ოფცია არ უნდა დავკარგოთ, არ უნდა დავივიწყოთ. გასაგებია, რომ ეს არ არის ადვილად მისაღები. აბსოლუტურად სწორი იყო ყოფილი გენმდივნის განცხადება, როცა ბრძანა, „ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოსო“. ვფიქრობ, არავის აქვს უფლება, ისეთ მტკივნეულ საკითხს შეეხოს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის თემა. ბუნებრივია, რომ აქ საზოგადოების ძალიან სერიოზული მხარდაჭერა იქნება საჭირო“, – განაცხადა „აქცენტთან“ საუბრისას მენაღარიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ინიციატივა, რომელიც ლუკ კოფიმ გააჟღერა, პირველად საქართველოში დაიბადა:

„პირველად ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ერთ–ერთ ღონისძიებაზე მოვისმინე.  ეს გახლავთ ქართული მხარის წარმომადგენლების მიერ  შექმნილ სიტუაციაში გამოსავლის ძიების პროცესის პროდუქტი. შემდეგ ბატონმა კოფიმ ეს წინადადება სერიოზულად გაიაზრა და ჩათვალა, რომ მისი გამოყენების პერსპექტივების თვალსაზრისით გარკვეული რეზიუმე არსებობს. მას ამ წინადადებაზე სამწუხაროდ, ქოქოლა აყარეს რიგმა ქართველებმა, – ჩვენ ცოტა გვიჭირს ხოლმე პარტნიორის მოსმენა, – ერთი ხმაური ატყდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სრულიად უსაფუძვლოდ“.

კითხვაზე, მისი ინფორმაციით, ხომ არ მუშაობს მთავრობა კოფის მიერ გაჟღერებული კონცეფციის მიმართულებით, მენაღარიშვილმა შემდეგი განაცხადა:

„როგორც ვიცი, ამის მსგავსი ჯერ–ჯერობით არაფერი ხდება. რაიმე მინიშნება იმაზე, რომ აღნიშნული საკითხი ვინმესთან კონსულტაციის თემა ყოფილიყო და ა.შ., სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უცნობია“.

უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, მიმდინარეობს თუ არა ამ კონცეფციაზე მუშაობა ხელისუფლებაში, თუმცა მიაჩნია, რომ მუშაობა აუცილებელია. ამასთან, მისი აზრით, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან ამაზე ღია, საჯარო განცხადებების კეთება არ უნდა მოხდეს.

“ამაზე ღიად საუბარი არ არის მიზანშეწონილი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს ცრუ მოლოდინი (გვაქხსოვს, ბუქარესტის სამიტის შემდეგ საზოგადოებას დარჩა ცრუ მოლოდინი და დიდი იყო იმედგაცრუება); მეორე: პოტენციური მოდელის შემუშავებაზე განცხადების საჯარო სივრცეში გამოტანას აუცილებლად მოჰყვება ხელის შეშლის მცდელობა იმ სახელმწიფოების მხრიდან, რომელთაც ჩვენი ნატო–ში გაწევრიანება არ სურთ. ამგვარად, ძალზე მნიშვნელოვანია, მიმდინარეობდეს მუშაობა, რათა როცა ჩვენც და ალიანსიც მზად ვიქნებით წევრობისთვის, უკვე შემუშავებული მოდელები დავდოთ მაგიდაზე“ – განუცხადა “აქცენტს” გობრონიძემ. 

http://accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.