“ნაწამებია ნატანჯია და ამის გამო აჭიანურებენ…ველოდები, თუ არადა არცერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის”

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ხელისუფლების პასუხს ელოდება. ყოფილი სამხედროს ახლობლები ოკუპირებული ცხინვალიდან ცხედრის უმოკლეს დროში გადმოსვენებას ითხოვენ და შინაგან საქმეთა მინისტრს 48 საათიან ვადას აძლევენ. არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა გზას ისევ გადაკეტავს და არცერთ რუსულნომერიან მანქანას არ გაატარებენ.

ოჯახი ამბობს, რომ ოკუპირებული რეჟიმი ცხედრის გადმოცემას გამიზნულად აჭიანურებს.

,,იმათთან მოლაპარაკება ძალიან რთულია, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია, რომ მოხდეს დროულად გადმოსვენება.

ნაწამებია ნატანჯია და ამის გამო აჭიანურებენ, რომ ეს არ გახმაურდეს, რომ წამებით მოკლეს ჩემი შვილი,“-ამბობს გიორგი ტატუნაშვილი.

მისივე თქმით, ამ დრომდე კავშირი ვერ ხერხდება ტატუნაშვილთან ერთად გატაცებულ ორ თანასოფლელთან. თუმცა გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მან იცის, როგორ დააკავეს მისი შვილი.

,,ხელბორკილები დაადეს. დაბორკილმა გაუწია წინააღმდეგობა. ფიზიკურად ძლიერი იყო არ ემორჩილებოდა და მოკლეს. ჩემი ერთადერთი ნატვრა ისღაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს როგორც წესია.

ველოდები, თუ არადა არცერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის,“-ამბობს ტატუნაშვილი.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.