ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად პროკურატურამ ტყუილი გამოიყენა – ანა ნაცვლიშვილის სკანდალური განცხადება

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად პროკურატურამ ტყუილი გამოიყენა – სკანდალურ ინფორმაციას “დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს” ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი ავრცელებს. დოკუმენტი, რომელზეც ნაცვლიშვილი საუბრობს, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა და მის საფუძველზე მოითხოვა, რომ დეპუტატებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარე და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი 4-გვერდიანი დოკუმენტის შინაარსით და ფორმით გაოგნებულია. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი საბუთის გაგზავნა მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, სულ მცირე, ინსტიტუციონალური შეურაცხყოფაა.

სამართლებრივი დასაბუთების გარდა, გენერალური პროკურორის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ანა ნაცვლიშვილმა ფაქტების გაყალბებაც აღმოაჩინა. ნიკა მელიას დაპატიმრების დასადასტურებლად თადუმაძის მიერ შედგენილ საბუთში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მაგალითებია მოყვანილი. ანა ნაცვლიშვილმა 4-ვე პრეცედენტი შეისწავლა და სრული პასუხისმგებლობით ამტკიცებს, რომ ერთი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს, დანარჩენი სამი კი სრულიად განსხვავებულ საქმეებს ეხება და ნიკა მელიას საქმესთან არანაირი ანალოგი არ გააჩნია.

მმართველი გუნდის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აღიარებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა საბუთი შევიდა პარლამენტში გენერალური პროკურორისგან და რა დოკუმენტის საფუძველზე მისცა ხმა საკუთარი კოლეგის დაჭერას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ეს საბუთი არც კი განუხილავს, რადგან იურისტი არ არის და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

ის, რომ დეპუტატების უმრავლესობა პროკურატურის მეირ გაგზავნილ საბუთს არც კი იცნობს, ამაში აქამდეც დარწმუნებული იყო ნიკა მელიას ადვოკატი. უფლებადამცველი ამბობს, რომ ანა ნაცვლიშვილის მიერ გამოკვლეული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის პოლიტიკურ შინაარსს.

პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე საუბრობს „ევროპული საქართველო“. ოპოზიციური ფრაქცია ბრალის გაუმართაობაზე ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ ამახვილებდა, როდესაც პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა.

ნიკა მელიას გამოძიება 20 ივნისის ღამეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და მომიტინგეების წაქეზებაში ადანაშაულებს. მას სწორედ პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით, სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს და, თითქმის, ერთი თვეა, შინა პატიმრობაში იმყოფება. თუმცა პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას ნიკა მელია არ აპირებს. 

ავტორი: ეკა გაგუა

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.