ოკუპირებულ აფხაზეთი შეიძლება რუსული ტელეარხების გარეშე დარჩეს

2019 ზაფხულისთვის რუსეთში სრულდება ტელემაუწყებლობის ციფრულ ფორმატზე გადასვლის პროცესი, პარალელურად კი ხდება ანალოგური სიგნალის გათიშვა.

ქვეყნის მთავრობამ უკვე აამოქმედა 3-ეტაპიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს ოლქების და რეგიონების თანდათანობით გადაყვანას ახალ რეჟიმზე, რაც 3 აპრილს დასრულდება – ამ დღის შემდეგ რუსეთის უკლებლივ ყველა რეგიონი გადავა ციფრულ ფორმატზე.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამან მოულოდნელი და ახალი პრობლემა შექმნა – თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მოქმედებს მხოლოდ ანალოგური ტელევიზია, ციფრულ ფორმატზე გადასვლისთვის არ არსებობს არც კონკრეტული გეგმა და არც ამისთვის აუცილებელი საკმაოდ სერიოზული სახსრები.

ოკუპირებული აფხაზეთის „მასობრივი კომუნიკაციების და კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსის“ ლაშა შამბას თქმით, ეს არ ნიშნავს რესპუბლიკაში რუსული არხების მაუწყებლობის დაუყოვნებლივ გათიშვას – დრო ჯერ კიდევ არის.

„ჩვენ ჯერ არ ვაყენებთ საკითხს ისე, რომ საერთოდ ვერ ვუყურებთ რუსულ არხებს. ეს თანდათანობითი პროცესია და სანამ იქნება თუნდაც 1 ანალოგური გადამცემი, ეს სისტემა იმუშავებს. ასე გაგრძელდება ნახევარი წელი, შეიძლება 1 ან 2 წელიც. ასე რომ, არ შეიძლება ასე კატეგორიულად საკითხის დაყენება – ხვალ ტელევიზიები გაითიშება და ყველაფერი დამთავრდება,“ – განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, „სამმართველოს“ აქვს რესპუბლიკის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის პროექტი, თუმცა ფინანსირების არარსებობის გამო, ის ჯერ არ განიხილება პრაქტიკულ ჭრილში.

„დასაყენებელია თანამედროვე ციფრული გადამცემები, რომლებიც იმუშავებენ ციფრულ და არა ანალოგურ ფორმატში. ჩვენ უკვე გვაქს შესაბამისი პროექტი, თუმცა ეს საკითხი ჯერ არაა ასახული ბიუჯეტში, შესაბამისად, დაფინანსების არარსებობის გამო, ჩვენ ჯერ არა ვართ ამისთვის მზად,“ – ამბობს ლაშა შამბა.

რუსული არხების რეტრანსლაციის შესაძლებლობის საკითხები განიხილებოდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, თუმცა „მთავრობის მეთაურმა“ თათბირის დასრულების შემდეგ არ თქვა არაფერი კონკრეტული – მისი კომენტარი ამ თემაზე იყო ზოგადი და ბუნდოვანი.

შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არაა,და რუსული არხების ციფრულ ფორმატში აფხაზეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის საკითხი ჯერ გაურკვეველი რჩება.

“Эхо Кавказа”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.