“ოცნება” შეშინდა და დაფრთხა? – „სიტუაცია ისე დამძიმდა, საქმეში მანანა არჩვაძე-გამსახურდია ჩართეს“

მერის არჩევნებამდე 4 დღით ადრე სამეგრელოში  ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირება მწვავდება. 15 მაისს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა  მოითხოვეს, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ გია დანელიას უფლებამოსილება შეუწყდეს. 

მოთხოვნის საფუძველი კი  „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერია, რომლის მიხედვით, დანელია საუბრობს არჩევნებში მმართველი პარტიის გასამარჯვებლად მოქალაქეთა დაშინების და მოსყიდვის შესაძლებლობაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ შესაბამისი განცხადების დასარეგისტრირებლად საკრებულოს შენობაში შესულიყვნენ მედიასთან ერთად, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებსა და საკრებულოს თანამშრომლებთან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს ხელმძღვანელები  განცხადების დარეგისტრირებისთვის ხელისშეშლაში დაადანაშაულეს. 

ამ მოვლენების პარალელურად, ზუგდიდში მანანა არჩვაზე-გამსახურდია გამოჩნდა.   საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე  ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს შეხვდა და მოუწოდა, რომ  ხმა ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვს არ მისცენ. 

“ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის… საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში, ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა, მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი,“ – განაცხადა მანანა არჩვაძემ. 

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ის, რაც ახლა ზუგდიდში ხდება, აბსურდის თეატრია. მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დანაშაულშია მხილებული და არსებობს ამის ამსახველი კადრებიც, ამის მიუხედავად ის არ დაკითხულა.

„საკრებულოს  შენობაში მუშაობს მოძალადე დანელია, დანაშაულში მხილებული თქვენ გახსოვთ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიო ჩანაწერი, რომელიც არ უარყო მაჩალიკაშვილმა და თქვა, რომ გამწარებული შვილმოკლული მამის საუბარი იყო და დაკითხვებზე დაჰყავთ. ეს დანელია კი დაკითხვაზეც კი არ არის დაბარებული, რომელიც არის მომართული, რომ ადამიანები გაიტაცონ არჩევნების დღეს,” – აცხადებს ნიკა მელია. 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი მუნიციპალიტეტის შენობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ბესიკ ჭეჟია აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ხელოვნურად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რადგან იციან რომ მათ კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. ხალხს მიეცეს საშუალება თავისუფლად გამოავლინოს ნება ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ, მაგრამ  შეიძლება ვიღაცეები ფიქრობენ, რომ შანსი არ აქვთ ამ არჩევნებში და ცდილობენ ესკალაციას რაღაც პროცესებისა რომელიც არ წაადგება ქალაქს. ეს ქვეყანა ეკუთვნის ყველას, ოპოზიციას და პოზიციას და ყველა ვალდებულია დაიცვას ის თამაშის წევრები რაც არის მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“-განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

ზუგდიდში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს არასაპარლამენტო ოპოზიცია და პოლიტოლოგები „რეზონანსთან“ აფასებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედება შეშინებულის  ტაქტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

„რულოვსს ზუგდიდში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ამიტომ ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუ ის წააგებს, ამას დომინოს პრინციპი ექნება.   ყველანაირად ეცდებიან, რომ ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენელმა გაიმარჯვოს. თუმცა  იმას, რასაც ახლა ჩვენ სამეგრელოში  ვუყურებთ, თუ 2020 წლის არჩევნების რეპეტიციაა, მაშინ ამ მეთოდებით ის საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოიგებს.  თუ მმართველი გუნდი  აპირებს, რომ ეს მეთოდები ხელწერად გაიხადოს 2020 წლისთვის, ეს უკვე ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს,“ – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.  

„ხელისუფლების აღვირახსნილი კამპანია“ – ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანი ნინო გოგუაძე  ზუგდიდში მომხდარ ძალადობას და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.  მისი აზრით, ხელისუფლება   პანიკაშია ჩავარდნილი და  იყენებს ყველა მეთოდს იმისთვის რომ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დაამარცხოს.

„ხელისუფლებამ რომელმაც ვერ შეასრულა ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც  არ გააჩნია არანაირი გეგმა თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ხალხი სიღარიბიდან ყველაფერს აკეთებს ხელისუფლების, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. იგი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა უკანონო ბერკეტს. ადამიანების ცემა-ტყეპას, მოსყიდვას და არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას. ეს არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება, რომელსაც არაფრად არ უღირს ქვეყნის სტაბილურობა,“-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.

“რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.