“ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველოს სახელმწიფო ვალი გაორმაგდა – 2013 წელი – 9,3 მილიარდი ლარი – 2019 წელი – 19,98 მილიარდი ლარი

2019 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2019 წელს მთავრობა 1,686,050,000 ლარის მოცულობის საგარეო და 500,000,000 ლარის მოცულობის შიდა ვალის აღებას გეგმავს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ახალი გვირაბებისა და გზების) აშენებას მოხმარდება, თუმცა ამ ახალი ვალის აღების შედეგად, საქართველოს მთავრობის მთლიანი ვალდებულებების ნაშთი 19,980,955,788 ლარს მიაღწევს, რაც 114.5%-ით მეტია იმაზე, რაც საქართველოს 2013 წელს ჰქონდა. 

2019 წლის განმავლობაში ვალის მომსახურებაზე 1,831,813,957 ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი, აქედან – 1,133,004,614 ლარი საგარეოს, 698,809,343 ლარი კი, საშინაო ვალის მომსახურებას მოხმარდება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 44.5%-ს შეადგენს. ვალის ნიშნული უკვე აჭარბებს “ოცნების” ხელისუფლების მიერ 2014 წელს მიღებულ სტრატეგიულ დოკუმენტ “საქართველო 2020”-ში განსაზღვრულ 40%-იან ლიმიტს. 

წლების მიხედვით სახელმწიფო ვალი ასე იცვლებოდა: 

  • 2013 წელი – 9,3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%; 
  • 2014 წელი – 10,4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%; 
  • 2015 წელი – 13,1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4%; 
  • 2016 წელი – 15,1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4%; 
  • 2017 წელი – 16,9 მილიარი ლარი, მშპ-ის 44.6%; 
  • 2018 წელი – 18,5 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.5%; 
  • 2019 წელი – 19,98 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.5%. 

საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-თან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება. 

19,980,955,788 ლარის გარდა, საქართველოს სახელმწიფოს სხვა ვალებიც აქვს, ეს პირველ რიგში, სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების (გაზის და ნავთობის კორპორაცია, რკინიგზა და ასე შემდეგ) ვალებია, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მოსამსახურებელი არაა, თუმცა მათ მომსახურებას ქვეყნის საბიუჯეტო პროცესზეც შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს. 

სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებები 2019 წლის მდგომარეობით, 4,499,658,637 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ჯამური ვალი 24,480,614,425 ლარია. 

bm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.