პანიკა კახეთის სოფელში, სადაც ერთი ოჯახის 4 წევრი მოკლეს – ახალი დეტალები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ხალხი პანიკაშია. სოფელში ყველა დარწმუნებულია, რომ ოთხმაგი მკვლელობა, რომელზეც 85 წლის კაცია დაკავებული, მას არ ჩაუდენია. სინამდვილეში ეს მისმა შვილმა გააკეთა, ყოფილმა სპეცრაზმელმა, რომელიც მიმალვაშია, უთხრა “მთელ კვირას” რამდენიმე ადგილობრივმა, რომლებიც კატეგორიულად ითხოვენ, რომ მათი ვინაობა არ გავამხილოთ.

ამბობენ, რომ დაკავებულის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ახლა მიმალვაშია და ვერ პოულობენ, შესაბამისად, შიშობენ, რომ შეუძლია ნებისმიერ გაუსწორდეს. მითუმეტეს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი არ დაინდო, მათ შორის დედა და ძმა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ომარ გამყრელიძე ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ მკვლელობების ჩადენას და ის საკუთარ შვილს ხელს აფარებს. 

საქმის ირგვლივ კითხვები ექსპერტიზის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი,  გეკოს თოფია ამოღებული, ხოლო ავტომატი ადგილზე ვერ ნახეს.  

რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს ბრალდებულის მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ მას ამ საქმესთან შესაძლოა შეხება ჰქონდეს, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით. საუბარია ბრალდებულის 51 წლის შვილზე, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია და ის შემთხვევის შემდეგ არავის უნახავს. არც ძმის დაკრძალვაზე გამოჩნდა და არც საავადმყოფოში დაჭრილ დედას მიაკითხა. დაკავებულია მისი შვილი, ნოდარ გამყრელიძე, რომელსაც იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან. 

რა მოხდა რეალურად სოფელ ყანდაურაში,  ადგილობრივებმა შოკიდან გამოსვლის შემდეგ გარკვეული დეტალების გახსენება დიაწყეს. ისინი  „მთელ კვირასთან“ ამბობენ, რომ სროლის დროს, სავარაუდოდ, მოხუცი ოთახში ცოლის საწოლთან უნდა ყოფილიყო. თავად მოხუცი სასამართლოზე ამბობს, რომ როდესაც მის 76 წლის ცოლს ელზა გამყრელიძეს ესროლეს, ის ხმაურზე ოთახში შევიდა და დანის პირით ცოლისთვის კრიჭის გახსნას ცდილობდა, ცოლს არ მოშორებია და 4 ადამიანის დახოცვას ვერ შეძლებდა.  მეზობლები ამბობენ, რომ მოხუცის ხელში იარაღი არასდროს უნახავთ. 

დაკავებული მოხუცი ამბობს, რომ ისიც კი არ იცოდა, რომ მისი შვილი, რძალი და მეზობლები გარდაცვლილები იყვნენ. ამტკიცებს, რომ იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა, მას არ ეკუთვნის და მან სროლაც კი არ იცის. 

“ეს უბედურება რომ მოხდა, ცოლთან ოთახში ვიყავი და მის გადარჩენას ვცდილობდი. ნეტავ გადარჩეს და ყველაფერი თქვას.  პოლიცია რომ მოვიდა, ვერც კი მივხვდი რა მოხდა.  ოთახში შემოცვივდნენ და დამიჭირეს. ვიკითხე, რატომ მიჭერთ-მეთქი, არავინ არაფერი მითხრა. სოფელში რომ ჩამატარეს, ხალხი ქვებს მესროდა და მკვლელოო, მეძახდნენ. არც კი ვიცოდი, რომ ჩემს ეზოში 4 მკვდარი იყო. მინდა გამიშვან სოფელში, ვნახო ის ადამიანები ვინც ამბობენ, რომ მე იარაღით მნახეს და ვისროდი“, – განაცხადა ომარ გამყრელიძემ სასამართლოზე. 

მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრი ფრიდონ გამყრელიძე მოხუცს თავდაპირველად ცოლ-შვილის დახოცვაში ბრალს დებდა. თუმცა ახლა ის მოვლენებს სრულიად სხვაგვარად იხსენებს და ომარ გამყრელიძის ბრალში ეჭვი ეპარება. ამბობს, რომ როცა მან შემთხვევამდე მოხუცი ცოლის საწოლთან მჯდომარე ნახა, საეჭვო არაფერი  შეუმჩნევია. ამბობს, საეჭვოა, რომ მისი გამოსვლიდან ასეთ მოკლე დროში მოხუცს იარაღების აღება, ჩასაფრება და მათი დახოცვა მოესწრო. 

კრიმინალისტი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლოს სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა ჩიხლაძე “მთელ კვირასთან” ამბობს, რომ ამ მკვლელობის ირგვლივ ბევრი კითხვა გაჩნდა, რაც საქმეში ჩაუხედავი სპეციალისტისთვისაც ადვილად შესამჩნევია.

ფიქრობს, რომ ყველა ამ კითხვას პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს და გამოძიების მიერ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება და 85 წლის მოხუცის ერთადერთ დამნაშავედ გამოცხადება, მსუბუქად რომ ითქვას, არაპროფესინალიზმზე მეტყევლებს. 

ვარაუდობს, რომ ასეთი მკვლელობა ამ ფიზიკური მონაცემების მოხუცს რეალურად უნდა გასჭირვებოდა. ასევე,  ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვლილებს ჭრილობები ორი იარაღიდან აქვთ მიყენებყლი, ერთი კალაშნიკოვიდან და მეორე გეკოდან.  ავტომატი კი ნაპოვნი არ არის. 

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კითხვა მოხუცის შესაძლებლობაზე და მის გამოცდილებაზე ჩნდება.  რამდენად არის ის ფიზიკურად ძლიერი, რომ ორი იარაღიდან ასე მოკლე დროში სროლა განეხორციელებინა. ანუ ორი იარაღი დაეკავებინა და ასე ესროლა ან შენაცვლებით. ახლა რაც შეეხება ავტომატს, საინტერესოა სად არის ეს იარაღი, საიდანაც გარდაცვლილებს უფრო მეტი ჭრილობა აქვთ მიყენებული.

რა თქმა უნდა, ასევე საინტერესოა მოხუცის  ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე რამდენად შეძლებდა ავტომატის სროლას, მითუმეტეს ვინც ერკევვა იარაღებში, იცის, რომ  მას სროლისას ძლიერი დარტყმა აქვს. ანუ ძალაა საჭირო იმისთვის, რომ ავტომატის ლულა მაღლა აწიო და ასეთი სიხშირის სროლა დაიწყო. თანაც იმოძრაო და ეზოში გაქცეულებს დაუმიზნო. როგორც ამბობენ, დაკავებულმა, სავარაუდოდ,  შვილი და რძალი ეზოში დახოცა. თუმცა ის, რომ მოხუცია და ავტომატს ვერ გაისვრიდა, არ არის მთავარი არგუმენტი, მაგალითად პაპაჩემი 102 წლის  იყო და იარაღს მშვენივრად ისროდა. თუმცა რაც კადრები ვნახე, დაკავებულს სიარულიც კი უჭირს. არ არის გამორიცხული, რომ მოხუცი გეკოდან ისროდა და ავტომატიდან სხვა. მას შესაძლოა თანამზრახველი ჰყავდეს. გამოძიებამ ამაზე უნდა იმუშავოს. ასევე ანაბეჭდები, არის თუ არა გეკოს ტიპის იარაღზე?  დაკავებული მოხუცი შემოწმდა? მას ჰქონდა დენთის კავლი ხელზე? ეს ისეთი საქმეა მისი გაყალბება ვერ გამოვა“, – აცხადებს კრიმინალისტი „მთელ კვირასთან“. 

ექსპერტ-ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზა ყველა ბუნდოვან კითხვას პასუხს გასცემს და უფრო მეტიც,  შესაძლოა გამოძიების ვერსია საერთოდ თავდაყირა დააყენოს. ბალისტიკოსი ამბობს, რომ პირველ რიგში გასარკვევია სად გაქრა ავტომატი, საიდანაც გარდაცვლილებს ჭრილობები აქვთ მიყენებული. ამოღებული მასრებით ექსპერტიზა ძალიან ადვილად დაადგენს, საიდან და რა დისტანციიდან ისროდა დამნაშავე. ასევე სროლის დროს გადაადგილდებოდა თუ არა ის და კალაშნიკოვი ჰქონდა თუ არა ავტომატურ რეჟიმზე დაყენებული. 

რაც შეეხება მოხუცის უდანაშაულობას და მის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს, ექსპერტი აცხადებს, რომ პირველ რიგში გასათვალსიწინებელია, საერთოდ იცოდა თუ არა და ოდესმე თუ ჰქონია იარაღებთან შეხება. წარმოუდგენელია, ერთ ხელში გეკო გეჭიროს და მეორე ხელში ავტომატი და ასეთ უწყვეტ რეჟიმში ისროდე. მითუმეტეს მოხუცის ფიზიკური მონაცემებია გასათვალისწინებელი. თუ მან გარდაცვლილებს შორის  დისტანციიდან ჩასაფრებით ესროლა და არა მიბჯენით, მაშინ მას მხედველობა რამდენად აძლევს ამის საშუალებას, დასადგენია.  

„პირვეელ რიგში საინტერესოა რა იქნა ავტომატი. ანუ მისი გაუჩინარება გვაძლევს უკვე ეჭვის საფუძველს, რომ მოხუცს მინიმუმ თანამზრახველი ჰყვადა, რომელიც ავტომატიდან ისროდა. რაც შეეხება გეკოს ტიპის იარაღს, სოფელში ძირითადად არის ხოლმე შემორჩენილი ისეთი მოდელის, რომელიც მხოლოდ ერთხელ ისვრის და მას შემდეგ ისევ გადატენა სჭირდება. 

გამოძიება და ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს რა დისტანციიდან ისროდა მკვლელი, სად იჯდა ან იდგა და თუ მოძრაობდა. მაგალითად კალაშნიკოვი შეგიძლია ავტომატურ რეჟიმზე დააყენო და ერთი გასროლით ე.წ. აბოიმა დახარჯო. თუ სროლა ოთახში იქნება, ბევრი ადამიანის დახოცვა  ერთროულად შესაძლებელი. თუმცა,  აქ რაც მოხდა ეს არის ღია სივრცეში ნასროლი, მკვლელობები ეზოშია ჩადენილი.  

ასევე, ნატყვიარებით დისტანციის დადგენაა შესაძლებელი. ძალიან მარტივი გასარკვევია მოხუცი მართლა დმნაშავეა თუ არა. გარდაცვლილების ჭრილობების მიხედვით  შესაძლებელია დადგენა რამდენად ისროდა მკვლელი გამიზნულად და არა ბრმად. ანუ არის თუ არა ეს ისეთი ადამიანის ჩადენილი, რომელმაც სროლა კარგად იცის და დამიზნებით ისვრის, თუ უბრალოდ უმისამართო სროლის შედეგად მოხვედრილი ტყვიებია. ასევე ანბეჭდები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული“, – აცხადებს ბალისტიკოსი „მთელ კვირასთან“. 

მისივე თქმით, მოხუცის ფიზიკური მონაცემები გასათვალსიწინებელია, თუმცა ყოფილი შემთხვევა, რომ ავტომტიდან 2 წლის ბავშვსაც უსვრია. ამიტომაც დასადგენია რა ტიპის კალაშნიკოვიდან ისროდა. 

ელზა პაპოშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.