პანკისელი 6 შვილის დედა: ბავშვისთვის ველოსიპედის ყიდვის გამო, სოცაგენტმა დაგვსაჯა, დახმარება მოგვიხსნეს

„აიპრესს“ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მცხოვრები 6 შვილის დედა მარიამ ქავთარაშვილი დაუკავშირდა, რომელიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარების აღდგენას ითხოვს.

6 შვილის დედა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურს გულგრილობაში ადანაშაულებს.

„მე 6 შვილის დედა ვარ, სოფელ დუისიდან. მე-6 შვილზე შევიტანე ახალი დეკლარაცია. შემამოწმეს, დამინიშნეს დახმარება და ხელის მოსაწერად იყო მოსასვლელად აგენტი.  არ მოვიდა და დააგვიანა, მივაკითხე ადგილობრივ სოციალურ სააგენტოს – რა ხდება, რატომ არ მოდიხართ-თქო… ის ხდება რომ შენ და შენმა დედამთილმა ბავშვს ველოსიპედი უყიდეთო… ვუპასუხე, ჩვენთან წესია, ბავშვს თუ ნათლავენ საჩუქარს ყიდულობენ და ამაზე თუ პრობლემა იქნებოდა გეთქვათ და არ უყიდიდი-თქო.

ჰო, შენ ეზოში ბალახის არ გქონდა მოთიბული… – ასე  მიპასუხეს. გავნერვიულდი და ვიკამათე ახმეტის სოციალური სააგენტოს უფროსთან და იქვე მიპასუხა, აი, ახლა როგორც ლაპარაკობ ზუსტად მასე გექნება საქმეო…

ორჯერ მივმართე თბილისში (დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.ავტ.) განცხადებით, შემდეგ ახმეტაში გზავნიან ამ განცხადებას, ესენი მე მიგზავნიდნენ – შენ არ გეკუთვნის დახმარება. რატომ არ მეკუთვნის?! როცა 3 მოწმე დავწერე განცხადებაში, დაუკავშირდით და ჰკითხეთ, ვცხოვრობ ადგილზე თუ არა. არცერთს  დაკავშირებიან და ხელი მოუწერიათ ფურცელზე, სადაც წერია, ადგილზე არ ცხოვრობენ, არაფერი სჭირთ დასახმარებელიო და ერთწლიან შეზღუდვაში გამიშვეს“, – აცხადებს მარიამ ქავთარაშვილი.

“აიპრესი” 6 შვილის დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციასთან დაკავშირებით და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ანი გოგოლაძეს დაუკავშირდა.

კითხვაზე,  რატომ მოუხსნეს 6 შვილიან ოჯახს დახმარება? ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს.

„ეს ქალბატონი ცხოვრობს დედამთილის ოჯახში. შემოწმდა დედამთილის ოჯახში, იქ მიუვიდა 10-ლარიანი დახმარება, მერე მოითხოვა გადამოწმება, ვითომ ცალკე ცხოვრობდა. სინამდვილეში არ ცხოვრობდა. მე თვითონ წავიყვანე ბავშვთა სოციალური ზრუნვის კუთხით სოციალური მუშაკი, უფროსი სოციალური აგენტი.

დამხვდა დედამთილის ოჯახში, მოგვატყუა დედამთილმა, რომ ვითომ მეზობლის ბავშვები იყვნენ. მერე ამ გოგომ გამოიხედა. ვკითხე ეს ვინ არის? მიპასუხა მეზობელი არისო. მერე მიპასუხა, უი ეს ჩემი რძალია, არ ვიცოდი აქ რომ იყოო.

სხვა დროსაც გავაგზავნე სოციალური აგენტი, ყოველდღიურად მიდიან, ხედავენ რომ ეს ოჯახი იმ სახლში არ ცხოვრობს –  იტყუება, რომ ცხოვრობს, სინამდვილეში კი  ცხოვრობს დედამთილის ოჯახში.

ანუ, იმის გამო, რომ საკუთარი სახლი არ აქვთ და დედამთილის ოჯახში ცხოვრობს ქულები არ ენიჭებათ?

როგორ არა. ქულები მიენიჭათ ბავშვებს. დედამთილი ბევრად უკეთესად ცხოვრობს. დეკლარაცია შეივსო, გადაიგზავნა და 10-ლარიანი დახმარება დაენიშნა ბავშვებს. ანუ, ჯერ დაენიშნა 10-ლარიანი დახმარება, რომ არ დააკმაყოფილა 10 ლარიანმა დახმარება მერე შემოიტანა განაცხადი, რომ ცხოვრობდა სხვა ოჯახში.

მივიდა აგენტი, ნახა რომ იქ არ ცხოვრობდა, გაუშვა კონტროლზე. უფროსი სოციალური აგენტი, ერთხელ მივიდა, ორჯერ მივიდა და გაიკითხა, რომ არ ცხოვრობდა და შეუწყვიტა.

დღეს ერთწლიანი ჯარიმა აქვს, ანუ ცრუ ინფორმაციისთვის ერთწლიანი ჯარიმა დაედოთ“- განაცხადა ანი გოგოლაძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, “აიპრესი” დაუკავშირდა 6 შვილის დედას, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია ასე განმარტა.

„ჩემი დედამთილი შორს არ ცხოვრობს. უკვე 8 საათი იყო, სარეცხი გავფინე, ტელევიზორი არ გვაქს სახლში, სხვა ელემენტარულ ტექნიკაზე არც ვლაპარაკობ…

გადმოვედით დედამთილთან, ვიფიქრეთ ტელევიზორს ვუყურებთ ცოტა ხანი. დაახლოებით 9 საათი იყო, მოვიდა სოციალური სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აგენტებით….

სახლში ისე შევედით დედამთილი არ გვინახავს, რადგან ეზოში მუშაობდა. იქ მოგვაკითხეს აგენტებმა, მაგრამ დედამთილმა უთხრა აქ არ მოსულან, სახლშიაო…

ამ ლაპარაკის დროს მე გამოვედი, ვიფიქრე რა ხდება ეზოში… აგენტებმა თქვეს, აგერ ხომ ყოფილა შენი რძალიო… ჩემმა დედამთილმა უთხრა, არ ვიცოდი, ეზოში ვიყავი სამუშაოდ გასულიო… მე ვუპასუხე 5 წუთიც არ არის რაც შემოვედი ტელევიზორის საყურებლად,  თუ სახლიდან გასვლა ღამის საათებში უნდა მეშინოდეს? დღისით ისედაც მეშენია სადმე გასვლის,  რადგან არ ვიცი როდის მომადგებით, რადგან მიზეზ ეძებთ-თქო…

მერე მითხრეს, შენთან გასაუბრება გვინდაო, ვუპასუხე, კი ბატონო, წავიდეთ სახლში თქო, მაგრამა არა, აქ ვისაუბროთო და ავედით ჩემი დედამთილის სახლის მე-2 სართულზე, როგორც კი შევედით სოცსააგენტოს სამსახურის უფროსი(მგონი ასეა) ბავშვებს ეკითხება, აბა საძინებელი სად გაქვთო. ბავშვებმა უპასუხეს, იქით სახლში გვაქვს, აქ ტელევიზორის საყურებლად ვართ მოსულიო.

მე მითხრეს, ბავშვებს რა სჭირდება და რა არ სჭირდება იმის გასარკვევად ვართ მოსულიო. ვიპასუხე, თუ ხართ, ხომ იცით ამ ბავშვებს რა სჭირდება, ერთხელ რატომ არავინ მოგვაქცია ყურადღება?

ხან სკოლაში რეკავენ, ხან საავადმყოფოში და კითხულობენ დედა როგორ ყურადღებას აქცევსო.

8 ადამიანი ვცხოვრობთ ერთად, მე, ჩემი მეუღლე და 6 შვილი. არანაირი შემოსავალი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ბავშვის 200 ლარს ვიღებ.

ჩემს შვილებს ფეხზე ჩასაცმელი არ აქვთ, წვიმის დროს სველი ფეხებით მოდიან ბავშვები.

სანამ მე-6 ბავშვს გავაჩენდი დახმარებას ვღებულობდი ბავშვზე 60 ლარს. თუ არ მეკუთვნოდა რატომ დამინიშნეს?!“

„აიპრესთან“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში აცხადებენ, „ოჯახი სარგებლობდა დახმარებით ყველა წევრზე მარტის თვემდე. მას შემდეგ რაც ოჯახში სამ თვეზე მეტ ხანს არ დაფიქსირდა მისამართზე შეუწყდათ სოციალური ფულადი დახმარება. მიმართვის, ან სხვა გარემოებების  საფუძველზე შესაძლებელია ოჯახის ხელმეორედ გადამოწმება და ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭება“.

ფოტოებზე ასახულია სახლი, სადაც ცხოვრობს 8 სულიანი ოჯახი.

ფოტო მოგვაწოდა მარიამ ქავთარაშვილმა.

სტატიის ავტორი ირმა მესხია.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.