პანკისის ხეობის “ფართო ავტონომია”: ცხინვალის პროგნოზი და პანკისელების პასუხი

პანკისი უახლოეს ხანებში ფართო ავტონომიის მოთხოვნით გამოვა, – თვლის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

ცნობისთვის: 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოხდა შეტაკება ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს შორის. ხეობაში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სპეცრაზმელები, დაზიანდა ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა და შსს–ს კუთვნილი მანქანები. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. 

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც პოლიციამ ხეობა დატოვა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ ჰესი არ აშენდება მანამ, სანამ მის მშენებლობას მხარს მოსახლეობის 90% არ დაუჭერს. 

ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

მედოევის აზრით, ბოლო დღეებში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები – ეს “არ იყო ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობის მხრიდან მარტო ბინადრობის არეალისა და ამ ტერიტორიის უნიკალური ეკოლოგიის დაცვის მცდელობა, – ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულადაა, – საქმე გვაქვს კომუნისტების დროიდან დაწყებული, ყველა ქართული მთავრობის უგუნური ნაციონალისტური პოლიტიკის შედეგთან”.

ეს პოლიტიკა საქართველოში ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში იქნა ლეგალიზებული, ედუარდ შევარდნაძის დროს მეტ-ნაკლები წარმატებით გრძელდებოდა,ხოლო მიხეილ სააკაშვილმა იგი სახელმწიფო პოლიტიკად აქცია. ამ პოლიტიკის ერთ-ერთ შედეგად 90-იან წლებში, გამსახურდიას პერიოდში მასობრივი ეთნიკური წმენდის გამო ამ ადგილებიდან ოსური მოსახლეობის გაქცევა იქცა, რამაც მთლიანად რეგიონში ეთნოეროვნული ბალანსის რღვევა გამოიწვია. მაშინ თბილისში ამის შესახებ არავინ ფიქრობდა, ეროვნული მოძრაობის ლოზუნგები “საქართველო – უპირველეს ყოვლისა” და “საქართველო ქართველებისთვის“ სტრატეგიულ აზროვნებაზე უფრო მნიშვნელოვნად ითვლებოდა… იგივე მოხდა ბორჯომის ხეობაში, სადაც 1990—1991 წ.წ. მრავალათასიანი ძირძველი ოსური მოსახლეობა ქართველმა ნეონაცისტებმა სახლებიდან გაყარეს. და მხოლოდ მეზობელი სომხეთის წყალობით მოხერხდა ბევრად უფრო მასშტაბური შედეგებისა და ჰუმანიტარული კატასროფის თავიდან აცილება», – ნათქვამია მედოევის დე ფაქტო საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში.

«არ გამიკვირდება, დემოკრატიის სულისა და კანონების შესაბამისა, აქ ლქის მაცხოვრებელთათვის ფართო ავტონომიის მინიჭების შესახებ ლოზუნგები გაჩნდეს. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია», – დასძენს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავს განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს პანკისის ხეობის მკვიდრი მუსა პანკისელი.

„ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადება მოვისმინეთ როგორც ე.წ. ექსპერტების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. მუშაობენ “ტროლებიც”, თითქოს რაც მოხდა – ეს რაღაც გაუგონარი უბედურება იყო. ბენზინის ფასის მომატების გამო საფრანგეთში ყოველ შაბათ–კვირასიმართებოდა მსგავსი აქციები და ეს  ვინმენ შეაფასა ისე, რომ ამ ხალხს ქვეყნის დაქცევა, სახელმწიფო გადატრიალება სურდა?! ჩვენთან კი ვისმენთ პანიკურ კომენტარებს, თითქოს “ქისტები ითხოვენ ავტონომიას”, “ხეობაში გარე ძალები მუშაობენ”, “დაუმორჩილებელირეგიონია”, “იქ კანონი არ მოქმედებს” და ათას მსგავს აღმაშფოთებელ სისულელეს… ჯერ ერთი, სტატისტიკა მაინც მოიშველიონ – აქ ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქეები ცხოვრობენ! მეორეც, დაასახელონ შემთხვევა, როდესაც პანკისელები გამოვიდნენ და მსგავსი განცხადებები გააკეთეს! როდის იყვნენ შემჩნეული ქისტები სეპარატისტულ განწყობებში?! ვინც ამ სისულელეებს ლაპარაკობს, – ვგულისხმობ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებლებსაც, სწორედ მათ ინტერესშია ეს! მტრები იქ არ უნდა ვეძებოთ, სადაც არ არიან.

მე თავიდანვე ვიყავი პროცესებში ჩართული და ვიცი, რა სახის შეცდომები იქნა დაშვებული. შესაძლოა, ჩვენც ბევრი გვქონდეს სათქმელი, ბევრი კრიტიკა, თუ როგორ წარიმართა პროცესები თუნდაც ხელისუფლების მხრიდან, თუმცა თავს ვიკავებთ. ორივე მხარემ ვიცით, ვინ სად დააშავა. უბრალოდ ახლა იმის დრო არაა, ერთმანეთისკენ გავიშვიროთ თითი! ერთმანეთს ეჭვის თვალით არ უნდა შევხედოთ. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვზარალდებით, ყველანი ვაგებთ, ხოლო თუ ვაშენებთ, ყველანი ერთად ვაშენებთ.

რაც შეეხება უშუალოდ აქციას, ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი, სიტუაცია ჩაწყნარდა და ინციდენტიც ამოიწურა. რაც მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ამას ადგილობრივი მოსახლეობაც განიცდის. მხოლოდ ის კადრი რად ღირდა, შეუძლოდ მყოფ სპეცრაზმელს აქციის მონაწილე ქისტები რომ უვლიან… ეს კადრი ყველაფერზე მეტყველებს. ბეწვის ხიდზე გავიარეთ. ახლა მთავარია, ხალხმა და ხელისუფლებამ უფრო წინდახედულად იმოქმედონ“ – განუცხადა “აქცენტს” მუსა პანკისელმა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.