პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35.5%–ით შემცირდა

დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 35.5 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 265 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი – 1 962 600 000 მლნ აშშ დოლარი.

გიგიტა თოდრაძე უცხოური ინვესტიციების შემცირების რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს, მათ შორის: მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება – ზარალის დაზუსტება საწარმოთა მხრიდან და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ნაკლებია როგორც 2017 წლის, ასევე 2016, 2015 და 2014 წლების მაჩვენებელზე. გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, 2018 წელს რეინვესტიციის მოცულობამ 437.2 მლნ აშშ დოლარი შადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს სამ უმსხვილეს ქვეყანას შორის აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და ბრიტანეთია. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 246.4 მლნ აშშ დოლარი (19.5 %), ნიდერლანდებიდან – 208.4 მლნ აშშ დოლარი (16.5%), ბრიტანეთიდან – 178.8 მლნ აშშ დოლარი (14.1%) შეადგინა. ინვესტორ ქვეყნებს შორის არიან, ასევე, აშშ (8.1%), ჩინეთი (6%), ჩეხეთი (5.9%), პანამა (5.9%), რუსეთი (5.5%), ლუქსემბურგი (4%), თურქეთი (3.9%).

2018 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 48 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 270.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 21.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 173.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 163.0 მლნ. აშშ დოლარით.

წყარო:accentnews

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.