პირველი ქართული ცივილიზაცია (ვიდეო)

3500-წლოვანი ჟამთააღწერის გადასახედიდან

ავტორი:ლაშა ხომერიკი
საქართველოს დაქუცმაცების, დანაწევრების და განადგურების მცდელობა ჩვენთვის არც მოულოდნელი იყო და არც ახალი, – თუკი ადრე ამას მიდიელები, სკვითები, ურარტუელები, რომაელები, ბიზანტიელები, არაბები, მონღოლები და სპარს-ოსმალოები ესწრაფოდნენ, ახლა ამგვარ მცდელობას რუსეთი ახორციელებს.უზარმაზარ იმპერიებს შორის მომწყვდეული საქართველო დამპყრობთა ყოველი შემოსევის შედეგად სისხლისგან იცლებოდა, შემდეგ კი სასწაულებრივად ფენიქსივით აღდგებოდა ხოლმე. დიახ, საქართველოს მრავალი დამპყრობი აწიოკებდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ რუსეთი ამ მხრივ მართლაც ყველაზე დაუნდობელია, რომელიც დღესაც ანალოგიურად ირჯება.
მაგალითად, ამ ბოლო დროს რუსული პროპაგანდა არა მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ამახინჯებს, არამედ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასაც, რაც ერთობ დამაფიქრებელია. გარდა ამისა, რუსი ვაი-ისტორიკოსები იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ თურმე აჭარლები, მეგრელები, სვანები, მესხები და რაჭველები არაქართველები არიან და თურმე არც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი. ამავე დროს, ოფიციალურმა მოსკოვმა საზღვარგარეთ დაბეჭდა საქართველოს რუკები, სადაც ჩვენი ქვეყანა რამდენიმე სახელმწიფოდაა დაყოფილი
საიდან იწყება ქართული ცივილიზაცია?

თუ საიდან იწყება ჩვენი სამშობლოს ჟამთააღწერა, ზუსტად ვერავინ იტყვის. ფაქტია, რომ ჩვენში აღმოჩენილი ისტორიული ექსპონატები თავადვე ღაღადებენ უძველესი ქართული კვალის შესახებ დედამიწაზე. ზემოაღნიშნულ კითხვაზე შეიძლება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს და თითოეულ მათგანს შესაბამისი და ანგარიშგასაწევი დასაბუთებაც ჰქონდეს. ასე მაგალითად, ერთნი შეიძლება თვლიდნენ, რომ ქართული ცივილიზაციის ისტორია უნდა დავიწყოთ იმ დროიდან, როდესაც შეიქმნა ერთიანი ქართული სახელმწიფო, საერთო ქართული კულტურითა და ეროვნული თვითშეგნებით. ე. ი. X საუკუნიდან, სხვებს ქართული ცივილიზაციის ისტორიის დასაწყისად შესაძლოა IV საუკუნე მიაჩნდეთ: იმ დროს გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა, რომელიც ჩვენი ეროვნული კულტურისა და თვითშეგნების მკვიდრი საფუძველი გახდა. ბევრიც შესაძლებლად თვლის, რომ ქართული ცივილიზაციის ათვლა უნდა დავიწყოთ იმ პერიოდიდან, რომელსაც ,,ქართლის ცხოვრებაში” ასახული ე.წ. საშუალო საუკუნეების ქართული კონცეფცია გვთავაზობს, – მეფე ფარნავაზიდან (ძვ. წ. IV ს.), სწორედ იმ დროს ერთიანობის საფუძვლად ქართული ენა გამოცხადდა და ,,არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლისა შინა თვინიერ ქართულისა”.

პირველი ევროპელის სამშობლო

არსში წვდომისთვის უპრიანია დავბრუნდეთ უკან, ვიდრე ადამიანი მითების შეთხზვას დაიწყებდა და კაცობრიობის ისტორიაზე წერილობით ცნობებს მოგვაწვდიდა, მივმართოთ არქეოლოგიას, – მეცნიერების დარგს, რომელიც საზოგადოების განვითარების ეტაპებს ნივთიერი მონაცემების სახით გვაწვდის.

როდის მოვიდა ადამიანი კავკასიის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე? ქართველ არქეოლოგთა უახლესმა აღმოჩენებმა, რომელიც უდიდეს აღმოჩენათა რიცხვს მიაკუთვნეს და აღიარებულია საერთაშორისო კომისიის მიერ, დაადასტურა, რომ ევრაზიის კონტინენტზე ადამიანი პირველად საქართველოში დასახლდა, აქ დაიწყო ჩამოყალიბება-განვითარება და განსახლება ევროპის ტერიტორიაზე; დმანისის მიდამოებში აღმოჩენილი ქალისა და კაცის თავის ქალები, მილიონ ორასი ათასი წლით უსწრებს ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში აღმოჩენილი ექსპონატების ასაკს.

დიაოხი – პირველი დიდი ქართული გაერთიანება

ქართველურ ტომთა სახელმწიფოდაა აღიარებული სამხრეთ ამიერკავკასიაში ძვ. წ. XII-VII საუკუნეებში არსებული მძლავრი პოლიტიკური გაერთიანება დიაოხი (შემდგომში ტაო), რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა წინა აზიის მძლავრ სახელმწიფოთა, – ასურეთისა და ურარტუს შემოტევებს. ჩვ. წ. აღ-მდე II ათასწლეულის განმავლობაში ქართველური ტომების უშუალო მეზობლები სამხრეთით იყვნენ უძველესი ცივილიზაციის ხალხები – ხეთები, მითანელები, უფრო გვიან ასურელები, ურარტუელები… ქართველური ტომების შესახებ პირველი ცნობები ამ ხალხების ლურსმულ (სოლისებურ) წარწერებში ჩნდება, საიდანაც ვგებულობთ, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ-მდე XIII საუკუნეში ქართველი ტომების ნაწილი (მესხები) ამიერკავკასიიდან შორს, წინა აზიაში გაჭრილან და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იქაური ქვეყნების ცხოვრებაში. იყო ბრძოლები, მაგრამ იყო მშვიდობიანი თანაცხოვრებაც, რომლის დროსაც წინა აზიის ხალხები და ქართველი ტომები ეცნობოდნენ და ითვისებდნენ ერთმანეთის კულტურულ მიღწევებს.

კოლხეთი – მეორე დიდი ქართული გაერთიანება

შედარებით კარგად ვიცნობთ ჩვენ ერთ-ერთი ძირითადი ქართული ეთნოსის – კოლხების სახელმწიფოებრივ გაერთიანებას, რომელსაც უკვე ახასიათებს ცივილიზაციის ძირითადი ნიშნები. ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში კოლხურმა ტომებმა დღევანდელი საქართველოს მიწა-წყალზე შექმნეს მაღალგანვითარებადი ბრინჯაოს კულტურა, რომელიც სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში კოლხური კულტურის სახელითაა ცნობილი.
ძველი ბერძნული სამყარო კარგად რომ იცნობდა კოლხეთს, ამაზე ნათლად მეტყველებს უძველესი ბერძნული მითოლოგია, კერძოდ, არგონავტების მოგზაურობა. თქმულებაში ასახულია კოლხეთის (საქართველოს) სამეფოს სიძლიერე, მიწათმოქმედებისა და ფოლადის გამოდნობის ტექნოლოგიის მქონე უძველესი კულტურა. არქეოლოგიური მონაცემებით ჩვენ ვიცით, რომ მეორე ათასწლეულში საქართველოს სამხრეთ მთიანეთში მცხოვრები ხალხები კარგად ფლობდნენ რკინის დამუშავების ტექნიკას. სწორედ ქართულიდან არის შესული ბერძნულ ენაში ტერმინი ,,ხალიფს”, რაც ლითონს ნიშნავს. მეცნიერთა გაანგარიშებით, არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში, მართლაც ისტორიული ფაქტია და უნდა მომხდარიყო 1350-1180 წლებს შორის (ჩვენს წელთაღრიცხვამდე).

საქართველოზე წერდნენ

საქართველოს იცნობდნენ და მის შესახებ წერდნენ პტოლმეუსი, პროკოფი კესარიელი, აგათია, პლატონი, არისტოტელე, პლინიუსი, სტრაბონი და მრავალი სხვა. მათი აზრით, ქართველები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ქართველური ტომები ,,მოსოს” და ,,თუბალი” მოიხსენიება ბიბლიაში, როგორც იაფეტის შვილები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქართული ენა წარმოიშვა კაცობრიობის საერთო წინარე ერიდან, რომელიც შემდგომში გავრცელდა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით.

საამაყო მემკვიდრეობა

ძველი ქართული ცივილიზაციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მემკვიდრეობა ქართული დამწერლობაა. მსოფლიოში ათასობით ხალხი და ეთნოსია, ყველას თავისი ენა აქვს, მაგრამ დამწერლობა მხოლოდ თოთხმეტია. ერთი მათგანი ქართული დამწერლობაა. იგი სრულყოფილი და ორიგინალური სისტემაა, რომლის ლექსიკა და ფონეტიკური შესაძლებლობანი საშუალებას იძლევა წარმოითქვას ყველა სიტყვა და ბგერა, რაც კი ადამიანს შეუძლია გადმოსცეს.

ქართული ენა, თითქოს, განცალკევებით დგას მსოფლიოს ენათა კლასიფიკაციიდან და ქმნის იბერიულ-კავკასიურ ენათა ცალკე ჯგუფს. რევაზ პატარიძის დამაჯერებელი გამოკვლევით, ქართული დამწერლობა (ასომთავრული), შექმნილია დაახლოებით ძვ. წ. 403-284 წლებში, რაც რვა-ცხრა საუკუნით სწევს უკან უსაფუძვლო, ხელოვნურად შექმნილ ლეგენდას მისი გვიანდელი წარმოშობის შესახებ. ამავე დასკვნამდე მიდის მრავალი ევროპელი მეცნიერიც.

მაინც რატომ გამოსცემს ოფიციალური მოსკოვი ანტიქართულ რუკას, სადაც ჩვენი ქვეყანა დანაწევრებულია რამდენიმე ქვეყნად?

ისტორიული სინამდვილე

დავიწყოთ აჭარით, რადგან რუსეთის მიერ გამოცემულ რუკაში აჭარა ცალკე სახელმწიფოდაა მოხსენიებული.

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციაა. ისტორიულ-გეოგრაფიულად იგი ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში აჭარა მოხსენიებულია როგორც ,,აჭარის ქვეყანა”, ,,აჭარის ხევი” ან აჭარის ხეობა”. ისტორიულად აჭარა დასახლებული იყო ქართველური ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფით – აჭარლებით, მოიცავდა აჭარისწყლის ხეობას, ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავამდე. ,,აჭარის ხევი” ორ ძირითად ნაწილად იყოფა – ზემო აჭარად ანუ ზეგნად და ქვემო აჭარად. აჭარისწყლის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა. ზემო აჭარის ცენტრი იყო ძველად დიდი აჭარა, შუა საუკუნეებში – ხიხანი; მოგვიანებით – ხულა; ქვემო აჭარისა – სოფელი ქედა.

ლეონტი მროველის ცნობით ძვ. წ. III და II ნახევარში აჭარა ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. მომდევნო ხანაშიც იგი ქართლის სამეფოს ნაწილი იყო. რაც შეეხება საქართველოს განუყოფელ მხარეებს – აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამჯერად ამის შესახებ არ ვისაუბრებთ, ვინაიდან ამ თემაზე ადრეც არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება.

ქართველი ხალხის წარმოშობის საკითხი

ქართველი ხალხი, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ხალხი, ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. ამ პროცესისადმი თვალის გადევნება შეიძლება ტომებისა და ტომთა კავშირების წარმოქმნის დროიდან. ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მოსახლე სხვადასხვა ტომი, რომელთა ნაწილი ერთმანეთის მონათესავე და საერთო წარმომავლობისა იყო, ხოლო ნაწილი სხვადასხვა დროს მოსული და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაში ასიმილებური.
საერთო წარმომავლობის ქართველი ტომებიდან დღეს შეიძლება დავასახელოთ ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანები. ერთი საერთო რასიდან მომდინარე ეს ტომები, გარკვეულ დროს და გარკვეული პირობების გამო, ერთმანეთს დაშორდნენ.
საერთო ქართველური ფუძე-ენიდან (წინარექართველურიდან), ყველაზე ადრე (ჩვ. წ. აღ-მდე II ათასწლეულის დასაწყისში), გამოიყო სვანური. უფრო გვიან ერთმანეთს გაეთიშა და ცალ-ცალკე განვითარდა ქართული და მეგრულ-ჭანური ენები. ამრიგად, ასეთი განცალკევებული განვითარებისა და სხვა ენების გავლენის შედეგად, ეს ქართველური ენები ერთმანეთს დაშორდა და დამოუკიდებელ სალაპარაკო ენებად ჩამოყალიბდა.
ქართლის ძველი სამეფოს წარმოქმნის დროიდან, მის ფარგლებში მოექცა დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილიც, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს მოსახლეობის ერთმანეთთან კვლავ დაახლოებას და ერთ ხალხად ჩამოყალიბებას. ამ პროცესში პოლიტიკურ-კულტურული ჰეგემონობა ქართლს ეკუთვნოდა, ამიტომაც საერთო ენის ფუნქციას ქართული ასრულებდა.
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქართული ცივილიზაცია ხანგრძლივი განვითარების პროდუქტია. მისი ცალკეული ელემენტები ისახებოდა ჯერ კიდევ საერთო ქართულ დონეზე. მისი ძირითადი ქართული ტომების (სვანები, მეგრელ-ჭანები, ქართები, მესხები) პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წიაღში იქმნებოდა სტრუქტურები, რომელთა ერთ ორგანიზმად გაერთიანებამ შექმნა ქართული ცივილიზაცია – ქართული სახელმწიფო ქართული ენით. ასე რომ, რაც უნდა დეზინფორმაცია ავრცელონ რუსმა პოლიტიკოსებმა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და რანაირი ანტიქართული რუკებიც არ უნდა გამოუშვან, ფაქტები იმაზე ღაღადებენ, რომ ჩვენს სამშობლოს უაღრესად მდიდარი ტრადიცია და 3500-წლოვანი მატიანე გააჩნია.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.