პირველი ღვინის მუზეუმი საქართველოში, რომელსაც ქვევრის ფორმა ექნება

„ამ ეტაპზე ჩვენ  გვაქვს პროექტი, რომელიც საქართველოს სახე უნდა გახდეს, ქვეყანაში რეალურად ღვინის მუზეუმი არ არსებობს, ამიტომ ეს პროექტი საქართველოს სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად ღვინის მუზეუმის პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა განუცხადა.

მუზეუმს „ქვევრი“ ერქმევა და მისი განთავსების ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია, რადგან ამისათვის თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებია საჭირო. თუმცა, ძირითად ლოკაციებად რიყის პარკი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და მცხეთა განიხილება.

მისივე თქმით, ღვინის მუზეუმი არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც საინტერესო იქნება. პროექტის მშენებლობაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ის 800 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინსტალაციები განთავსდება. პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი ,ღვინის სალონი და მაღაზია. მეორე სართულზე მასტერ-კლასების სივრცე, ქართული პროდუქტი, სუვენირები და კაფე. ხოლო მეოთხე სართულზე რესტორანი აუთენტური და ტრადიციული სამზარეულოთი განთავსდება.

სივრცეს ქვევრის ფორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა მისცა, რომელმაც ღვინის მუზეუმის პროექტი რამდენიმე წლის წინ შექმნა.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მაია ჩადუნელი აცხადებს, აღნიშნული პროექტი კერძო წამოწყებაა, თუმცა რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარება საჭიროა. ამ ეტაპზე თანხის 50%-ი მოძიებულია, ხოლო დარჩენილი 50%-ი მოსაძიებელი. მუზეუმის შემქმნელები ბიზნესმენებთან კონსულტაციებსაც აპირებენ და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ პროექტის მეწილე უცხოელი ინვესტორი გახდეს.

რაც შეეხება მშენებლობის დასრულებას და სტურმების მიღებას როგორც მაია ჩადუნელი განმარტავს, 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა ამისათვის მერიის მხრიდან აქტიური თანამშრომლობაა საჭირო. ასევე, მერიასთან თანამშრომლობის შედეგად გადაწყდება ის თუ სად აშენდება ღვინის მუზეუმი.

„ჩვენ მოვიაზრებთ რიყის პარკს, თბილისის ზღვას ან მცხეთას, თუმცა ამისათვის დედაქალაქის მერთან შეხვედრა გვსურს, რათა პროექტის განხორციელება თბილისში  შევძლოთ, კახა კალაძე დიდი მონდომებით შეუდგა დედაქალაქის განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაგვიჭერს ამ უნიკალური პროექტის განხორციელებაში,“- განაცხადა ჩადუნელმა.

შეგახსენებთ, რომ ღვინის მუზეუმის კუს ტბაზე გახსნის ინიციატივით რამდენიმე წლის წინ ამჟამინდელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოდიოდა, თუმცა აღნიშნული პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.