პრემიერმა ბიუჯეტიდან 7 მილიონი მისცა საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას, რომლის უკან, სავარაუდოდ, ღარიბაშვილი და მისი სიმამრი დგანან

მამუკა ბახტაძის ხელმოწერილი ბრძანება ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. პრემიერმა ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი მისცა კომპანიას, რომელმაც მანამადე ხალხის რამდენიმე მილიონი ლარი გაფლანგა. უხარისხო პროექტების უკან კომპანია „ბილდინგ დეველოპერი“ დგას. ის სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობს, დიდ თანხებს იღებს, თუმცა პროექტებს ან უხარისხოდ ასრულებს, ან ვერ ამთავრებს. ბოლოს მას 7 მილიონი ლარი გადაურიცხეს, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით.

ოპოზიცია უკვე რამდენიმე თვეა, „ბილდინგ დეველოპერის“ საქმიანობის სწავლობს და ამბობს, რომ ამ კომპანიის უკან ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი დგანან. „ბილდინგ დეველოპერისთვის“ ტენდერების გარეშე მიცემული მილიონები დროში ემთხვევა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას.

კომპანია „ბილდინგ დეველოპერის“ მფლობელის, ალექსი სიხუაშვილის დედა “კურიერს” უდასტურებს, რომ მისი შვილის კომპანიას პრობლემები ჰქონდა და სამუშაოებს ვერ ასრულებდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

23 აპრილს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გამოსცა განკარგულება და გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ტენდერის გარეშე 7 მილიონი ლარით ახალი გაზსადენის ქსელის მშენებლობის ნებართვა მისცა. ამ სახელმწიფო კომპანიამ კი სამუშაოების შესრულება სწორედ ირაკლი ღარიბაშვილთან კავშირში მყოფ კომპანიას დაუკვეთა.

„ბილდინგ დეველოპერმა“ სახელმწიფოსაგან მიღებული 7 მილიონი ლარით სამუშაოები ორ რაიონში უნდა შეასრულოს. დაბა ჩხოროწყუში გაზი 5 მილიონ 829 968 ლარად უნდა გაიყვანოს, ზუგდიდში სოფელ ოქტომბერში, დავითიანში, დიდ ნეძსა და კახათში კი კომპანია გაზს 1 მილიონ 218 222 ლარად შეიყვანს. მათ შორის გაზი უნდა გაიყვანოს სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა და მოქალაქეებს გზას, გაზს და წყალს დაპირდა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხალხის ჯიბიდან აღებული ფული ახლაც სამშენებლო კომპანიის გავლით ისევ ჩინოვნიკების ჯიბეში ხვდება.

საეჭვო ხარჯთაღრიცხვა და ბუნდოვანი გარიგებების გარდა „ბილდინგ დეველოპერის“ მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც არაერთ დასკვნაში წერდა. 

„ბილდინგ დეველოპერის“ მიერ ჩავარდნილი პროექტების შესახებ „კურიერის“ არქივში არაერთი სიუჟეტი ინახება 

ავტორი: ანა წერეთელი

“rustavi2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.