პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა – “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა ახლდეს დადგენილებას. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი აღნიშნული ხეების მოჭრა. ჩამონათვალში ძალიან ბევრი მუხაა, მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ მათ შორის არის ძელქვაც, რაც ყველაზე ძვირფასია საქართველოში,“ – ასე აფასებს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძეპრემიერის განკარგულებას, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიაზე  „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ხის მოჭრის ნებართვას იძლევა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას “ასოციაცია ატუს” ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სახელმწიფო “წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება მიეცა. 

2019 წლის 17 მაისს ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ “ასოციაცია ატუ” ქუთაისის მიმდებარედ 387,512 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე “წითელი ნუსხით” დაცულ შემდეგ ხეებს მოჭრის: 

იმერული მუხა – 60 ხე; 


ძელქვა – 49 ხე. 

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ასოციაცია ატუმ მოჭრილი მერქანი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე უნდა დაასაწყობოს. 

ამ თემასთან დაკავშირებით ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ მურღულიამ სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა:

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტის ფარგლებში, ხეების მოჭრის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია: 

• ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სახით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება, რომლის საბოლოო მიზანია არა მარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის ფარგლებში უმსხვილესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბის შექმნა.

 
• ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური ტიპის პროექტების განხორციელება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს – მათ შორის, ხეების გარემოდან ამოღების ნებართვის გაცემა, ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ძირითადი ნაწილი ტყის ზონისგან დაშორებით მიმდინარეობს, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენც დავდექით გარკვეული რაოდენობის, მეტწილად გამხმარი ხეების ამოღების აუცილებლობის წინაშე; ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ გარდა კანონით გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი საკომპენსაციო ღონისძიებებისა, პროექტის პირველივე დღიდან, თავად ინვესტორის ინიციატივა იყო ეკოსისტემის რეაბილიტაცია და ინტენსიური გამწვანება, რადგან სადერივაციო არხის გაჟონვა წლების მანძილზე იწვევდა ტყის მასიურ ხმობას. შესაბამისად, ამ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია – ამ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება! 

• ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის მასშტაბური პროექტის განხორციელებით, ქუთაისში ისტორიული მნიშვნელობის საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება, რასაც როგორც ქალაქის მოსახლეობა, ისე მთელი ქვეყანა, საკუთარ თავზე იგრძნობს. ამ ფონზე, ყოვლად გაუგებარია დღეს იმ ადამიანების რეაქცია, რომელთაც, ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას, როდესაც საკომპენსაციო ზომებზე საუბარიც კი არ იყო, ხოლო გარემოზე გავლენა შეუდარებლად მეტი, მსგავსი პრეტენზია არ გამოუხატავთ.

მეტი დეტალის გასარკვევად „კომერსანტი“ თემურ მურღულიას დაუკავშირდა:

 ბატონო თემურ, ჩვენ ვესაუბრეთ ნინო ჩხობაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ თითოეულ ხეზე უნდა არსებობდეს დასკვნა, ხომ არ ექვემდებარებოდა ესა თუ ის ხე გადარგვას/გადარჩენას. თქვენ ხომ არ იცით, ვიდრე მოჭრის განკარგულებას გასცემდა პრემიერი, მომზადდა თუ არა წინასწარ დასკვნა ხეების მდგომარეობასთან დაკავშირებით? 

– ამისთვის არსებობს ტერმინი ტაქსაცია, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია სატყეო საქმეში, რომელიც ყველა კონკრეტული ხის აღრიცხვას აკეთებს და ეს გადაეცემა სატყეო სააგენტოს, ისინი ანალიზს უკეთებენ ამას. შემდეგ საკითხს გადის გარემოს ზედამხედველობის სამსახური და ეს ყველაფერი რომ ჩამოყალიბდება,  შემდეგ ხდება საკომპენსაციო ღონისძიებების დადგენა . ისე კი არ ყოფილა, რომ ჩვენ მივმართეთ მთავრობას მოჭრაზე, ტაში დაუკრეს და მიიღეს გადაწყვეტილება. ეს დასკვნა, რა თქმა უნდა, არსებობს. 

– თქვენ თუ გაქვთ ეს დასკვნა და თუ შეგიძლიათ, რომ მოგვაწოდოთ?

– დასკვნა მე არ მაქვს, სატყეო სააგენტოს უნდა მიმართოთ. გარდა ამისა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ და ვიხილავთ საკომპენსაციო ღონისძიებებს, ისინი ამის საფუძველზე გვიდგენენ იმ თანხას, რომელსაც საკომპენსაციო ღონისძიებებისთვის ვიხდით. ეს საკომპენსაციო ღონისძიებები სხვა არაფერია თუ არა ახალი ხეების დარგვა გარემოდან ამოღებულის ნაცვლად. 

თუმცა, ამით ჩვენ ვერ შემოვიფარგლებოდით. 5 ხეს რომ ამოიღებთ გარემოდან, 5 ხის დარგვით ამას ვერ აანაზღაურებ, იქ გამწვანება უნდა იყოს რელევანტური, უნივერსიტეტის დონის. ამიტომ შედარება არ არის იმ ხეების რაოდენობის, რომელიც უნდა დაირგოს ამ ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფარგლებში. 

 ეს ახალი ხეები ანალოგიურად წითელ ნუსხაში შეტანილი ხის ჯიშები იქნება თუ სხვა?

რა თქმა უნდა, იქნება საკომპენსაციო სიაში როგორც წითელი ნუსხის, ასევე სხვა ჯიშები. ალბათ, ქალბატონი ნინო დამეთანხმება, როდესაც ეს საკომპენსაციო მოდელი შეიქმნა, ეს არ გულისხმობდა, რომ დავუშვათ, თუ ამა თუ იმ წერტილში ძელქვას ამოიღებ, იმის გვერდით დარგო ახალი ძელქვა. ამ საკომპენსაციო ღონისძიებებს განიხილავენ სპეციალისტები კომპლექსურ რეჟიმში. საღორიის ტყეს ხეები არ დააკლდება, მხოლოდ მოემატება. 

– თქვენ ადასტურებთ იმას, რომ თითოეული ხე შემოწმდა და არც ერთი ხის გადარჩენა არ შეიძლებოდა?

ყველა ხის მდგომარეობა იქნა შესწავლილი და საკომოპენსაციო ღონისძიებები განისაზღვრა – გადარჩენა და არ გადარჩენა ასეთი საკითხი არ დგას . ყველგან, სადაც ხდება ხეების გადარგვა და გადარჩენა, ამ ხეებს რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ან კულტურული, ან ისტორიული, ან ეკოლოგიური დატვირთვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ნინო იმას არ იტყოდა, რომ აბსოლუტურად ყველა ხე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გადარგვას ექვემდებარება, არამგონია. 

წითელ ნუსხაში შეტანილი ხეებიც ექვემდებარება საკომპენსაციო ღონისძიებებს. ელექტროენერგიითაც ვინც სარგებლობს იზიარებს იმ პოზიციას, რომ გარემოზე რაღაც გავლენა არის და ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გავლენა, მთავარია მერე ამის კომპენსირება მოხდეს. 

მარიამ მორგოშია

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.