პუტინის საგარეო პოლიტიკის შედეგები: მანია სსრ კავშირის აღდგენის მიზნით – ურთიერთობა საქართველოსთან

The New Times – Новое время-ის სტატიაში, რომლის ავტორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე, კრიტიკული პოზიციითაა გაანალიზებული ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის სამვადიან პერიოდში მომხდარი მოვლენები და მათი დამახასიათებელი მიზნები, რომელთაგან ყველაზე მთავარია ვლადიმერ პუტინის მანია საბჭოთა კავშირის დროინდელი ძლიერებისა და ტერიტორიის აღდგენის თაობაზე. მასალაში საქართველოს შესახებაც არის თვალსაზრისი გამოთქმული.

გთავაზობთ ამონარიდს:

„ვლადიმერ პუტინის მეორე ვადით პრეზიდენტობისას განსაკუთრებით გამოირჩევა უკრაინასთან მომხდარი ჩავარდნა, როცა მოსკოვის კაცმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, პროდასავლელმა ვიქტორ იუშენკომ კი გაიმარჯვა. ეს მოხდა „ნარინჯის რევოლუციის“ შედეგად. კარზე 2005 წლის იანვარი იდგა. მანამდე კი, 2003 წლის ნოემბერში, საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მიმდინარეობდა, რომლის შედეგად ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, „რუსეთთან შეუთანხმებელ“ მიხეილ სააკაშვილს ირჩევენ. მასთან დაწყებული მოლაპარაკების მცდელობა იმ მიზნით, რომ ნახევრად დამოუკიდებელი აჭარა თბილისის კონტროლქვეშ დაბრუნდეს, სამაგიეროდ კი იგი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საბოლოო ჩამოშორებას დათანხმდეს, წარუმატებლად მთავრდება. რუსეთში, კრემლის წაქეზებით, ანტიქართულმა უგუნურმა კამპანიამ იფეთქა (რომელიც დღევანდელ ანტიუკრაინულის წინამძღვრად უნდა მივიჩნიოთ).

ანტიქართულ კამპანიას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა, რომელიც საქართველომ, ბუნებრივია, წააგო: აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას აცხადებენ, რომელსაც რუსეთი იმავწუთს აღიარებს. ბევრისთვის გასაკვირად, სუვერენული სახელმწიფოს – საქართველოს დანაწილება რუსეთს შერჩა. ალბათ, სწორედ 2008 წელს, როცა ვლადიმერ პუტინმა საქართველოზე იოლად გაიმარჯვა, დაუსჯელობით აღტაცებული რუსეთის ხელისუფლება მენტალურად მომწიფდა „უკრაინის მიმართულებისათვის“, ანუ  იმისათვის, რაც 2014 წელს მოხდა, უკვე პრეზიდენტობის მესამე ვადაში –  ყირიმის ანექსია და ომი დონბასში“, – წერს გიორგი კუნაძე.

სტატიაში ნეგატიურადაა შეფასებული რუსეთის ანტიუკრაინული პოლიტიკა (ყირიმის მიერთება, სეპარატიზმის წაქეზება-მხარდაჭერა ლუგანსკ-დონეცკის ოლქების რუსულენოვან მოსახლეობაში, მოსკოვის დესტრუქციული როლი მინსკის მოლაპარაკებაში.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ასევე უარყოფითად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო მოქმედებას სირიაში და ქვეყნის მილიტარიზებას:

„რუსეთის ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტის მიმართვაში მთავარი აქცენტი შეიარარების ახალ ნიმუშებზეა გაკეთებული. ამით ვლადიმერ პუტინი დასავლეთს სიგნალს უგზავნის: „ადრე არ გვისმენდით და აინუნშიც არ გვაგდებდით, ახლა კი ყველამ ისმინეთ – თუ ჩვენს დაკრულზე არ იცეკვებთ, ყველას მტვრად გაქცევთ. ანუ ჩვენც დავიღუპებით, მაგრამ თქვენც თან წაგიყოლებთ“. ვლადიმერ პუტინის ასეთი მიდგომა სასაცილოცაა და სატირელიც. შეიძლება ითქვას, რომ მსგავს აგრესიულ რიტორიკას საბჭოთა გენმდივნებიც კი გაურბოდნენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ghn.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.