”პუტინის ჯინაზე, ეწვიეთ საქართველოს”- CNN-ი მოგზაურებს საქართველოში სტუმრობას ურჩევს

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს CNN-ი ეხმაურება და მოგზაურებს “პუტინის ჯინაზე” საქართველოში ვიზიტს ურჩევს. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, საქართველოს მოგზაურების სტუმრობა სჭირდება.

„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მოყვარულებო, დამსვენებლებო, სანაპირო დასვენების მოყვარულებო, რომანტიკოსებო, ისტორიკოსებო, თუ ვინმე ეძებთ თავგადასავალს, თქვენ საქართველოს სჭირდებით. ახლა სწორედ ის დროა, რომ შავი ზღვის ეს პატარა ერი იხილოთ, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს. ისინი კი, ვინც უკვე იყვნენ, დროა ქვეყანაში დაბრუნდნენ“,-წერს CNN-ი.

როგორც მედია აღნიშნავს, გასულ კვირას თბილისში რუსი პოლიტიკოსის ვიზიტის შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 8 ივლისს საქართველოს მიმართულებით ავიაგადაზიდვები აკრძალა და სხვადასხვა სახის შეზღუდვები დააწესა.

„თბილისში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ, პუტინი ცდილობს, დასაჯოს და გაამარცხოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებიან“,-წერს მედია.
CNN-ის ცნობით, საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. მედია 20-21 ივნისის მოვლენებსაც იხსენებს და დასძენს, რომ საპროტესტო აქცია და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში მშობლიურ ენაზე ისაუბრა. რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, თუ პუტინი თავის მიზანს მიაღწევს, საქართველოს ეკონომიკა 300 მილიონ დოლარამდე დაკარგავს.
„რატომ აკეთებს პუტინი ამას? ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ის შეშინებულია, რომ რუსები საქართველოში საპროტესტო აქციებს იხილავენ და იგივეს გააკეთებენ. მეორეც, პუტინს სურს, რუსმა ხალხმა ჩათვალოს, რომ მიმდინარე კვირებში გამართული საპროტესტო აქცია რუსოფობიური დემონსტრაცია იყო (პრორუსული მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ საპროტესტო აქციები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ძირს უთხრის).
მაგრამ პუტინის ქმედებების გამო ამ ქვეყნის 20% რუსეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული. სიმართლე რთულია, მაგრამ გასაგებად ძნელი არ არის:
ქართველებს საკუთარი ქვეყნის უკან დაბრუნება სურთ. მათ სურთ სტუმრებს ეს გაუზიარონ, რადგან ისინი ამ მიწით ამაყობენ.
საქართველოს ოკუპაციის ისტორია მტკივნეული, მამაცი და ხანდახან მწარეა. მაგრამ ეს არის ის, რაზეც ქართველი ხალხი დღეს გამოხატვის თავისუფლების წყალობით ღია დებატებს მართავს. ეს თავისუფლება პუტინს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე ნებისმიერი ჯარი“,-იუწყება CNN-ი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.