რადიო თავისუფლების პრეზიდენტი: მუდმივად ვამოწმებთ, რა გავლენა აქვს ჩვენს პროდუქტს

რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) პრეზიდენტმა თომას კენტმა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაგზავნილ წერილს უპასუხა, რომელიც რთე/რთ-ის ქართული ოფისის მომავალს ეხებოდა. კენტი წერს, რომ ორგანიზაცია მუდმივად ამოწმებს, რა გავლენა აქვს მათ პროდუქტს საზოგადოებაზე და ქართულ ოფისში დაგეგმილ რეფორმებს სწორედ ამას უკავშირებს.

“როგორც სხვა მედია ორგანიზაციები, რთე/რთ მუდმივად ამოწმებს თავის მედია პროდუქტს, განვიხილავთ ჩვენს გავლენასა და სტრატეგიებს იმ ღირებულებების გასაძლიერებლად, რომელსაც ჩვენი აუდიტორიისთვის ვქმნით. ჩვენი მოვალეობაა, რომ ჩვენს აუდიტორიას რეპორტინგის უმაღლესი სტანდარტი ვაჩვენოთ, გამოვიყენოთ ახალი ჟურნალისტური შესაძლებლობები და ყურადღებით ვხარჯოთ ბიუჯეტი.

შესაბამისად, თვეების განმავლობაში შიდა დისკუსიებისა და ანალიზის შემდეგ, უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტების შენარჩუნებით, რითიც ცნობილია რთე/რთ, გადავწყვიტეთ, გავზარდოთ ჩვენი გავლენა საქართველოში. ამაში უპირველეს ყოვლისა ციფრული პლატფორმების სწრაფად ათვისება იგულისხმება, მაგრამ ამასთან, გვინდა, შევქმნათ ახალი კონტენტი და ჟურნალისტური შესაძლებლობები. “ეხო კავკაზა” ისევ გააგრძელებს არსებობას, როგორც ამ ოფისის განუყრელი ელემენტი, იგივე ეხება გიორგი [გოგი] გვახარიას გადაცემასაც. ჩვენ დავიწყეთ ახალი გადაცემა “პერსპექტივები” აჭარის ტელევიზიაზე და სალომე ასათიანის გადაცემა აღდგება, როდესაც ამის რესურსი გვექნება. ჩვენი ყველა პროექტით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჟურნალისტურ ერთიანობას შევმატოთ ღირებულება და არ დავაყენოთ რისკის ქვეშ. ეს ჩვენი ნიშაა.

თქვენი წერილი ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ოფისი საქართველოში. ჩვენ ამას საჯარო ნდობად მივიღებთ. თქვენ დაწერეთ, რომ ქართული ოფისი დღის წესრიგის განმსაზღვრელი და მაღალი სტანდარტების მქონეა. ჩვენ მოწოდებულები ვართ დაბალანსებული, მიუკერძოებელი და ინოვაციური ჟურნალისტიკისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რთე/რთ და მისი ქართული ოფისი გააგრძელებს თქვენი ძვირფასი მხარდაჭერის მოპოვებას”, – წერია პრეზიდენტის წერილში.

ამასთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობით, რთე/რთ-ის ვიცეპრეზიდენტი ნენად პეჯიკი საქართველოში ჩამოდის.

1 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიასთან ერთად რადიო თავისუფლების ცენტრალურ ოფისს წერილი გაუგზავნეს, სადაც მიმართეს თხოვნით, რომ მათ გაევრცელებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ გაათავისუფლეს რადიო თავისუფლების ქართული ოფისის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე დაინტერესებულები იყვნენ გოგი გვახარიასა და სალომე ასათიანის გადაცემების სამომავლო ბედითაც.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.