რაზე ესაუბრა ტუსკი ივანიშვილს დახურულ კარს მიღმა

„მაშინ, როდესაც ევროკავშირში ხელმძღვანელობა იცვლება, სასურველი იქნებოდა, რომ აღნიშნული ღონისძიება მოგვიანებით გამართულიყო”

„მაშინ, როდესაც ევროკავშირში ხელმძღვანელობა იცვლება, სასურველი იქნებოდა, რომ აღნიშნული ღონისძიება მოგვიანებით გამართულიყო. ღონისძიების ნოემბერში ჩატარება უკეთესი იქნებოდა, რადგან აქტლუალური თემების განხილვა ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელებთან მოხდებოდა. ვეროპის ახალ ხელმძღვანელობის ხედვა საქართველოს ხელისუფლებისთვის კი უცნობია” – აცხადებს „რეზონანსთან” ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ საუბრისას.

12 ივლისს ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის, „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივების” დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.

რა მთავარი გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა, რა მიზნით შეხვდნენ ერთმანეთს ტუსკი და ივანიშვილი და ზოგადად, რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი მათ შორის დახურულ კარს მიღმა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, „რეზონანსი” ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტუსკი ევროპაში გავლენიანი ფიგურაა, მას წლის ბოლოს დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს. მისი თქმით, თავად ტუსკმა მოინდომა ამ ფორმატში მომხდარიყო საქართველოში ვიზიტი და ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრა.

„დონალდ ტუსკისთვის თავდაპირველად სხვა ტიპის პროგრამა იყო დადებული, მაგრამ თავად მოისურვა, რომ შეხვედროდა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში გადაწყვეტილებებს რეალურად იღებენ და ხელთ უპყრიათ მართვის სადავეები. ამიტომაც, ტუსკი შეხვდა სხვა ლიდერებს, რომ რეალური ინფორმაცია მოეღო იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება და ა.შ.

„დონალდ ტუსკი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ევროპაში გავლენიანია, მაგრამ ის უკვე წარმავალი პოლიტიკოსია და წლის ბოლოს მას შეცვლის მისი მემკვიდრე ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, თუმცა, ვიდრე ის დღეს ევროსაბჭოში მოქმედი პრეზიდენტია, სურს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რეალური ინფორმაცია მიიღოს, რეალური წყაროებისგან და არა მეორადი თუ მესამე ხელისგან. მისთვის ეს შეხვედრები ამიტომაც იყო ორგანიზებული,” – აღნიშნა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ მაისაიამ დონალდ ტუსკს საქართველოში ვიზიტი „გედების ტბას” შეადარა. მისი თქმით, ტუსკს უფლებამოსილების ვადა ეწურება, შესაბამისად, ევროპის საბჭო ახალი შემადგენლობით წლის ბოლოს უნდა სწვეოდა.

„დონალდ ტუსკის ჩამოსვლა გედების ტბის ვიზიტის მსგავსია, რადგან ის ევროკავშირში მაღალი თანამდებობის პირი აღარ იქნება, თუმცა, ევროკავშირის პოლიტიკურ ინტერესებს მაინც გამოხატავს.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირში ხელმძღვანელობა იცვლება, სასურველი იქნებოდა, რომ აღნიშნული ღონისძიება მოგვიანებით გამართულიყო. დიდი განსხვავება არ იქნებოდა ივლისში ჩატარდებოდა, თუ ნოემბერში. ღონისძიების შემდეგ ჩატარება უკეთესი იქნებოდა, რადგან აქტუალური თემების განხილვა ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელებთან მოხდებოდა,” – ამბობს მაისაია.

ბათუმში გამართულ კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და სხვებმა.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სტუმრობდნენ ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები: პოლონეთიდან, შვედეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, სერბეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, მოლდოვიდან, ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ივანიშვილისა და ტუსკის შეხვედრის შესახებ საუბრისას, ანჯაფარიძე აცხადებს, რომ მსჯელობის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ვითარება და მისი გადაჭრის გზები იქნებოდა.

„ტუსკმა მთავარი გზავნილები საჯარო გამოსვლაში გაახმაურა და მისი გზავნილების მთავარი შინაარსი და პათოსი იყო, რომ საქართველოში უნდა შეწყდეს პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოებრივი ჯგუფების პოლარიზება. საუბარი შეიძლება ყოფილიყო იმ საკითხებზეც, რაც დღეს ევროპას რეალურად აინტერესებს და რაც მათი შეშფოთების საგანს წამოაგდენს.

„როდესაც აშკარა ჭიდილი მიდის იმის თაობაზე, თუ ვინ მოიპოვებს გავლენის ბერკეტებს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ რუსეთი თავისი რბილი ძალის გავლენას აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში აძლიერებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც შედარებით წინ არიან წაწეული ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით.

„ევროკავშირის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ არ მისცენ საშაულება, აღმოსავლეთ პარტიორობის პროგრამის ქვეყნები ამოვარდნენ ამ პროგრამიდან და რუსეთის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. საუბარი იქნებოდა იმაზეც, საქართველოს რა გარანტიები მიეცემა, რომ მისი პროევროპული კურსი არ შეიცვლება,” – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვახტანგ მაისაია კი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გარდა, საუბარი შეეხებოდა რუსეთის აგრესიასა და ევროკავშირთან მიახლოების პერსპექტივებს.

„მთავარი მესიჯი სავარაუდოდ იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებია. ეს არის ევროკავშირის მიდგომები საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. დონალდ ტუსკი შეხვდა მმართველი გუნდს, რომელსაც კონსტიტუციით უპირატესობა გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი კი პარტიის თავმჯდომარეა, პირი, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სწორედ ამიტომაც მონაწილეობს მასში.

„ეს არაფერია იმ შეცდომებთან შედარებით, რა შეცდომებიც ჩვენ ხელისუფლებას აქამდე დაუშვია, თუმცა სწორედ მათთან მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობა შემდეგი წლების განმავლობაში და არა დონალდ ტუსკთან, რომლიც ამ თანამდებობიდან უკვე მიდის. გამოდის, რომ ვეროპის ახალ ხელმძღვანელობის ხედვა საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია.

„სავარაუდოდ, ევროკავშირის ეს ხედვები ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც შენარჩუნდება. ამ კონფერენციაზე საუბარი იქნებოდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე. საქართველოში არსებული ვითარება არ არის მარტივი და ევროკავშირის ხელისუფლებას სჭირდება სიცხადე, რომ ყველაფერში გაერკვეს. “საუბრის თემა იქნებოდა ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს საქართველოში არსებობს. იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყნის შიგნითაა და რომლის გადაჭრაც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყნის პერსპექტივები უფრო ცხადი და ნათელი გახდეს.

„ამასთანავე, საუბარი ალბათ შეეხო რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში და მის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ასევე ევროპის გაერთიანებისათვის მნიშვენლოვან გამოწვევას წარმოადგენს. რუსეთი ახორციელებს სამხედრო ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველო კი ევროპული გაერთიანებისთვის მოსაზღვრე არეალია,” – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.