რამდენით უნდა გაიზარდოს პენსია, რომ ადამიანის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს – ამაზე ივანიშვილის მიმართვაში არაფერი თქმულა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტი შოთა გულბანი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პენსიების ზრდა სავსებით რეალურია, თუმცა ფაქტია, მსგავსი თემები როგორც წესი აქტუალური წინასაარჩენოდ ხდება.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადება პენსიების ზრდასთან დაკავშირებით რეალურია, ვინაიდან 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე არის გათვალისწინებული პენსიების 20 ლარიანი ზრდა. შესაბამისად, ძნელია პოპულიზმს მივაწეროთ აღნიშნული განცხადება, ვინაიდან ზრდა დაგეგმილია. შეიძლება ვიმსჯელოთ იმ საკითხზე, თუ რამდენით უნდა გაიზარდოს პენსია, რომ მან პენსიაზე გასული ადამიანის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს – ამაზე ივანიშვილის მიმართვაში კონკრეტული არაფერი თქმულა. თუმცა ფაქტია, რომ პენსიები და სხვა სოციალური პროგრამები სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი აპრობირებული მექანიზმია და მასზე აპელირება პოლიტიკოსების მხრიდან განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ჩვენს რეალობაში გასაკვირი არ არის“,— განმარტავს შორთა გულბანი.

„აფბა“-ს პრეზიდენტი ყურადღებას ივანიშვილის მიერ დაანონსებულ საკადრო პოლიტიკაზეც ამახვილებს. მისი თქმით, პროფესიონალი ადამიანების დაინტერესება რამდენიმე მიზეზის გამო საკმაოდ რთულია და მმართველი ძალისთვის ეს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, ძნელია რაიმე კონკრეტული თქვა ამ კუთხით, ვინაიდან კვალიფიციური კადრებისთვის საჯარო სექტორში მუშაობა არ არის მიმზიდველი. როგორც წესი ისინი ან კერძო სექტორს ან სულაც საზღვარგარეთ მუშაობას ამჯობინებენ. მათი დაინტერესება საკმაოდ რთული ამოცანაა მთავრობისთვის, ვინაიდან მაღალი ხელფასის დაწესება საჯარო მოხელეებისთვის ყოველთვის ხდება ხოლმე სოციალური მღელვარების საგანი. ფაქტობრივად, საკადრო პოლიტიკა მმართველი ძალისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ახალგაზრდებთან მიმართებაში კი გეტყვით, რომ მმართველობით პროცესებში ვერ ჩაერთვებიან, იმის გამო, რომ არ არსებობს არც ძლიერი სამოქალაქო სექტორი და არც ახალგაზრდებში შესაბამისი კვალიფიკაცია ამისთვის “— აღნიშნავს შოთა გულბანი.

შეგახსენებთ, დღეს ბიძნა ივანიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში მოქალაქეებს მიმართა და არჩევნებში მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა ეს სოციალური მიმართულებაა. მისი თქმით, პენსიონერებსა და დევნილებს დახმარებები გაეზრდებათ.

სალომე ლემონჯავა

“commersant.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.