რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ერთ მოსწავლეზე

2011 წელს საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშუალოდ 554 ლარი იხარჯებოდა, 2018 წელს კი ამ მიზნით 1 123 ლარია გამოყოფილი, ანუ დაფინანსება 2-ჯერ გაიზარდა,- ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც edu.aris.ge-ი ავრცელებს.

როგორც ანგარიშში წერია, 2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, ზოგადი განათლების (მათ შორის სკოლების) დაფინანსება 1.9-ჯერ (90%-ით) გაიზარდა. გამონაკლისი იყო 2014 წელი, როდესაც სასკოლო განათლების დაფინანსება შემცირდა. თუმცა ეს  2014 წლის ხარჯების ნაწილის 2013 წლის ბიუჯეტიდან წინასწარ დაფარვამ გამოიწვია.

2018 წელს ბიუჯეტის ხარჯებში სასკოლო განათლების წილი 7%-ია და ბოლო წლებში მასაც ზრდის ტენდენცია აქვს.

სკოლების დაფინანსება ძირითადად ე.წ. ვაუჩერული სისტემით ხდება, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით რეგულირდება. კერძო სკოლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მოსწავლეზე წლიურად 300 ლარს იღებენ,ხოლო საჯარო სკოლებისათვის ერთ მოსწავლეზე ვაუჩერი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით გამოითვლება. ვაუჩერული დაფინანსების გარდა, საჯარო სკოლები 25 ათასიდან 55 ათას ლარამდე საბაზო დაფინანსებას იღებენ. ამას ემატება დანამატი უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის და სხვა სპეციფიკური დანამატები(მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში არსებული სკოლებისთვის).

საჯარო სკოლების დაფინანსების ჯამურ მონაცემებს თუ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე გავყოფთ, მივიღებთ, რომ 2011 წელს საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშუალოდ 554 ლარი იხარჯებოდა, 2018 წელს კი ამ მიზნით 1 123 ლარია გამოყოფილი, ანუ დაფინანსება 2-ჯერ გაიზარდა. რეალურ რიცხვებში (2011 წლის ფასებში) თუ ვნახავთ, ერთ მოსწავლის საშუალო დაფინანსება 1.7-ჯერ გაიზარდა„”-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში წერია, რომ 2011-2017 წლებში საჯარო სკოლებში საშუალო ნომინალური ხელფასი, მათ შორის პედაგოგების, ორჯერ გაიზარდა და 2017 წელს 548 ლარი იყო უკვე, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასს თითქმის ორჯერჩამორჩება.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი 137 ქვეყანას შორის 106-ზე.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.