რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში? – ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს, ქვეყნის 20%-ს, რომელიც ოკუპირებულია – ნაცვლიშვილი თამარ ჩუგოშვილის წერილს ეხმაურება

რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში? – ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს, ქვეყნის 20%-ს, რომელიც ოკუპირებულია – ანა ნაცვლიშვილი თამარ ჩუგოშვილის წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ტრამპი საქართველოში აღმოაჩენს ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოს, ქვეყნის 20%-ს, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთისთვის ფართოდ გაღებულ კარს, რომ დანარჩენ 80%-საც დაეპატრონოს რბილი ძალით.

“რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში? აღმოაჩენს ოლიგარქს, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და ისაკუთრებს ყველა მის რესურსს, რომელიც მზადაა, იყიდოს ყველა და ყველაფერი, ვინც მიეყიდება და მოგუდოს ისინი, ვინც არ იყიდება! აღმოაჩენს ჯიბის მართლმსაჯულებას, ლეგიტიმური პროტესტისთვის თვალდათხრილ ადამიანებს, სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ შევიწროებულ მედიას და ტროლ-ბოტების ქარხანას! აღმოაჩენს ქვეყნის 20%-ს, რომელიც ოკუპირებულია და რუსეთისთვის ფართოდ გაღებულ კარს, რომ რბილი ძალით დანარჩენ 80%-საც დაეპატრონოს! აღმოაჩენს გაღატაკებულ მოსახლეობას, რომელსაც საარჩევნოდ 20 ლარად უპირებენ შესყიდვას! აღმოაჩენს მოლაპარაკების ოთახებიდან გაგდებულ ინვესტორებს, წნეხის ქვეშ გატარებულ ბიზნესმენებს, მოშიმშილე ბავშვებს, მათ სასოწარკვეთილ მშობლებს და კომბლიან კაცებს, ვინც ამ ყველაფერზე ხმის ამოღების ნაცვლად, ფილმებს დასდევს!

კიდევ რას აღმოაჩენს ტრამპი?

კიდევ აღმოაჩენს ულამაზეს საქართველოს, უზარმაზარი შესაძლებლობებით სავსე ქართველ ხალხს, უნიჭიერეს მეცნიერებს, იურისტებს, ექიმებს, IT სპეციალისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, რომლებსაც განვითარების შესაძლებლობებს უკეტავს ოლიგარქიული მმართველობა. აღმოაჩენს გამრჯე და წესიერ ადამიანებს, ვის მხრებზეც სინამდვილეში დგას ეს ქვეყანა, აღმოაჩენს ქართველ სამხედროებს, ვინც ტოლს არ უდებს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილით, აღმოაჩენს თავისუფლების მოყვარე ერს, რომელიც მისი ისტორიის მანძილზე ბევრჯერ მოდრიკეს, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს! რომელიც არ მოითმენს დამცირებას, დაჩაჩანაკებას, მაჩანჩალობას და შინაურ თუ გარე მტერს საკადრის სილას გააწნის, მალე!

ეს ხალხი დაიბრუნებს დამოუკიდებლობის აღდგენის დროინდელ სიხარულს, შემართებას და იტყვის – გაერთიანების და გამარჯვების დროა!”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.