რატომ აღარ აშენდება საქართველოში ასანთის ქარხანა

საქართველოში პირველი ასანთის ქარხანა, რომელიც პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში უნდა აშენებულიყო, აღარ გაიხსნება, თუმცა ადგილზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “ინფო ფოსტალიონისთვის” გახდა ცნობილი, ასანთის ქარხნის ასაშენებლად,  კომპანიას,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა. პროგრამის ფარგლებში კომპანიას 2 მილიონ ლარამდე დაფინანსებაც უნდა მიეღო, თუმცა პროექტი არ შედგა და დაწყებული საქმე კინაღამ შუა გზაში გაჩერდა.

“ინფო ფოსტალიონი” კომპანიის დამფუძნებელ თამაზ ბასილაიას დაუკავშირდა. ბიზნესმენმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ დაფინანსება ვეღარ მიიღო და მშენებლობა საკუთარი ხარჯებით გააგრძელა. ასანთის ქარხნის მაგივრად კი დაფნის ქარხნის აშენება გადაწყვიტა, რადგან დაფნას სამეგრელოში დიდი პოტენციალი აქვს.

“დაფინანსება დროულად რომ მომხდარიყო, ასანთის ქარხანა უკვე გახსნილი მექნებოდა. სამუშაოები დავიწყე, დიდი რესურსი დავახარჯე, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო მომენტში დაფინანსება ვეღარ მივიღე. საქმე აღარ გავაჩერე და დაფნის წარმოების გადაწყვეტილება მივიღე.  დაფნას სამეგრელოში დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოში  6 ათასამდე ტონა დაფნა მოდის, აქედან 5 ათასი- ხობში. წარმოების დაწყებას უკვე მაისიდან ვგეგმავთ. “-გვითხრა თამაზ ბასილაიამ.

ბიზნესმენი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მითუმეტეს, რომ სამეგრელოში გავრცელებული მავნებელი მწერი , რომელმაც  თხილის მოსავლის 80 % გაანადგურა, დაფნას არ ეკარება.

დაფნის ქარხანაში 60 ადგილობრივი მკვიდრი დასაქმდება. თამაზ ბასილაიას ხობში რამდენიმე სხვა საწარმოც აქვს გახსნილი, მათ შორის  პლასტმასის, ინერტული მასალების, მაცივარი და სხვა, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული.

infopostalioni.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.