რატომ იცავენ მთავარ ქრისტიანულ სიწმინდეს მუსლიმები

ბავშვობიდან იცოდა, რომ განსაკუთრებული მისიით დაიბადა. იგი მას ათწლეულების განმავლობაში შეასრულებს, მერე კი ვაჟს გადაულოცავს. მამაკაცები ვაჯიხ ნუსეიბეს გვარიდან იერუსალიმის უფლის საფლავის ტაძრის კარის მცველები არიან. მთავარი ქრისტიანული სიწმინდის კარს 13 საუკუნის განმავლობაში მუსლიმები იცავენ, ხსნიან და კეტავენ.  

ვაჯიხ ნუსეიბე 1949 წლის აპრილში იერუსალიმში დაიბადა. სწავლობდა არაბულ სკოლაში. დაამთავრა ქალაქ რამალას სიახლოვეს არსებული ბირზეიტის კოლეჯი (ამჟამად უნივერსიტეტი) და 15 წელი იერუსალიმის ერთ-ერთ კერძო კომპანიაში იმუშავა. ფლობს 5 (არაბულს, ინგლისურს, თურქულს, ივრითსა და ფარსის) ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს 3 ქალიშვილი და ერთი ვაჟი. იერუსალიმის უფლის საფლავის ტაძრის კარის  გასაღები 1975 წლიდან აბარია.

– ვაჯიხ, თქვენ ხშირად გხედავენ მჯდომარეს ხის სკამზე კარიბჭიდან მარცხენა მხარეს ან ეზოში…ეს თქვენი სამუშაო ადგილია?

– შეიძლება, ასეც ითქვას. მიუხედავად იმისა, რომ კარიბჭესთან მუდმივად ყოფნას არავინ მაიძულებს, ბაბუაც და მამაც ამას აუცილებლად მიიჩნევდნენ. ხანდახან, საკმაოდ იშვიათად ტაძარში ექსკურსიებს ვატარებ, დანარჩენ შემთხვევებში უბრალოდ თვალ-ყურს ვადევნებ შემომსვლელებს. ახლა მაგალითად ეზოში სახურავს არემონტებენ, ამიტომაც ვაფრთხილებ ტურისტებს, რომ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე გამოიჩინონ. მამაკაცებს, რომლებიც ტაძარში თავსაბურავებით აპირებენ შემოსვლას, მათ მოხდას ვთხოვ. ასევე მივმართავ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც თავისუფლად აცვიათ, თავი შეიმოსონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის.

– თავად თქვენ ჩვეულებრივად გაცვიათ, არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ გაქვთ…

– ტაძრის კარიბჭის მცველებს არანაირი სპეციალური სამოსი ან განმასხვავებელი ნიშანი არ გაგვაჩნია. ერთადერთი, სადღესასწაულო დღეებში სამსახურში კლასიკურ კოსტუმში და ჰალსტუხში გამოწყობილი მივდივარ.

და რაში მდგომარეობს თქვენი ყოველდღიური მოვალეობები?

ყოველდღიურად, გამთენიისას ტაძრის კარს ვხსნი. ზამთარში ამას ღამის 4 საათზე ვაკეთებ, ზაფხულში – 5-ზე. კარის დაკეტვის პროცედურა კი ზამთრობით საღამოს 7 საათზე იწყება, ზაფხულობით – 9-ზე. ეს ჩვეულებრივ დღეებში. მაგრამ როდესაც ღამის სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდება, ტაძარი განსაკუთრებულ რეჟიმში მოქმედებს. მართლმადიდებლებისთვის, მაგალითად, ლიტურგია შაბათის ღამის 11 საათზე იწყება, და კვირას, დღის 2 საათამდე გრძელდება. ლიტურგიამდე სპეციალურად მოვდივარ კარის გასახსნელად და ღვთისმსახურების შემდეგ მას ისევ ვკეტავ.

– როგორ აღმოჩნდა მართლმადიდებლების მთავარი სიწმინდის კარის გასაღები მუსლიმი ოჯახის ხელში?

638 წელს ხალიფ ომარ იბნ ალ-ხათაბის ჯარმა იერუსალიმი ისე დაიპყრო, რომ სისხლის ერთი წვეთიც არ დაუღვრია. მუსლიმები იერუსალიმს ალ-ქუდს – წმინდა ქალაქს უწოდებდნენ და მისი მაცხოვრებლებისთვის ზიანის მიყენება არ სურდათ. იერუსალიმის პატრიარქმა სოფრონიმ ხალიფს ქალაქის მფარველობა სთხოვა, ყველა მისი სიწმინდისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით. ომარი დასთანხმდა. მუსლიმი უხუცესები ამ ტაძარში საპატიო სტუმრების სტატუსით მიიწვიეს. მათ იხილეს ქრისტიანების მთავარი სიწმინდეები – გოლგოთა და წმინდა გამოქვაბული. პატრიარქმა სოფრონიმ ქალაქისა და ტაძრის გასაღები ხალიფს ჩააბარა, მან კი ჩემს წინაპარს – უბაიდა იბნ ალ-სამიტს გადაულოცა, რომელიც პალესტინის პირველი არაბი მმართელი და ნუსეიბეს ოჯახის ფუძემდებელი გახლდათ. იმ დროიდან ჩვენი გვარის წარმომადგენელი მამაკაცები ტაძრის კარიბჭის მცველებად მსახურობენ. ასწლეულების განმავლობაში ეს მოვალეობა ჩვენს ოჯახში მამიდან შვილს გადაეცემა, ხოლო თუ მამას ვაჟი არ ჰყავს – უახლოეს ნათესავს მამაკაცის ხაზით. ბაბუაჩემ ჰუსეინის გარდაცვალების შემდეგ კარიბჭის მცველი მამაჩემი იაკუბი გახდა. მე ეს ესტაფეტა 1975 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გადავიბარე.ის, თუ რა როლს ასრულებს ჩვენი ოჯახი ქრისტიანული სამყაროს მთავარი ტაძრის არსებობაში, ადრეულ ბავშვობაშივე ამიხსნეს.

– ესე იგი ამ კარის გასაღები თქვენი გვარის ხელში 1377 წელია უწყვეტად? ძნელი დასაჯერებელია…

– მხოლოდ 1099-დან 1187 წლამდე, როდესაც ჯვაროსნების იერუსალიმური სამეფო არსებობდა, ტაძრის გასაღები კათოლიკეების ხელში იყო, მაგრამ 1187 წლიდან ეგვიპტეს სულთნის – სალაჰ-ად-დინის ჯარმა იერუსალიმს შემოუტია და ყველა კათოლიკეს ხარკის გადახდა და გემებით ევროპაში გამგზავრება შესთავაზეს. 1187 წლიდანვე, სალაჰ-ად-დინის ბრძანებით ტაძრის გასაღები ჯუდეჰების მუსლიმურ ოჯახს ჩაჰბარდა, მაგრამ კარის გახსნისა და დაკეტვის უფლება მაინც ჩვენს ოჯახს დარჩა.

კარს მიღმა

– როგორ გადასცემენ ერთმანეთს ნუსეიბეს და ჯუდეჰების ოჯახების წარმომადგენლები ტაძრის კარის გასაღებს და სად ინახება იგი?

დღისით გასაღები ტაძარში, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილზე ინახება, ღამით, ჯუდეჰების ოჯახში. როდესაც დილით კარის გასაღებად მივდივარ, გასაღებს მისი წარმომადგენელი ადრი მაძლევს, საღამოს, კარის დაკეტვის შემდეგ გასაღებს კვლავ მას ვუბრუნებ. ექსტრემალური აუცილებლობის შემთხვევებისთვის (მაგალითად, მაღალი დონის სტუმრების ვიზიტის დროს) გვყავს მუსლიმი მსახური, რომელიც ღამეს ტაძრის სიახლოვეს ათევს. მას წინასწარ აყენებენ საქმის კურსში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ, გადასცემენ გასაღებს და კარს გამონაკლისის სახით ის ხსნის.

ყოველ დილას სომხური ეკლესიისგან 25 შეკელს (დაახლოებით 6 ევრო) ვიღებ, ამდენივეს მაძლევს კათოლიკე-ფრანცისკანელი მსახური. ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც ამ ტაძარში ყველაზე დიდი წილი აქვს, 500 შეკელს (დაახლოებით 116 ევროს) მიხდის. ჯამში თვეში დაახლოებით 16-17 000 შეკელი (4 000 ევრო) გამოდის [ეს 1,5-2-ჯერ აღემატება ისრაელში სკოლის პედაგოგის საშუალო ხელფასს – რედ.]. სირიელები, კოპტები და ეთიოპები სტატუს-ქვოს შესახებ 1852-1853 წლების ბრძანებულებებით გათავისუფლებულები არიან კარის გახსნისთვის დაწესებული გადასახადისგან.

იერუსალიმის უფლის საფლავის ტაძრის კარის რამდენი გასაღები არსებობს და რა ზომისაა ისინი

ტაძრის რამდენი გასაღები არსებობს – საიდუმლოა. მე ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს. თუმცა არსებობს მთავარი გასაღები, არსებობს სათადარიგო. მთავარი რკინისგანაა დამზაებული და ნახევარ კილოგრამს იწონის. სიგრძით 30 სანტიმეტრია. საკეტის მსგავსად ისიც ოსმალეთის პერიოდის დასაწყისში, დაახლოებით 1524 წელს არის დამზადებული.

– საკეტებზეც თქვნ ხართ პასუხისმგებელი?

კვირაში დაახლოებით სამჯერ ვწმენდ ქვედა და ზედა საკეტებს, ვასწორებ ბორბლებს ძველებურ მექანიზმებში, თვალს ვადევნებ რომ არ დაჟანგრდნენ და თავისუფლად მოძრაობდნენ. თუ ამ მხრივ პრობლემები იქმნება, მათ თავად ვაგვარებ. მე ხომ განათლებით ინჟინერი ვარ და უფრო რთულ ტექნიკასაც თავისუფლად ვუმკლავდები.

– მაგრამ ასეთ უზარმაზარ კარს როგორ უმკლავდებით? საკეტები ხომ დიდ სიმაღლეზეა განლაგებული…

ჩემთვის ეს დიდი ხანია, ჩვეული საქმეა. ზედა საკეტამდე ასაღწევად სპეციალური კიბით ვსარგებლობ. კარებს სათითაოდ ვაღებ – ძალიან მძიმეა. ზუსტად არც კი ვიცი, ხის რომელი სახეობისგანაა დამზადებული. დიდი ალბათობით, ძირითადი მასალა მუხაა, სხვა მყარი ჯიშნების დამატებით – ასე უფრო სანდოა. ბოლოს კარები 1808 წელს, ხანძრის შემდეგ შეცვალეს. შიდა მხრიდან რკინით დაფარეს. კარის მარჯვენა ნახევარზე, მიწიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე თუჯის რგოლია ჩამონტაჟებული. ამ რგოლით კარზე სამჯერ ვაკაკუნებ და ამით ვიძლევი ნიშანს, რომ დროა, მომლოცველებმა ტაძარი დატოვონ. ზამთარში პირველად საღამოს 7 საათზე ვაკაკუნებ და შემდეგ ტაძრის სივრცეს ვათვალიერებ, მეორედ – ნახევარ საათში, ბოლოს – 19:45 საათზე. 20:00 სთ-ზე მას შემდეგ, რაც ტაძარს დადგენილი ტრადიციის თანახმად უკანასკნელები მართლმადიდებელი ბერძნები დატოვებენ, კარს ვკეტავ და გარედან კლიტეს ვადებ.

თავისიანი უცხოებს შორის

– აღგომის პერიოდში ალბათ, საქმე გემატებათ…

– დიახ, რა თქმა უნდა. მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს ჭყლეტა. როდესაც ათასობით მომლოცველი გროვდება, პოლიციას ხალხის ნაკადების მართვაში ვეხმარები. დილით იმ დღეს, რომელსაც მართლმადიდებლები „დიდ შაბათს“ უწოდებენ, კუვუკლიის [ეს არის უშუალოდ ქრისტეს საფლავის თავზე მდგომი კოშკურა-რედ] შემოწმების პროცედურა ტარდება ცეცხლის გარე წყაროების არარსებობის დასადასტურებლად. წმინდა ცეცხლი ხომ სწორედ აქედან გადმოედინება. ამის შემდეგ ბერძნები წმინდა გამოქვაბულში შესასვლელს კეტავენ და მე შესასვლელ კარს ცვილის დიდ ბეჭედს ვადებ. იერუსალიმის მერიის წარმომადგენლები მას საკუთარ დაღებს ასვამენ იერუსალიმის მერიის თურქული დაცვის, ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები. ნახევარ საათში არაბი მართლმადიდებელი ახალგაზრდობა [არაბებს შორის კი საკმაოდ ბევრია სხვადასხვა კომფესიის ქრისტიანი] ყიჟინითა და დაფდაფების ცემით შემოდის ტაძარში და იწყებს სიმღერას, ცეკვასა და ლოცვას წმინდა ცეცხლის გარდმოსვლისთვის.

იერუსალიმის უფლის საფლავის ტაძარი ქრისტიანული ეკლესიის ექვს კონფესიას შორის არის გადანაწილებული. თითოეულ მათგანს ლოცვისთვის გარკვეული საათები გამოეყო. ეს დაყოფა, როგორც სტატუს-ქვო 1852-153 წლებში განამტკიცა თავისი ბრძანებულებებით ოსმალეთის იმპერიის სულთანმა აბდულ მეჯიდმა. თავად რეგლამენტაცია სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის უფლებამოვალეობების თემაზე გამუდმებული დავების გამო იქნა შემოღებული. შესაბამისად, სტატუს-ქვოს დაცვა ქრისტიანებს შორის მშვიდობისა და პარიტეტის წინაპირობაა. მისი შენარჩუნების მაგალითს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკვე 180 წელზე მეტია არავის უხლია ხელი ხის კიბისთვის, რომელიც შენობის ფასადის მხრიდან მეორე სართულზეა განთავსებული და მიდის სომხური ეპარქიის კუთვნილი ფანჯრისკენ, მაგრამ ეყრდნობა კარნიზს, რომელიც ბერძნულ ეკლესიას ეკუთვნის. არავინ იცის, რა აღმსარებლობის იყო ადამიანი, რომელმაც აქ ეს კიბე დატოვა და როდის მოხდა ეს, თუმცა 1834 წლის გრავიურაზე კიბე უკვე არის გამოსახული. სადღეისოდ უძრავი კიბე სიმბოლოა შიდა შეთანხმების შესრულებისა, რომლის თანახმად, ტაძარში ექვსივე კონფესიის თანხმობის გარეშე არაფერი უნდა შეიცვალოს.

– მუსლიმური რწმენა ქრისტიანულ ტაძარში მუშაობაში ხელს არ გიშლით?

– მე სუნიტი მუსლიმი ვარ, პალესტინელი და ამით ვამაყობ. შეძლებისდაგვარად მუსლიმებისთვის წინდა დღეს, პარასკევს სალოცავად დავდივარ სატაძრო მთაზე ქუბათ ას – სახრას მეჩეთში. იერუსალიმის უფლის საფლავის ტაძრიდან რამდენიმე ნაბიჯში ალ-აქსას მეჩეთია განთავსებული, რომელსაც ამ ადგილზე მლოცველმა ხალიფმა ომარ იბნ ალ-ხათაბმა ჩაუყარა საფუძველი. ხანდახან აქ ვლოცულობ. ჩემი საცხოვრებლის გვერდზეც გვაქვს მეჩეთი.

– და შორსაა თქვენი სახლი სამსახურისგან?

იგი ძველი ქალაქის ფარგლებში, იორდანიული ჩრდილო-აღმოსავლეთ კარიბჭის სიახლოვეს მდებარეობს, სამსახურიდან 10-15 წუთის სავალზე. თავად სახლი 400-ზე მეტი წლისაა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მასში ნუსეიბეს გვარის წარმომადგენლები სახლობდნენ. უკვე 35 წელია, მასში ჩემს ერთადერთ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. ოთხი შვილი გვყავს – სამი გოგო და ერთი ვაჟი – უვადი, რომელიც ახლა 31 წლისაა. ბავშვები უკვე დაქორწინებულები არიან,  მყავს ორი შვილიშვილიც. უვადი, რომელიც ტაძრის გასაღებს ჩემს შემდეგ გადაიბარებს, ჩემს გზას გაჰყვა – განათლებით ინჟინერია და კერძო კომპანიაში მუშაობს. როდესაც პრობლემები იქნება, მაგალითად ავად ვხვდები, ჩემს საქმეს ის ასრულებს. ასევე მეხმარება დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში კარის გახსნა-დაკეტვაში.

სამშვიდობო მისია

– საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტაძრის მფლობელ ექვს ქრისტიანულ კონფესიებს შორის კონფლიქტები ხდება. თუ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მათ მოგვარებაში მიგიღიათ მონაწილეობა?

– ყველაფერი მომხდარა. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც აღგზნებულები ქცევის ეთიკური ნორმის ფარგლებს გასცდენიან. ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს აზრს ითვალისწინებენ და კონფლიქტი მშვიდობიანად მთავრდება. მე ექვსივე კონფესიის წარმომადგენლებთან ერთნაირი ურთიერთობა მაქვს.

– ტურისტები თუ გასაჩუქრებენ რამენაირად?

– ხანდახან თავიანთი ქვეყნების მონეტებს მჩუქნიან ექსკურსიის ჩატარების საფასურად. მე მათ ჩემს კოლექციაში ვაგროვებ. ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც ძველი ქალაქი იერუსალიმი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა, არაბული ქვეყნების მონეტებს ვაგროვებდი. ეს ჰობი დღემდე შემომრჩა. ახლა შემიძლია, მაჯის საათების შეგროვებაც დავიწყო. უკვე ათზე მეტი მაჩუქეს.

– შვებულებები თუ გაქვთ?

– დიახ, ჩემი სამსახური ადგილზე ფაქტობრივად მუდმივ წარმოდგენილობას მოითხოვს, თუმცა ხანდახან მაინც ვახერხებ ქალაქიდან გარკვეული დროით გასვლას. […] მომხრე ვარ იმის, რომ არავინ არავის უთითებდეს, სად და ვისთვის ილოცოს, რა არის ჭეშმარიტება, რომ მორწმუნეები მთელი გულით ლოცულობდნენ, ჩარევის , ძალის გამოყენების და რელიგიური შეუწყნარებლობის გარეშე.  მჯერა, რომ იერუსალიმში ადგილი ყველასთვის მოიძებნება.

http://accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.