რა აღმოაჩინეს რესტავრატორებმა ვერმეერის ცნობილი ნახატის ხელახლა შესწავლისას

თებერვლის ბოლოს ჰააგის მაურიცჰეისის მუზეუმში დაიწყეს პროექტი „გოგო ყურადღების ცენტრში“ (Girl in the Spotlight), რომელიც ეძღვნება მუზეუმის კოლექციაში დაცულ იან ვერმეერის ყველაზე ცნობილ ნახატს „გოგო მარგალიტის საყურით“. პირველად 1994 წლის შემდეგ, როდესაც ნახატს რესტავრაცია უკანასკნელად ჩაუტარდა, ორი კვირის განმავლობაში მეცნიერების, რესტავრატორების და ხელოვნების ისტორიკოსების ჯგუფმა ნამუშევარი მიკროსკოპებით, ინფრაწითელი სპექტრომეტრებით და რენტგენული აპარატებით ხელახლა შეისწავლა და სიახლეებიც აღმოაჩინა. კვლევის შესახებ რესტავრატორ ები ვანდივერის ბლოგზეა მოთხრობილი.

მაგალითად, გაირკვა, რომ ჰოლანდიელი მხატვარი საღებავებს გაცხელებულ ზეთზე ამზადებდა. ვერმეერი სპეციალური ტიპის ზეთს იყენებდა, რომელსაც შესაძლოა თავადაც ამზადებდა. საღებავების დამზადებისათვის ზეთი ჯერ 300 გრადუსამდე ცხელდებოდა, რაც მხატვარს საშუალებას აძლევდა საღებავის სისქე ეკონტროლებინა, ის უფრო გლუვი ყოფილიყო და სავარაუდოდ იოლადაც შრებოდა;

ნახატის ფონი თავიდან არა შავი, არამედ მუქი-მწვანე ფერის იყო. თავდაპირველად მან ტილოზე ნახშირზე დამზადებული შავი საღებავი დაიტანა, შემდეგ კი მწვანე ფერის ნახევრად გამჭვირვალე ჭიქური;

მე-17 საუკუნის ჰოლანდიაში ბევრი საქსოვი მანუფაქტურა მუშაობდა. ნახატებისთვის ჩვეულებრივ სელისგან ნაქსოვ ტილოს იყენებდნენ. ის ან ცალკეულ ნაჭრებად ან მთლიან რულონებად იყიდებოდა. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რო ვერმეერის რამდენიმე ნამუშევარი დახატული იყო იყო ერთი და იმავე რულონის ტილოს ნაჭრებზე. მაგრამ იმ ტილოს ანალოგს, რომელზეც დახატულია “გოგო მარგალიტის საყურით“, დღემდე ვერ პოულობდნენ. სურათის უახლესმა რენტგენულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის ისეთივე ტილოზეა დახატული, როგორსაც ვერმეერი ტრადიციულად ყიდულობდა.

ფერგასული საღებავების გამო შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია მხატვრის ხელმოწერის დანახვა. მაგრამ მეცნიერების მიერ ნახატისთვის გადაღებულ ფოტოებზე, მარცხენა ზედა კუთხეში შეიძლება ერთ-ერთი იმ მონოგრამის დანახვა, რომლსაც ვერმეერი იყენებდა – IVMeer.

და მთავარი. ნახატზე გამოსახული სამკაული შეიძლება მარგალიტის საყურე სულაც არ არის. ები ვანდივერი წერს, რომ კოსტუმების და საიუველირო ნაწარმის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ნახატზე გამოსახული მარგალიტი ძალიან დიდია იმისთვის, რომ ის რეალური იყოს. შეიძლება მხატვარმა ვენეციის შუშისგან დამზადებული ყალბი მარგალიტი გამოსახა. გარდა ამისა, ავტორის ჩანაფიქრით ეს არამხოლოდ მარგალიტი, არამედ საყურეც შეიძლება არ იყოს – ნახატზე არ ჩანს არანაირი კაუჭი, რომელიც მარგალიტს გოგოს ყურთან დააკავშირებდა. მკვეთრი თეთრი ფერით გამოიყოფა ათინათი საყურის ზედა კუთხეში. შესაძლოა ის ნახატის ადრეული რესტავრაციის დროსაა დეფორმირებული და იმის დადგენა, თუ როგორ გამოიყურებოდა „საყურე“ თავდაპირველად, შეუძლებელია.

ვანდივერი იხსენებს, რომ 1994 წლამდე, სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ საყურეზე ორი თეთრი ათინათი იყო გამოსახული, მეორე – ოდნავ ქვემოთ. მაშინდელი რესტავრაციის დროს აღმოჩნდა, რომ მეორე „ათინათი“ – სინამდვილეში საღებავის ნატეხია ნახატის ზედა ნაწილიდან, რომელიც შესაძლოა 1882 წლის რესტავრაციის დროს თავის ადგილს მოწყდა, ჩაცურდა საყურემდე და პირდაპირ მარგალიტზე გაჩერდა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.