რა გავლენას ახდენს მთვარის ფაზები ადამიანების ქცევასა და ჯანმრთელობაზე?

მთვარე

ფოტო: Shutterstock.com

1969 წლის 20 ივლისს ამერიკელებმა პირველად დადგეს ფეხი მთვარეზე. ამ დღიდან 50 წელი გავიდა.

მთვარე როგორ გაჩნდა?

საზოგადოდ აღიარებული თეორიის თანახმად, 4,5 მილიარდი წლის წინ ახალგაზრდა დედამიწას, რომელიც გამდნარი მაგმის კოლტს წარმოადგენდა, კუთხით დაეჯახა სხვა, მარსის მოცულობის პლანეტა (მას თეიას უწოდებენ). თეიაც და დედამიწაც მსგავსი ორბიტების მიმართულებით მოძრაობდნენ, მაგრამ ერთი მეორეს დაეწია. დაჯახების შემდეგ პლანეტების რკინის ბირთვები შეირწყა, ხოლო მანტიის გავარვარებული ნატეხები კოსმოსში გაიფანტა – მათ დედამიწის ირგვლივ მბრუნავი ღრუბელი შექმნეს. სწორედ ამ ღრუბლისაგან ჩამოყალიბდა მთვარე მილიონობით წლის განმავლობაში.

ის თუ დაახლოებით როგორ შეიქმნა მთვარე მეცნიერების აზრით, ვიზუალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთვარეზე ყველა კრატერი მრგვალი რატომ არის?

მთვარესთან მეტეორის ნებისმიერი შეჯახება ბომბის აფეთქებას ჰგავს. ამასთან, დაჯახებული სხეული სრულად ორთქლდება. ბომბის აფეთქებისგან რჩება მრგვალი ღრმული. ანალოგიურად, მთვარესთან შეჯახებისას მეტეორები მრგვალ კრატერებს ქმნიან. თუმცა, ზოგჯერ მეტეორი მთვარეზე ზედაპირის თითქმის პარალელურად ეცემა – თითქოს თვითმფრინავის მსგავსად მასზე დაჯდომას ცდილობს. ამ შემთხვევაში კრატერი ჰგავს ნაკვალებს. მთვარეზე ასეთი კრატერებიცაა, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე მრგვალი.

მთვარე დედამიწას ასტეროიდებისგან იცავს?

მთვარე ზედმეტად პატარაა და ზედმეტად შორსაა იმისათვის, რომ დედამიწა ციური სხეულებისგან დაიცვას. დედამიწა რომ მეომარი იყოს, ხოლო მთვარე მისი ფარი, ეს ფარი ზომით 15X40 მეომრისგან 18 მეტრით იქნებოდა დაშოწრებული. დედამიწაც ვერ იცავს საკმარისად მთვარეს მეტეორებისგან. მაგალითად, დედამიწის ზედაპირი, ისევე როგორც მთვარის, დაფარულია ასტეროიდების კვალით – უმსხვილესი კრატერების ინტერაქტიული რუკის ნახვა აქ შეგიძლიათ.

როგორ ქმნის მთვარე მიქცევებს და მოქცევებს?

დედამიწა და ოკეანე დეფორმირდებიან მთვარის მოქცევის ძალის გავლენით. მიქცევები და მოქცევები ერთმანეთს ცვლიან იმის გამო, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს. დედამიწის ბრუნვა ოკეანის ქვეშ წყლის ამ მოძრაობას ორკუზიანი ტალღის სახეს აძლევს, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. საერთო ჯამში, მიქცევები და მოქცევები – ტალღებია, რომლებიც მათ შორის (და არამხოლოდ) მთვარის გავლენითაა გამოწვეული.  

მოქცევების ალბათ ყველაზე სწორი პოპულარული ახსნა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მთვარის გავლენით წყალი თუ ბრუნავს, ფუნდამენტი რატომ – არა?

მოქცევები მთელ დედამიწაზე მოქმედებს, უბრალოდ მყარი ზედაპირის შემთხვევაში ეს ნაკლებად შესამჩნევია. თუმცა, ყოველთვის – არა: შესაძლოა სწორედ მთვარის და მზის მოქცევების ძალა ასრულებს ბიძგის როლს მცირე მიწისძვრებისათვის.

მართალია, რომ მთვარე დედამიწას ყოველწლიურად შორდება?

საქმე ისევ მოქცევებშია. დედამიწა კარგავს თავისი ენერგიის ნაწილს, რომელსაც ის მთვარეს აწვდის. ამის გამო მთვარის ორბიტა იზრდება, ხოლო დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მცირდება. მილიარდობით წლის წინ, მთვარე დედამიწისგან 10-20 ათასი კილომეტრის მანძილზე ბრუნავდა, ახლა კი მანძილი საშუალოდ 384 ათასი კილომეტრია. კიდევ მილიარდობით წლის შემდეგ მთვარის ორბიტა თითქმის ორჯერ გაიზრდება, ხოლო ხმელეთზე დღე-ღამე – 870 საათამდე გახანგრძლივდება.

შემდეგ მთვარე შეწყვეტს დაშორებას, ხოლო დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მის გარშემო მთვარის ბრუნვის სიჩქარეს გაუტოლდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთვარის დანახვა მხოლოდ ერთი ნახევარსფეროდან იქნება შესაძლებელი – ისევე როგორც დღეს პლუტონი და მისი თანამგზავრი ჰარონი არიან, რომლებიც დიდი ხანია სინქრონიზდნენ. თუ იმ დროისთვის მზე არ გადაიქცევა წითელ გიგანტად, რომელიც დედამიწასაც გადაყლაპავს და მთვარესაც, თანამგზავრი კვლავ დაიწყებს მოახლოებას. მზის მოქცევები დედამიწის დამუხრუჭებას განაგრძობს და ახლა უკვე მთვარე დაკარგავს ენერგიას და მოქცევების ძალით დამუხრუჭდება.

მთვარე რამხელა თანამგზავრია?

მთვარე – ზომით და წონით მეხუთე თანამგზავრია მზის სისტემაში. ზომის თანაფარდობის თვალსაზრისით მთვარე მხოლოდ ხარონს ჩამორჩება, რომელიც ჯუჯა პლუტონთან ერთად ერთ სისტემას აყალიბებს. აბსოლუტურ სიდიდეებში მთვარე არამხოლოდ ხარონზე, არამედ პლუტონზე დიდიცაა. შეიძლება ითქვას, რომ ზომებით (და სიმკვრივით) ის პლანეტებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სხვა თანამგზავრებთან.

რატომ არ არის მთვარეზე ატმოსფერო?

არის, მაგრამ ძალიან თხელი. როგორც ჩანს, მილიარდობით წლის უკან, როდესაც მთვარეზე ვულკანები იფრქვეოდა, მას სქელი ატმოსფერო ჰქონდა, რომელიც მნიშვნელოვანი ოდენობის წყლის ორთქლს და ჟანგბადს შეიცავდა. შემდეგ მსუბუქი აირების ნაწილი კოსმოსში გაიფანტა, დანარჩენი – გაიყინა. ატმოსფეროს დაკარგვა – მზის სისტემის პლანეტებისა და თანამგზავრებისთვის ნორმალური მოვლენაა. მეცნიერების შეფასებით, დიდი ალბათობით, დედამიწასაც იგივე ელის – ის ახლაც კარგავს წამში 3 კილოგრამ წყალბადს და 50 გრამ ჰელიუმს.

რა ფერისაა მთვარე სინამდვილეში?

„აპოლონის“ მისიის ასტრონავტები მას აღწერდნენ „ჭუჭყიანი ქვიშის“ ფრად, „ღია ნაცრისფრად“ ან ყავისფრად. მსგავსი ფერებია ფოტოებზეც, რომელიც წელს ჩინურმა აპარატმა გადაიღო. ეს მთვარის ალბედოსთან თანხვედრაშია: ის მზის სინათლის მხოლოდ 3-12%-ს ასახავს – რაც სველიდან მშრალ ასფალტამდე დიაპაზონია. ორბიტიდან მთვარე უფრო კაშკაშა ჩანს და ადგილებში ცისფერიც დაჰკრავს. ქვებს, რომლებიც ასტრონავტებმა მთვარიდან ჩამოტანეს, სხვადასხვა ელფერი დაჰკრავს.

როგორ ჩნდება დიდი მთვარე ჰორიზონტზე?

„დიდ მთვარეს“ ფიზიკური ახსნა არ აქვს. გამოსახულების კვლევამ, რომელიც ბადურაზე ჩნდება, ცალსახა შედეგი აჩვენა: თვალი ყოველთვის ერთი ზომის მთვარეს ხედავს. ამგვარად, ეს ნამდვილად ილუზიაა, რომელიც ადამიანის ტვინში ჩნდება. ყველაზე პოპულარული (მაგრამ არა ერთადერთი) ახსნა ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ასეთია: ტვინს მიაჩნია, რომ ობიექტი „უფრო დიდია“, როდესაც მას რამეს ადარებს. ამიტომაც, მთვარე მას უფრო დიდი ეჩვენება როდესაც ის ჰორიზონტზეა და სხვა საგნებთან მისი შედარება შეუძლია.

რატომ ვხედავთ მთვარის მხოლოდ ნახევარს?

ოდესღაც მთვარე თავისუფლად ბრუნავდა, მაგრამ დედამიწის ზემოქმედებით სინქრონიზება მოხდა: ახლა მთვარე თავისი ღერძის გარშემო ერთი ბრუნვისთვის დედამიწის გარშემოც ერთხელ ტრიალდება. სწორედ ამიტომ ვხედავთ მის მხოლოდ ერთ მხარეს. 

თანამგზავრის პლანეტასთან სინქრონიზება ნორმაა. იშვიათი მოვლენა სწორედ თანამგზავრის უნარია შეინარჩუნოს ბრუნვის თავისუფლება. მზის სისტემაში მხოლოდ ორი „თავისუფალი“ მსხვილი თანამგზავრია (100 კილომეტრზე მეტი რადიუსით) – ჰიპერიონი და ფება სატურნის სისტემიდან.

მთვარეზე ყველა ადამიანის სახეს ხედავს?

მეცნიერები ამბობენ, რომ „მთვარის სურათები“ დამოკიდებულია მასზე დაკვირვების გეოგრაფიულ წერტილსა და იმაზე, თუ რისი დანახვა სურს ადამიანს. ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანები მთვარეზე ძირითადად სახეს ხედავენ, რომელსაც პლანეტაზე კრატერები და მთვარის ზღვები ქმნის, ევროპაში – „ფიჩხის კონას“, აზიაში კი – კურდღელს. ახალზელანდიელები მთვარეზე ხედავენ შიშველი ქალის გამოსახულებას დოქით ხელში.

მთვარეზე რაიმე სასარგებლო არსებობს?

ყველაზე მთავარი რესურსია – იზოტოპი ჰელიუმი-3. დედამიწაზე ის უკვე დეფიციტშია, მთვარეზე კი – ბევრია. თეორიულად ჰელიუმ-3-ს შეუძლია ათასწლეულების განმავლობაში შეცვალოს ნავთობი და ენერგიის სხვა წყაროები, მაგრამ რენტაბელური იქნება თუ არა მისი დედამიწაზე ჩამოტანა – დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

არსებობს მთვარეზე იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტები, მაგრამ მათი ეკონომიკა ბუნდოვანია. დედამიწაზე ტიტანის და ალუმინის ჩამოტანას, რომლითაც მთვარე მდიდარია, ნამდვილად აზრი არ აქვს, სამაგიეროდ ისინი მთვარის ბაზების შესაქმნელად გამოდგება.

მთვარის პოლარულ ნაწილში ყინულის სახით ბევრი წყალია. მის მოპოვებას მთვარის ბაზების აღჭურვისა და სარაკეტო საწვავის (ჟანგბადის და წყალბადის) წარმოებისთვის აპირებენ. შესაძლოა ამან მკვეთრად გააიაფოს ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობები.

რამდენი ადამიანი იყო მთვარეზე?

მთლიანობაში 12, თუ არ ჩავთვლით მათ, ვინც მთვარის ორბიტაზე იყო. ამერიკელებმა მთვარეზე 11 პროფესიონალი ასტრონავტი და ერთი გეოლოგი – ჰარისონ შმიდტი გადასვეს. კიდევ 13 ადამიანი მთვარეზე არ დაშვებულა, მაგრამ მის ორბიტამდე მიაღწია, ამასთან ერთ-ერთი მთვარისკენ ორჯერ გაფრინდა და მასზე არცერთხელ ფეხი არ დაუდგამს. ასტრონავტი ჯეიმს ლოველი თავდაპირველად ისტორიაში პირველ საპილოტე ფრენაში მონაწილეობდა ხომალდზე „აპოლონი 8“, შემდეგ იყო ხომალდის „აპოლონი 13“ მეთაური და მის ზედაპირზე უნდა გადასულიყო, მაგრამ პლანეტაზე დაშვება ხომალდზე ავარიის გამო გააუქმეს, სამაგიეროდ ამ ავარიის გამო „აპოლონი“ დედამიწიდან 400 კილომეტრის დაშორებით გაფრინდა. მაგრამ ლოველის ეკიპაჟზე შორს დედამიწისგან, ჯერ არავინ გაფრენილა.

50 წლის განმავლობაში რატომ არავინ გაფრენილა მთვარეზე?

მთვარეზე ნამყოფი ექვსი ხომალდის ეკიპაჟებმა, იმ დროის ტექნოლოგიის დონეზე მთლიანობაში ყველა შესაძლო სამეცნიერო პროგრამა შეასრულეს. აშშ-მა პროგრამა „აპოლონის“ ბოლო სამი მისია გააუქმა კიდეც, რომ ზედმეტი თანხა არ დაეხარჯა იმაში, რაც უკვე გაკეთებული იყო.

XXI საუკუნის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ საპილოტე კოსმონავტიკის განვითარება ახალი მიზნის გარეშე (სხვა პლანეტების კოლონიზაცია) შეუძლებელია. ამიტომ, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ადამიანების მთვარეზე დაბრუნების გეგმა მომწიფდა, რომელიც არა ერთჯერად ვიზიტებს, არამედ მასზე ან მის ორბიტაზე ბაზების შექმნას გულისხმობდა. მთავარი იდეა – მთვარესთან ახლოს ბაზების და ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის საწვავის საწყობების შექმნაა.    

მთვარესთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნების გეგმების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

როდესმე ადამიანები მთვარეზე ცხოვრებას შეძლებენ?

ოდესმე შესაძლებელია მთვარის მთელ ზედაპირზე ცხოვრება შესაძლებელი გახდეს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს საჭირო არ არის. ბევრად იოლია მასზე ადამიანებისთვის ბაზების შექმნა.

მთვარის საცხოვრებლად ვარგის პლანეტად გადაქცევის მომხრეთა ძირითადი გეგმა გულისხმობს თანამგაზვრის კომეტებით ან ერთი გიგანტური კომეტით დაბომბვას, რომლის ბირთვიც თავად მთვარის მსგავსია. თეორიულად ეს მთვარეზე ატმოსფეროს შექმნას შეუწყობდა ხელს. მაგრამ მზის სისტემაში კომეტების ტრანსპორტირების ტექნოლოგია არ არსებობს და მისი შექმნა არც განიხილება, რაც იმას ნიშნავს რომ ტერაფორმირებაზე ფიქრი ჯერჯერობით არ ღირს და აზრიც არ აქვს.

კოსმოსური სახელმწიფოები სერიოზულად მხოლოდ ბაზების შექმნას განიხილავენ. არსებობს თანამგზავრის პატარა მონაკვეთის შეცვლის დეტალური გეგმაც. ეს მონაკვეთია კრატერი შეკლტონი სამხრეთ პოლუსთან. NASA იქ რობოტების კოლონიის შექმნას გეგმავს, ევროპული კოსმოსური სააგენტო კი – „მთვარის სოფლის“ აშენებას.

ძილში მოსიარულეებს მთვარეულებს რატომ უწოდებენ?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმდინარე კლასიფიკაციის თანახმად, ძილის მოშლის ამგვარ გამოვლინებას სომნამბულიზმს უწოდებენ. თანამედროვე კვლევები არანაირად არ უკავშირებს სომნამბულიზმს და სხვა მსგავს დარღვევებს მთვარეს. შესაძლოა, ძილის დროს სიარულზე პრეპარატების მიღება ახდენს გავლენას. ინგლისურ ენაში სიტყვა lunatic ნიშნავს გიჟს ამ სიტყვის ფართო გაგებით.

მთვარის ფაზები ადამიანების და ცხოველების ქცევაზე მოქმედებს?

თავისთავად ფაზები არაფერზე გავლენას არ ახდენს. მთვარის ადამიანზე სერიოზულ ზეგავლენას მეცნიერების უმრვალესობა ძველ მითად მიიჩნევს, მაგრამ არის გამონაკლისებიც.

ადრე, ნახევარმთვარე უფრო მეტ გავლენას ახდენდა ადამიანებზე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღამის სინათლის მთავარი წყარო იყო. შესაბამისად, რაც უფრო კაშკაშა იყო მთვარე, მით მეტი სინათლე იყო დედამიწაზე და მით უფრო მეტ ადამიანს გააჩნდა სიფხიზლის სურვილი და შესაძლებლობა. XIX საუკუნის ბოლოს, ყოველ შემთხვევაში, დიდ ქალაქებში ეს მიზეზი გაქრა, მას შემდეგ რაც ქუჩები ხელოვნურად გაანათეს. ახლა მთვარის ზეგავლენაში რწმენა – „კულტურული გადმონაშთია“, რომელიც წინაპრებისგან გვერგო.

როგორც წესი, სერიოზული კვლევები უარყოფს იმ ფაქტს, რომ მთვარის მოქცევითი ძალები რაიმე სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ან მის ქცევაზე (მაგალითების ნახვა აქაქ ან აქ შეგიძლიათ). მაგრამ პერიოდულად გამონაკლისებიც გვხდება.

2013 წელს გამოქვეყნდა სტატია, რომელიც შვეიცარიის ძილის ლაბორატორიაში ჩატარებულ ცდაზე მოგვითხრობს, სადაც მოხალისეები იზოლირებულები იყვნენ ქუჩის (შესაბამისად, მთვარის) სინათლისაგან. ნახევარმთვარის დროს უმრავლესობის ძილის ხარისხი (კერძოდ კი ღრმა ძილის ხანგრძლივობა) უარესდებოდა – საშუალოდ, 30%-ით. 

კიდევ ერთი მაგალითი. მიჩნეულია, რომ მთვარე არ აისახება ფსიქიკური დაავადებების გამოვლინებაზე. თუმცა ჟურნალმა Molecular Psychiatry 2017 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერილია ბიპოლარული აშლილობით დაავადებული 17 პაციენტის ორწლიანი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ დაავადებები სინქრონიზებულია მთვარის მოქცევითი ძალების ზემოქმედების მაქსიმუმთან. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ გრავიტაციული ძალები პაციენტებზე მოქმედებს არა თავისთავად, არამედ „გარე აგენტის“ საშუალებით, მაგალითად დედამიწის მაგნიტურ ველზე ზემოქმედებით.

რა მოხდება დედამიწაზე მთვარის გაქრობის შემთხვევაში?

მთვარე დედამიწის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას არ ახდენს. თანამგზავრი ადრე იყო ღამის განათების მთავარი წყარო, თორემ დღეს ადამიანს მის გარეშეც შეუძლია არსებობა. მხოლოდ ღამის მტაცებლებს გაუჭირდებათ.

მთავარი: მთვარის გარეშე მოქცევები ბევრად შემცირდება, ხოლო ოკეანე მთლიანობაში – ბევრად დამშვიდდება. სანაპირო წყლების ბინადრებს ცხოვრების მკვეთრი შეცვლა მოუწევთ; ბევრი, როგორც ჩანს, განადგურდება. ადამიანების ცხოვრება ოკეანესთან – დიდი ტალღების გარეშე – ასევე შეიცვლება. სავარაუდოდ, კლიმატიც შეიცვლება, რადგან ოკეანის დინებები შესუსტდება, ისევე როგორც საჰაერო მასების ცირკულაცია, რომელზეც მოქცევები ასევე აისახება.

ასობით ათასი და მილიონობით წლის შემდეგ მთვარის არარსებობა უკვე მთელ პლანეტას დაეტყობა. ახლა მთვარე დედამიწის ღერძის ბრუნვას ასტაბილურებს, რაც კლიმატსაც შედარებით სტაბილურს ხდის. ამის გარეშე რყევები მნიშვნელოვანი და ხშირი იქნება – დაწყებული წელიწადის დროების წაშლით, დასრულებული მთელი ნახევარსფეროს გაყინვით.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.