რა იცვლება სკოლებში მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლიდან

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნის ნაწილი, სადაც მოყვანილია ბოლო წლების სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების. მაგალითად 2015-16 წლებში იყო – 2 582 შემთხვევა, ხოლო 2017-2018 წლებში – 3 673. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე განათლების სისტემაში არსებული ბევრი პრობლემის ინდიკატორი გახდა. პირველი მათ შორის, ბუნებრივია, არის სკოლის უსაფრთხოება. ამ კუთხით ცვლილებები ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება. სკოლაში მოსწავლეებს მეტალო დეტექტორით შეამოწმებენ; შემოდის ტერმინი – უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს მისივე სქესის მანდატური შეხების გარეშე, მეტალო-დეტექტორით შეამოწმებს. რა ცვლილებები იგეგმება ახალ სასწავლო წელს სკოლებში, თემაზე „ქრონიკის“ კითხვებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაშმა უპასუხა.

უსაფრთხოების თემით დავიწყოთ. პირველ რიგში, თქვენი შეფასებაა საინტერესო – რამდენად სისტემურია პრობლემები ამ ნაწილში? ეს არის მეტ-ნაკლებად მაინც გამონაკლისი შემთხვევები, თუ მთელი სისტემის შეცდომის შედეგი?

მე ვფიქრობ, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდგომ არაერთი შეფასება გაკეთდა სკოლის უსაფრთხოების საკითხის და ჩვენ ცალსახად ვაფიქსირებდით, რომ 4 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის ტრაგედია სკოლის სფეროსთან ასოცირებულ სივრცეში არ მომხდარა. გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული, რომელიც სისტემური პრობლემების არსებობას გამორიცხავდა, თუმცა ამ ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ცვლილებები ჯერ კიდევ აუცილებელი იყო და სწორედ ამიტომ ჩვენ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მივიღეთ, რომელიც ამ ეტაპზე ეხება მანდატურის სამსახურის რეფორმებს. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ცვლილება, რომელსაც ვახორციელებთ და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეტალო დეტექტორებით შემოწმება მოხდება დიდ კონტიგენტიან სკოლებში ეჭვის მიტანის შემთხვევაში. ბუნებრივია, ეს არ იქნება მასშტაბური შემოწმების ოპერაციები; გარდა ამისა, ძლიერდება ვიდეო დათვალიერება როგორც სკოლის შიდა პერიმეტრის, ასევე გარე პერიმეტრის; კოორდინაცია, როგორც სკოლის ტერიტორიის უსაფრთხოების, ასევე გარე პერიმეტრის უსაფრთხოების და კვალიფიკაციის მოთხოვნები იზრდება უშუალოდ მანდატურის სამსახურების თანამშრომლების მიმართ. ეს არის კომპლექსური რეფორმა, რომელიც ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერებასა და მშობელთა ჩართულობის და ახალგაზრდებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კომპონენტთან ერთად განხორციელდება.

რიცხვები მინდა ვთქვა, ხორავას ქუჩის მკვლელობის საგამოძიებო კომისიის დასკვნის ნაწილში ძალიან საინტერესო მონაცემები იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანგაშო სტატისტიკაა. მხოლოდ 51-ე სკოლის რიცხვები რომ წავიკითხოთ, მოსწავლის მიერ მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევა ამ სასწავლო წელს 140 დაფიქსირდა. ძალიან უხეშად ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მესამე დღეს იყო ჩხუბი – ან სიტყვიერი, ან ფიზიკური. სკოლიდან გაპარვის შემთხვევა იყო – 116, გაკვეთილების ჩაშლის – 143 მცდელობა. ეს არის სასწავლო დღეების ნახევარზე ცოტათი ნაკლები. ამ პრობლემებს მოაგვარებს მხოლოდ მეტალო დეტექტორი? ან რა შედეგს ელოდებით კომპლექსურად, მაშინ როცა ამბობთ, თითქოს არც ისე მასშტაბური ჩანდა ეს ყველაფერი?

როგორც აღვნიშნე, მეტალო დეტექტორი არის მხოლოდ ერთი კომპონენტი მრავალკომპონენტიან ცვლილებაში, რომელიც მხოლოდ მანდატურის სამსახურში ხორციელდება, მაგრამ მანდატურის სამსახურის რეფორმით არ სრულდება ჩვენი საუბარი და მუშაობა სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სკოლის უსაფრთხოება მოიცავს როგორც მშობელთა ჩართულობის გაძლიერებას, ასევე ფსიქოლოგიური სამსახურების გაძლიერებას, ახალგაზრდებთან საკონსულტაციო სერვისების გაფართოებას და ის, რაც მთელი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე დაფიქსირდა, სახელოვნებო და სპორტული განათლების კომპონენტის გაძლიერებას, რომელიც ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებად სკოლის უსაფრთხოების და მოსწავლეთა შორის დანაშაულის და კონფლიქტის პრევენციის კუთხით.

და ეს ყველაფერი შეცვლის ამ რიცხვებს, რაც ახლა წავიკითხე?

ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. თუმცა, ისევ და ისევ, დინამიკაში სიტუაციის დაკვირვებით თუკი გავაკეთებთ წლებს შორის შედარებას,  ნამდვილად არ იკვეთება კატასტროფული მდგომარეობა. ბუნებრივია, ნებისმიერი ქვეყნისთვის სკოლის უსაფრთხოების საკითხი პრობლემატურია…

თუმცა ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილი იყო. რადგან წლების შედარება ახსენეთ, ახლა „ქრონიკის“ მაყურებელმაც მოისმინა ინფორმაცია, რომ ბოლო 3 წელიწადში მაჩვენებლების ზრდაა.

შეიძლება კონკრეტული სკოლის მაგალითზე იყოს გარკვეული პრობლემები…

მთელი საქართველოს მასშტაბის მაგალითზე იყო ზრდა.

მე კიდევ ერთხელ დეტალურად გავეცნობი ამ ინფორმაციას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე ხორავას ტრაგედია ბუნებრივია იყო ნამდვილად ერთ-ერთი უდიდესი ტკივილი და გამოუსწორებელი შეცდომა, რომელიც იქნა დაშვებული.

ვისაუბროთ სხვა თემებზეც და დაგეგმილ ცვლილებებზეც. 17 სექტემბერს დაიწყება სწავლა და სკოლაში შესვლის ასაკი კვლავ სადაოა. ვინ შეძლებს წელს პირველ კლასში შესვლას, რა თარიღამდეა ეს ზღვარი, როცა ბავშვს შეუძლია პირველი კლასის მოსწავლე გახდეს?

რამდენადაც წელს 17 სექტემბერს იწყება სასწავლო წელი, რამდენადაც ეს საკითხი იხილებოდა განათლების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 17 სექტემბრამდე დაბადებული ბავშვები სკოლაში შესვლას შეძლებენ. თუმცა მთავარ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, რამდენად შესაძლებელია სკოლის ასაკის გადახედვა – ეს საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული შეკითხვაა და ხშირად მომმართავენ ამ საკითხით მშობლები. 3 წლის წინ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. მათ შეაფასეს სასკოლო ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროგრამების და უშუალოდ საერთაშორისო რეკომენდაციების შეჯერებით მოსწავლეთა მზაობის სასურველი ინდიკატორები. წელს მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება დაწყებით საფეხურზე სახელმძღვანელოებთან და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით. მე არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ჩვენ დავაყენოთ საკითხი სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოითხოვს დროს და დამატებით დაკვირვებას.

ცვლილებებია გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და იცვლება საშინაო დავალების მიმართ მიდგომა. უფრო დეტალურად თუ გვეტყვით ამის შესახებ?

აღნიშნული ცვლილება გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ძირითადად ეხება მეორე კლასელებს. დღემდე პირველი კლასის მოსწავლეები 35-წუთიანი გაკვეთილებით სარგებლობდნენ. მეორე კლასში 45-წუთიდან 40-წუთამდე მცირდება ხანგრძლივობა, ხოლო მესამე კლასიდან სტანდარტულად 45-წუთიანი გაკვეთილები დარჩება. თუმცა აქვე, დიდკონტიგენტიანი სკოლების მოთხოვნისა და შემდგომი მსჯელობის საფუძველზე, როგორიცაა კლასიკური გიმნაზია, 186-ე, ძირითადად თბილისის და დიდი ქალაქების სკოლებს ეხება ეს ცვლილება, შესაძლებელია, რომ 2 და 3-ცვლიან სასწავლო პროცესში ჩართულმა სკოლებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება, 40-წუთამდე შეამცირონ ნებისმიერი ნებისმიერი კლასის გაკვეთილი.

დიდი კონტიგენტი რადგან ახსენეთ, მაქსიმუმ რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში?

ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით საშუალოდ 25 მოსწავლეა სტანდარტი, თუმცა 29-მდე შეიძლება იყოს გაზრდილი მე-7 კლასის ჩათვლით, ხოლო მაღალი კლასები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობენ წინა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, იქ შესაძლოა 30-დან 35-ბავშვამდე გვყავდეს თითოეულ კლასში. ეს ასევე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, 25 ბავშვი საშუალოდ, მათ შორის ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების რეკომენდაციებს.

შინაარსობრივ ცვლილებებზეც ვისაუბროთ. მე-5 კლასში სკოლამ მოსწავლეს უნდა უკვე შესთავაზოს არა ერთი, არამედ ორი უცხო ენა. რამდენად არის მზად განათლების სისტემა ამ ტიპის ცვლილებისთვის?

მაყურებლისთვის რომ განვმარტოთ, ინგლისურ ენა, რომელიც არის სავალდებულო უცხო ენა, მისი შესწავლა იწყება პირველივე კლასიდან, მეორე სემესტრიდან პირველ რიგში ზეპირმეტყველება, ხოლო მე-5 კლასიდან, როდესაც იყო ერთი სავალდებულო დამატებითი მეორე უცხო ენა, ჩვენი საკადრო რესურსებიდან გამომდინარე ძირითადად ხდებოდა რუსული ენის შეთავაზება. ჩვენ გვინდა, რომ ევროპული ენების არჩევანი გაფართოვდეს ბავშვებისთვის. ასევე გაიზარდოს არჩევანი სხვა ენების მიმართებაში, მათ შორის ჩინურ ენასთან მიმართებაში და უკვე მე-5 კლასიდან სკოლებს ექნებათ საშუალება შესთავაზონ ორი უცხო ენა, გარდა ინგლისურისა და მშობლის გადაწყვეტილებით მოხდება შესაბამისი ენის არჩევა. სკოლების მზაობა არის უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ახლდა შესაბამისი ანალიზი და საკადრო რესურსიც შესაბამისად იქნება მოწვეული სხვადასხვა სკოლის მიერ.

მომდევნო სასწავლო წლებში სკოლებში იგეგმება ფინანსური განათლების დანერგვა. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვთქვათ, რომელი კლასიდან უნდა შევიდეს ეს საგანი, ეს იქნება ცალკე საგანი თუ რომელიმე საგნის შემადგენელი კომპონენტი?

ფინანსური განათლება ძირითადად იქნება „მე და საზოგადოების“ და „ჩვენი საქართველოს“ საგნის ნაწილი. ეს გახლავთ ფინანსური განათლების ელემენტები, რომელიც სექტემბრიდან დაინერგება დაწყებით კლასებში, მე-3 და მე-6 კლასის ჩათვლით, გარკვეული ძირითადი პრინციპებით, თუმცა უფრო საფუძვლიანი შესწავლა ფინანსური განათლების დაიწყება საბაზო საფეხურზე, რომლის ახალი სახელმძღვანელოები 2019 წლიდან იქნება მზად. მოგახსენებთ, რომ ეს არის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, აშშ-ში ფართოდ აპრობირებული მიდგომა, როდესაც ადრეული ასაკიდანვე მოსწავლეები ეუფლებიან ფინანსური მართვის ძირითად პრინციპებს და მათ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების მანძილზე უფრო ეფექტურად მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ფინანსური რესურსების მართვასთან დაკავშირებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკი უკვე ჩართულია პილოტურ ფაზაში აღნიშნული სასწავლო პროგრამის და ძალიან საინტერესო მიდგომა იქნება.

წინა კითხვას მინდა დავუბრუნდე, უბრალოდ სრულად არ გიპასუხიათ. საშინაო დავალების მიდგომის ცვლილებასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა იცვლება, უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ?

საშინაო დავალებების შეფასება არ მოხდება პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, თუმცა, ბუნებრივია, მასწავლებელი ინდივიდუალურად მოახდენს თითოეული მოსწავლის აკადემიური მომზადების შეფასებას და რეკომენდაციების მიწოდებას.

ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ „შავი ზღვის უნივერსიტეტზეც“, რომელიც პრობლემებით ხვდება ახალ სასწავლო წელს. უნივერსიტეტმა გადასახადი გადაიხადა, ანუ მოაგვარა პრობლემა, რასაც ავტორიზაციის საბჭო მას ედავებოდა. როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგაც უნდა დარჩეს კითხვები ავტორიზაციის საბჭოს?

თუკი ფინანსური დავალიანება იყო ერთადერთ პრობლემა, რომლის წინაშეც იდგა „შავი ზღვის უნივერსიტეტი“, ბუნებრივია, სააპელაციო პროცესის დასრულების შემდგომ მათ ხელახალი ავტორიზაცია მიეცემათ. სამწუხაროა, რომ მეც ძალიან განვიცადე ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე ამ პრობლემის აღმოჩენა, რადგან ბუნებრივია ახალ აბიტურიენტებს, წარმატებულებს, რომლებმაც „შავი ზღვის უნივერსიტეტში“ ჩააბარეს, მათ ჰქონდათ მოლოდინები, რომ სექტემბრიდანვე მათთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელებდნენ სწავლას, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ის საგანგებო მობილობა, რომელიც იქნება დაშვებული, ყველა პირობის შესრულების შემდგომ დროულად მოხდება და თითოეულ სტუდენტს მიეცემა საშუალება, თუნდაც მოგვიანებით დაუბრუნდეს მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტს.

იყო გარკვეული საუბარი პოლიტიკურ ნიშნებზე ამ პროცესში. ამ ნაწილს სრულად გამორიცხავთ?

რამდენადაც ავტორიზაციის პროცესი ეხება ყველა უნივერსიტეტს და ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთ უნივერსიტეტს შეეხო ავტორიზაციის საბჭოს საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება, ამ პროცესში აბსოლუტრად გამოვრიცხავ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.