რა პირობით გადასცეს რუსებმა ტარიელ ონიანი ესპანეთს

ცნობილი კრიმინალური „ავტორიტეტის”, ტარიელ ონიანის რუსეთიდან ესპანეთში ექსტრადირებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკება და რუსეთის ხელისუფლება მის გადაცემას მხოლოდ გარკვეული პირობით დათანხმდა. ამ შეთანხმების წყალობით კი, ცნობილ „კანონერ ქურდს” ესპანურ ციხეში არც ისე დიდი ხნით მოუწევს ყოფნა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი მას ოფიციალურად ექნება ესპანეთში ცხოვრების უფლება. ამის შესახებ რუსული გამოცემა „როსბალტი” იუწყება რუსეთის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

„როსბალტის” ინფორმაციით, ონიანის ესპანეთში ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები 2019 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც მას რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე საპატიმროში სასჯელს ვადა გაუვიდა, თუმცა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება რთულად წარიმართა.

ესპანეთიდან რუსეთში ოფიციალურად გაგზავნილი დოკუმენტების თანახმად, ონიანს ბრალი ედებოდა ესპანეთის ტერირორიაზე კრიმინალური დაჯგუფების წევრობასა და ფულის გათეთრებაში. ესპანური კანონმდებლობით, ფულის გათეთრება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლება და ამ ბრალდებით გასამართლებისა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ონიანს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა ელოდა.

რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ონიანის საქმის მასალების შესწავლისას განაცხადა, რომ, მასში არ ჩანს ის მტკიცებულებები, რომელიც ონიანის ფულის გათეთრებაში მონაწილეობას ადასტურებს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ექსტრადირებაზე თანხმობას მხოლოდ იმ პირობით გასცემდნენ, თუ ესპანეთი ვალდებულებას აიღებდა იმაზე, რომ ონიანი მხოლოდ კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის დაისჯებოდა. ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ამ პირობას დათანხმებოდა.

2019 წლის 23 ოქტომბერს ონიანი რუსეთიდან ესპანეთში იქნა ექსტრადირებული. ფულის გათეთრების ბრალდების გაუქმების შემდეგ, დარჩენილი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში მას სულ 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ელის. იმის გათვალისწინებით, რომ ონიანმა 8 თვე უკვე გაატარა წინასაექსტრადიციო პატიმრობაში რუსეთში და უკვე 3 თვეა ესპანეთის ციხეში ზის, მას სავარაუდოდ პატიმრობაში ყოფნა არც ისე დიდი ხნით მოუწევს.

იკვეთება ერთი საინტერესო მომენტიც – რუსეთში სასამართლო დაადგინა, რომ თავის დროზე ონიანმა რუსული პასპორტი კანონის დარღვევით მიიღო. შესაბამისად, მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა და ესპანეთში გაიგზავნა როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი. ესპანური კანონმდებლობით კი, თუ გასამართლებულ პირს მოქალაქეობა არ აქვს, სასჯელის მოხდის შემდეგ მას უფლება აქვს საცხოვრებლად ესპანეთში დარჩეს.

ტარიელ ონიანი ამჟამად გაძლიერებული დაცვის ქვეშ სოტო დელ რეალის ციხეში იმყოფება და სასამართლოს დაწყებას ელოდება.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.