რა ცვლილებებით ჩატარდება 2020-ის საპარლამენტო არჩევნები (ცვლილებების ჩამონათვალი)

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დღეს იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩვენები ჩატარდება.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები არჩევნებს უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის.

„1) კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმად, არჩევნები ჩატარდება პროპროციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

2) შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.

3) პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30% იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს.

4) უფასო საეთერო დრო სამართლიანად და თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.

5) ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტრიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.

6) წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.

7) პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება.

8) ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

9) დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.

როგორც ხედავთ, ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც. სწორედ ამ მიზნით დღეს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა უზრუნველყოფილია,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.