რა წერია ნატოს ახალ დეკლარაციაში საქართველოს შესახებ

ნატოს წევრი 29 ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველოს შესახებაც წერია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, MAP- ის მიღება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს. მივესალმებით 2008 წლის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა საბოლოო გაწევრიანებისთვის.

ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო მისიებში ჩართულობას.ნატო ელის 2019 წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას“ –  წერია ბრიუსელის დეკლარაციის 65-ე მუხლში.

ასევე, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.

„მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, კერძოდ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანა; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და შეწყვიტოს საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების შენება“ – წერია დეკლარაციაში.

გაფართოებულ დეკლარაციაში რუსეთი გაკრიტიკებულია ასევე სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის უკრაინაში, რაკეტების განთავსებისათვის კალინინგრადში, ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცის „არაერთგზის“ დარღვევისთვის, „უპასუხისმგებლო და აგრესიული ბირთვული რიტორიკისათვის“, სხვა ქვეყნების (მათ შორის მონტენეგროს) საქმეებში ჩარევისთვის, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმებისათვის, ასევე დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ქიმიური თავდასხმისათვის.

დოკუმენტში ლაპარაკია ასევე, ალიანსის მიერ გეგმის „30-30-30-30“ მოწონების შესახებ. ეს გეგმა გულისხმობს 30 დღის განმავლობაში 30 ქვეითი ბატალიონის, 30 საავიაციო ესკადრილიის და 30 სამხედრო გემის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას. გეგმა აშშ-ის შეთავაზებულია და როგორც ნატოში Reuters-ის წყარო ამბობს, მიმართულია სწრაფი მობილიზებისაკენ რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში.

„ჩვენ განვაგრძობთ სწრაფვას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისაკენ იმ მომენტისთვის, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადეს ნატოში.

ნატოს სამიტს 11-12 ივლისს ბრიუსელი მასპინძლობს. სამიტში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.