„რეზონანსი” – სად ქრება და იფლანგება სავალუტო რეზერვი? – ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი კიდევ ერთხელ შემცირდა, სად ქრება ეს თანხა, უცნობია

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი კიდევ ერთხელ შემცირდა. სად ქრება ეს თანხა, უცნობია. სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა, მას სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის იყენებენ. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში სებ-ს არცერთი დოლარი არ დაუხარჯავს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად. მიუხედავად ამისა, როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, რეზევრი პერმანენტულად მცირდება.

საქართველოს სავალუტო რეზერვი ბოლო ერთ თვეში 57 მილიონი დოლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვის მოცულობა 3 მილიარდ 95 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც უცხოური ვალუტის რეზერვი 2 მილიარდ 894 მილიონი დოლარია. 30 სექტემბრის მდგომარეობით კი,

რეზერვის მოცულობა 3 მილიარდ 152 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სავალუტო რეზერვის დაბალ მოცულობაზე მიუთითებს. ფონდის ცნობით, რეზერვი ე. წ.# ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა.

ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება სავალუტო რეზერვი კომერციული ბანკებისთვის დახარჯულიყო, რასაც საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა არ იზიარებს. მისი ვარაუდით, უცხოური ვალუტა სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის დაიხარჯა.

„კომერციულ ბანკებს სებ-ი სესხს მხოლოდ ლარში აძლევს. რამდენადაც ცნობილია, მას სავალუტო ბაზარზე ლარი, დიდი ხანია, არ შეუსყიდია. ამდენად, ეს სახელმწიფო ვალის მომსახურებაა. გარდა ამისა, უმეტესი წილი თანხისა სებ-ს უცხოურ

ფასიან ქაღალდებში აქვს დაბანდებული სხვადასხვა ფირმის, ფონდის, კომერციული ბანკისა და სხვა ფინანსური სტრუქტურების საშუალებით. ალბათ იქაც პრობლემებია.

„ჯერჯერობით სებ-ს სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. ის არ ხარჯავს რეზერვს ლარის კურსის გასამყარებლად, ამ მექანიზმს არ იყენებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მხოლოდ საგარეო ვალის მომსახურებაზეა ეს თანხა დახარჯული. შეიძლება იყოს სახელმწიფო ან თუნდაც საკუთარი ვალი (სებსაც აქვს თავისი ვალდებულებები).

ფაქტია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს „პრინციპული პოზიცია”, არ დახარჯოს ფული ლარის გასამყარებლად და დასარეგულირებლად. ის მზად არის, დაუშვას ლარის მკვეთრი გაუფასურება, ოღონდ არ დახარჯოს ვალუტა. რისთვის ინახავს ფულს, როცა ქვეყანას უჭირს, საერთოდ გაუგებარია”, – ამბობს „რეზონანსთან” ელიავა.

ექსპერტის შეფასებით, კრიზისულ სიტუციებში სებ-ის ქმედება ხშირად არაადეკვატურია. სებ-ი ძალიან უცნაურად იქცევა და ლოგიკურად ვერ აიხსნება მისი საქციელი.

„სხვათა შორის, კრიზისულ სიტუაციებში კომერციულ ბანკებზე უცხოურ ვალუტაშიც გაიცემა სესხი. ბოლო მაგალითი თურქეთში იყო, როცა სავალუტო პრობლემის დროს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კრიზისის თავიდან აცილების მიზნით კომერციულ ბანკებს სესხი მისცა დოლარსა და ევროში, რადგან მათ წარმოეშვათ ვალუტის მწვავე დეფიციტი, როგორც ახლა საქართველოში ხდება. ჩვენთან სებ-ი ასე არასოდეს მოქცეულა. ის ამბობს, რომ არ ერევა სავალუტო კურსის ფორმირებაში, რითაც ქვეყანას, ფაქტობრივად, წირავს.

ვერც იმას ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკი ფულს ფლანგავს, პირიქით, მოჭარბებულად უჭერს ხელს სავალუტო რეზერვს და არ ხარჯავს საჭიროების შემთხვევაშიც. სავალუტო რეზერვის დიდი ნაწილი გატანილია საზღვარგარეთ, ფასიან ქაღალდებში. რეალურად რომ დასჭირდეს სებ-ს დიდი ოდენობით ფული ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად, ის ფასიანი ქაღალდებიდან ამ ფულს ვერ ამოიღებს (ეს გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია). ფაქტობრივად, თითქმის ნულზე ზის, სებ-ს ფული დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი ოპერატიული საქმიანობისთვის, რომ გადარიცხოს თანხა თავისი და ასევე ბიუჯეტის ვალდებულების შესასრულბლად, ეს არის და ეს”, – ამბობს ელიავა.

განსხვავებული მოსაზრებისაა საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი. მისთვისაც უცნობია, სად დაიხარჯა სავალუტო რეზერვი, თუმცა არის ალბათობა, რომ ეს თანხა მიმართულიყო საბანკო სისტემის ლიკვიდობისთვის უცხოურ ვალუტაში.

„სავალუტო რეზერვი არსებობს, რათა საჭიროების შემთხვევაში სებ-მა გამოიყენოს. მას შეუძლია, რომ სავალუტო რეზერვი გამოიყენოს ინტერვენციისთვის, როდესაც ლარის ღირებულება ეცემა, მაგრამ ინტერვენციას იგი მიმართავდა მხოლოდ დროთა განმავლობაში, მას არ ჰქონია სისტემური ხასიათი.

დანარჩენი ნაწილი, შესაძლოა, გაცემულ იქნეს სხვა მიზნისთვისაც, მაგალითად, საბანკო სისტემის ლიკვიდობისთვის უცხოურ ვალუტაში და სხვა. ამ რეზერვის გამოყენება სებ-ის პრეროგატივაა და იგი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე რას მოხმარდა ეს ფული, ამაზე სებ-მა უნდა ისაუბროს, ამ რეზერვს რაში დახარჯავენ. ბუნებრივია, ყველა დეტალზე ინფორმაცია მხოლოდ სებ-ს აქვს, ჩვენ კი შეიძლება ვარაუდის დონეზე ვიმსჯელოთ”, – განუცხადა „რეზონანსს” თოქმაზიშვილმა.

მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.