რთული ეკონომიკური მდგომარეობა ჭარბი დემოკრატიის ფონზე, არაკონსტრუქციული ოპოზიცია და გუნდში დაპირისპირება – ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მას პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია.

განცხადება ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გააკეთა.

ივანიშვილმა სამი ძირითადი მიზეზი დაასახელა – რთული ეკონომიკური მდგომარეობა სიტყვის თავისუფლების მაღალი ხარისხის ფონზე, არაკონსტრუქციული ოპოზიცია და გუნდში არსებული დაპირისპირება.

ივანიშვილი ამბობს, რომ ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით, ქვეყანაში ვითარების “დაჭერა გართულდებოდა”.

ივანიშვილის თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, საქართველოს ეკონომიკა 10-ჯერ მცირეა ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე.

„ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო და დარწმუნებით ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ვერ ნახავთ პრეცედენტს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ასეთ სიმაღლეზე იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მაგრამ ერთ-ერთი უფლება და მთავარი უფლება, რომ მას ჰქონდეს სამუშაო და ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ ახერხებს და ამ ფონზე, კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან სახიფათოა სტაბილურობის შენარჩუნება და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან სიძულვილის ენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ხვედრი მხოლოდ კრიტიკა არ არის – მათ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების უკეთესი გზებიც უნდა აჩვენონ.

„ოპოზიციაც შეგახსენეთ, ეს სიძულვილის ენა, რომელიც ჭარბობს, ნაცვლად კიდევ გავიმეორებ, ოპოზიციის მხრიდან არგუმენტირებული და დასაბუთებული შენიშვნებისა, სწორი გზების ძიებისა და ჩვენებისა, რომელიც მათ საზოგადოებას უნდა აჩვენონ. ეს არ არის ოპოზიციის ხვედრი მხოლოდ, რომ აკრიტიკოს, კრიტიკა და ოპონირება, რა თქმა უნდა, ძირითადია, ამავდროულად, მათ უნდა მოახერხონ და საზოგადოებას ქვეყნის განვითარების უკეთესი გზები აჩვენონ. ნაცვლად ამისა, ვიღებთ იმას, რაც მოგახსენეთ – სიძულვილის ენა სამწუხაროდ, ძალიან ჭარბობს, ჭარბობს გინება, ლანძღვა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფა, ნაცვლად პროფესიონალური და საფუძვლიანი ოპონირებისა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.