რიკოთის გზის ორი მონაკვეთის მშენებლობის ბიუჯეტი 200 მლნ ლარი იყო, სამინისტრომ კი გამარჯვებულ კომპანიებზე ავანსის სახით 390 მლნ ლარი გასცა

რიკოთის გზის ორი მონაკვეთის მშენებლობის ბიუჯეტი 200 მლნ ლარი იყო, სამინისტრომ კი გამარჯვებულ კომპანიებზე ავანსის სახით 390 მლნ ლარი გასცა — ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. 

პარლამენტარის განცხადება factcheck.ge-ის ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა. 

2018 წელს რიკოთის გზის ორი მონაკვეთის, ხევი-უბისა და შორაპანი-არგვეთას, დაგეგმილი ბიუჯეტი 130 მლნ ლარი იყო. დაზუსტებული ბიუჯეტი 339 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ბიუჯეტის ხარჯმა საბოლოოდ 393 მილიონ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 387 მილიონი გამარჯვებული კომპანიებისთვის ავანსად გადარიცხული თანხა იყო.

მიმდინარე წელს ამ მონაკვეთების მშენებლობის ბიუჯეტის გეგმა 200 მილიონი ლარია. თუმცა გამარჯვებულ კომპანიებს საავანსო თანხები წინა წლის ბიუჯეტიდან გადაერიცხათ.

აბესაძემ (როგორც მან ჩვენთან საუბარში დააზუსტა) ბიუჯეტის არამიზნობრივ და არაეფექტიან ხარჯვაში ის იგულისხმა, რომ 2019 წელს ხევი-უბისა და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების მშენებლობის ბიუჯეტის გეგმა არის 200 მილიონი ლარი, შესაბამისად, დაგეგმილია, რომ გამარჯვებულმა კომპანიებმა 200 მილიონის სამუშაო უნდა განახორციელონ. ავანსის სახით კი დაგეგმილ ბიუჯეტით გათვალისწინებულზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა ჩაერიცხათ. ანუ, რეალურად კომპანიები ჩარიცხული თანხის შესაბამის სამუშაოს ვერ შეასრულებენ. ასევე, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების დასაწყებად 387 მილიონი ლარის საჭიროება გადაჭარბებულია და ავანსად ამ რაოდენობის თანხის გაცემა მინიმუმ ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რამდენი თანხა დასჭირდებათ კომპანიებს მოსამზადებელი სამუშაოების საწარმოებლად ან ავანსად გაცემული თანხა საჭიროზე მეტი არის თუ არა. ფაქტი ის არის, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტიდან თანხა (491.2 მლნ ლარი) ბოლოს დეკემბერში აითვისეს. უფრო ზუსტად, აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა და როგორც, ზემოთაც აღვნიშნეთ, 387 მილიონი რიკოთის გზის ორი მონაკვეთის მშენებლობის განმახორციელებელ კომპანიებს ავანსის სახით ჩაერიცხათ.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გადარიცხვები ბიუჯეტის ფორმალურად შესასრულებლად განხორციელდა. სწორედ ბოლო ერთ თვეში განხორციელებული ბიუჯეტის დაზუსტების და გადარიცხვების ხარჯზე მოხდა 2018 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტის 107.9%-ით შესრულება.

რადგან განცხადების მეორე ნაწილს ფაქტებით ვერ ვადასტურებთ, ირაკლი აბესაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან, ირაკლი აბესაძემ განაცხადა: „რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე, 2018 წლის 13 დეკემბერს დამტკიცებული ბიუჯეტით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო აპირებდა 200 მლნ ლარის ჯამურად დახარჯვას, თუმცა იმავე პერიოდში სამინისტრომ ორ კომპანიაზე გასცა ავანსის სახით დაახლოებით 390 მლნ ლარი ანუ ორჯერ მეტი თანხა, ვიდრე მიმდინარე წელს კომპანიებმა უნდა დახარჯონ, ეს ნამდვილად არის, რბილად, რომ ვთქვათ სახელმწიფო ფინანსების არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს არის კორუფციული ხარჯვა“.

რიკოთის საუღელტეხილო გზა 52 კილომეტრი სიგრძისაა და ოთხ ლოტად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი და შორაპანი-არგვეთა.

რიკოთის გზის ორი მონაკვეთის ხევი-უბისა და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებს, დაგეგმილი ბიუჯეტი 130 მლნ ლარი იყო. დაზუსტებულმა ბიუჯეტმა 339 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის ხარჯმა 393 მილიონ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 387 მილიონი გამარჯვებული კომპანიებისთვის ავანსად გადარიცხული თანხა იყო.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ჩინურ კომპანია Hunan Road & Bridge Construction Group-თან ხელშეკრულება 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა, რომლის ღირებულება 732 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულ კომპანიას ავანსის სახით თითქმის 150 მილიონი ლარი ჩაერიცხა.

რაც შეეხება უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობას, მას ჩინური კომპანია China Road and Bridge Corporation განახორციელებს. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა და მისი ღირებულება 902 მილიონ ლარამდეა. ამ შემთხვევაში საავანსო თანხა 237 მილიონ ლარზე მეტია. სულ ჯამში, ორ გამარჯვებულ კომპანიას, ავანსის სახით 387 მილიონ ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობისთვის დაგეგმილ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აღემატება და დაზუსტებულ ბიუჯეტსაც მცირედით სჭარბობს.

მიმდინარე წელს აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობის დაგეგმილი ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია. თუმცა გამარჯვებული კომპანიებისთვის საავანსო თანხა წინა წლის ბიუჯეტიდან გადაირიცხა.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშიც აღნიშნულია, რომ 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების უმეტესი ნაწილი საავანსო გადახდებს მოიცავდა, რომლებიც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოებისათვის (სამშენებლო სპეც-ტექნიკის, მანქანა-მექანიზმების, ბეტონის ქარხნების, ქვის სამტვრევი დანადგარების, სამშენებლო მასალების საველე ოფისების და სხვა) იყო გათვალისწინებული და ასევე, განსახლების გეგმის განხორციელებისათვის საჭირო თანხებს.

ირაკლი აბესაძემ (როგორც ჩვენთან საუბარში დააზუსტა) ბიუჯეტის არამიზნობრივ და არაეფექტურ ხარჯვაში ის იგულისხმა, რომ 2019 წელს აღნიშნული მონაკვეთების ბიუჯეტის გეგმა არის 200 მილიონი, შესაბამისად, დაგეგმილია, რომ გამარჯვებულმა კომპანიებმა 200 მილიონის სამუშაო უნდა შეასრულოს. ავანსის სახით კი დაგეგმილზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა ჩაერიცხათ. ანუ, მისი განმარტებით, რეალურად კომპანიები ჩარიცხული თანხის შესაბამის სამუშაოს ვერ შეასრულებენ. ასევე, მისივე აზრით, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების დასაწყებად 387 მილიონი ლარის საჭიროება გადაჭარბებულია და ავანსად ამ რაოდენობის თანხის გაცემა მინიმუმ ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რამდენი თანხა დასჭირდებათ კომპანიებს მოსამზადებელი სამუშაოების საწარმოებლად ან ავანსად გაცემული თანხა საჭიროზე მეტი არის თუ არა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტიდან ბოლო ერთ თვეში 491.2 მლნ ლარი აითვისეს. უფრო ზუსტად, თანხები ბიუჯეტიდან გადაირიცხა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, 387 მილიონი ლარი ავანსის სახით ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მშენებლობის განმახორციელებელ კომპანიებს ჩაერიცხათ. შეიძლება ითქვას, რომ გადარიცხვების მიზანი ბიუჯეტის ფორმალურად შესრულება იყო. სწორედ, წლის ბოლო ერთ თვეში ბიუჯეტის დაზუსტების და გადარიცხვების ხარჯზე 2018 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტის 107.9%-ით შესრულებულად ჩაითვალა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიგი მონაკვეთების მშენებლობა გარკვეული ხარვეზებით და დროში ჩამორჩენით მიმდინარეობს (იხ. სტატია).

factcheck.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.