რისთვის აგზავნის ვაშინგტონი ევროპაში 20-ათასიან არმიას

აშშ-ს ყველზე ფართომასშტაბიან წვრთნები ევროპაში ქართული არმიის მონაწილეობით

„ახალი ცივი ომი დაიწყო და დაპირისპირებულ მხარეები ცდილობენ თავიანთი „კუნთები აათამაშონ” და სიძლიერე აჩვენონ, წელს რუსეთმა თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები „ცენტრი 2019″ გამართა, რომელშიც ჩინეთი და სხვა ქვეყნები მიიპატიჟა.

“ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება და გასაგებია, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიც ცდილობენ, რომ არ ჩამორჩნენ და ახლა ისინიც იწყებენ ამ სწავლებებს” – ასე აფასებს „რეზონანსთან” სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, დაანონსებულ აშშ-ის ფართომასშტაბიან წვრთნებს, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ევროპის ტერიტორიაზე ჩატარდება.

აშშ-მა, შეიძლება ითქვას გამოიღვიძა ისევ ლიდერის პოზიციას უბრუნდება, იგი ევროპაში ბოლო 25 წლის მანძილზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. მასშტაბურ წვრთნებში „Defender 2020″-ში გერმანია, პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და საქართველო მონაწილეობს, რომლის მიზანია ნატო-ს სამხედრო მზადყოფნის გაზრდა და პოტენციურ გამოწვევებთან გამკლავება.

ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ წვრთნების ფარგლებში მოხდება პენტაგონის სამხედროების საკმაოდ დიდი ნაწილის გადმოსროლა, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო სწავლებაა, რომელიც ევროპაში იმართება, და რომლის ფარგლებშიც პენტაგონი 20 ათასამდე ამერიკელ სამხედროს გადმოისვრის, ანუ ხდება აშშ-ის არმიის საკმაოდ დიდი შენაერთის ევროპაში გადმოსროლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის, რომ საქართველოც იქნება ჩართული, ეს გასაგებია, იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციულად ბოლო ხანს ყოველწლიურად იმართება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები, ჩვენი პარტნიორები, როგორც ნატო ასევე პირველ რიგში აშშ, უკვე მიეჩვივნენ საქართველოს მონაწილეობას ასეთ ერთობლივ წვრთნებში, ასე რომ ამ „Defender 2020″-შიც ქართული არმიის დანაყოფების მონაწილეობა საინტერესო იქნება.

„ახალი ცივი ომი დაიწყო და დაპირისპირებულ მხარეები ცდილობენ თავიანთი „კუნთები აათამაშონ” და სიძლიერე აჩვენონ.

“მაგალითად, წელს რუსეთმა თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები გამართა „ცენტრი 2019”, რომელშიც ჩინეთი და სხვა ქვეყნები მიიპატიჟა – ეს იყო რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება, გასაგებია, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიც ცდილობენ არ ჩამორჩნენ და ახლა ისინიც იწყებენ ამ სწავლებებს, რომელიც შეჩერებული იყო პირველი ცივი ომის დამთავრების შემდეგ.

ალადაშვილისვე თქმით, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა გამოიღვიძა, თუმცა, მისი თქმით, ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ძველ სიძლიერეს რომ დაუბრუნდეს, ეს პროცესი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

„ის, რომ ნატოს ეძინა, ეს ფაქტია და უკვე თვითონაც აღიარებენ. 90-იან წლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები თვლიდნენ, რომ მათ ეს ომი მოიგეს, რუსეთი დააჩოქეს, თუმცა, მათი მოსაზრება არ გამართლდა, 2000-იანი წლებიდან რუსეთი გაძლიერდა, პირველ რიგში მოაგვარა თავისი შიდა პრობლემა, ჩეჩნეთის სახით, შემდეგ უკვე საქართველოზე გამოილაშქრა, ამის შემდეგ უკრაინაზე.

„რუსეთის საქართველოზე გამოლაშქრებით ნატომ გაღვიძება მაინც ვერ მოახერხა, ხოლო უკრაინაში ყირიმის დაპყრობის შემდეგ ალიანსი მეტ-ნაკლებად გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ თუ რუსეთი უკრაინას ჩაყლაპვდა, შემდეგ უკვე შეიძლებოდა მათი რიგიც დამდგარიყო, პირველ რიგში ეს უფრო ბალტიისპირეთის ნატოს წევრ ქვეყნებს ეხებოდა.

„ნატო ნელ-ნელა ფხიზლდება, თუმცა საკმაოდ დიდი დროა დაკარგული და ის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების, იგივე გერმანიის შეიარაღებული ძალები იმ დონემდე, რომ მივიდეს, როგორიც ადრე, პირველი ცივი ომის დროს იყო, ამისთვის უდიდესი ფინანსური ხარჯის გაღებაა საჭირო, რაც საკმაოდ ბევრ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

„ყველა ცდილობს, რომ თავისი ძალა აჩვენოს. შესაძლოა, დიდი წვრთების პატარა ნაწილი გაიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე, ამ სწავლებებში ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ დაიხვეწოს ლოჯისტიკა, ანუ, მოხდეს ნატოს პარტნიორი ქვეყნების საბრძოლო დანაყოფების დროული, ოპერატიული გადმოსროლა საქართველოს პორტებში, აეროდრომებზე და მათი გადაადგილება საქართველოს გზებზე, როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო, დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯარების დროულ ოპერატიულ გადასროლას ერთი რეგიონიდან მეორეში.

„Defender 2020″ -შიც სწორედ ამას მიექცევა ყურადღება, როდესაც 20 ათასამდე ამერიკელი სამხედროს გადმოსროლა უნდა მოხდეს ჩრდილო-ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში.”-განაცხადა ალადაშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „Defender 2020″ -ის წვრთნებში 20 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი სამხედრო ჩაერთვება.

ინფორმაცია ევროპაში აშშ-ის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების „Defender 2020″-ის გეგმების შესახებ ამერიკულმა გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმს”-მა გაავრცელა.

თამთა ჩაჩანიძე

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.