რისთვის გამოდის ხალხი ქუჩაში რუსეთში – „რევოლუციები ამგვარ საფუძველზე ხდება“

„ეს არ არის ერთი თვის წინ დაწყებული თემა. უბრალოდ, უკანასკნელი ერთი თვის განმვლობაში სიტუაცია გამწვავდა. რუსეთი ძალიან სწრაფინაბიჯებით მიექანება დიქტატურისაკენ, რასაც დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოება, საკმაოდ აქტიურად უწევს წინააღმდეგობას.

სიტუაციის შემდგომი გამწვავება ადვილად პროგნოზირებადი ხდება – რევოლუციები სწორედ ამგვარ საფუძველზე ხდება”, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა მოსკოვის ცენრტში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე აქციები, რომელიც მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის გაიმრთა.

ყველაზე მასშტაბური აქცია უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რუსეთში 10 აგვისტოს გაიმართა და მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა მოსკოვის სამოქალაქო საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაა. ათობით ათასმა ადამიანმა 27 ივლისს და 3 აგვისტოს გამართეს არასანქცირებული აქციები, რის 2.3 ათასზე მეტი მომიტინგე დააკავეს, ხოლო საგამოძიებო კომიტეტმა კი „მასობრივი არეულობების” მუხლითა და პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებებით, რაც აქციის 13 წევრს ედება ბრალად, საქმე აღძრა.

უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ერთადერთი შეთანხმებული აქცია 10 აგვისტოს სახაროვის მოედანზე გაიმართა, სადაც დაახლოებით 50 000 ადამიანი იყო „ბელი სჩოტჩიკის” მონაცემებით. განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათო კვლევის თანახმად, 10 აგვისტოს 20 000 მომიტინგე იყო შეკრებილი. მიტინგის დასრულების შემდეგ აქციის წევრების ნახევარი ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციასთან გაემართა და რამდენიმე საათის განმავლობაში რუსულ ომონს გაურბოდა. მესამე მასშტაბური აქციის შემდეგ 200-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.

„რეზონანსი” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან შეეცადა იმის გარკვევას, გამოიღებს თუ არა რაიმე მნიშვნელოვან შედეგს მოსკოვში მინდინარე აქციები და რა შეიძლება, რომ შეიცვალოს ფედერაციაში უახლოეს მომავალში.

„რეზონანსი”: რა პროცესები მიმდინარეობს ახლა რუსეთში და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რატომ გააქტიურდა ეს აქციები?

ირაკლი მენაღარიშვილი: ეს არ არის ერთი თვის (წინ დაწყებული) თემა. უბრალოდ, უკანასკნელი ერთი თვის განმვლობაში სიტუაცია გამწვავდა, რადგან ადგილობრივ საკრებულოებში, კერძოდ მოსკოვში ტარდება არჩევნები.

მთელი ის მოლენათა ჯაჭვი, რომელიც მოხდა, უკავშირდება მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნების საკითხს. არჩევნებში სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით მონაწილეობა აუკრძალეს ოპოზიციური ძალების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს.

„რუსეთი ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიექანება ძალაუფლების კონცენტრაციისკენ და დიქტატურისაკენ, რასაც, რა თქმა უნდა, დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოება, რომელიც რუსეთში არსებობს, საკმაოდ აქტიურად უწევს წინააღმდეგობას. სწორდეს ეს მოვლენები გახლდათ ამ მანიფესტაციის დაწყების მიზეზი”.

„რ.”: არის თუ არა ეს აქციები იმის მანიშნებელი, რომ რუსულ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი სულ უფრო და უფრო იზრდება?

ი.მ: იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც პოსტსაბჭოთა და არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივი პროცესების განვითარების თაობაზე არსებობს, სიტუაციის შემდგომი გამწვავება ადვილად პროგნოზირებადი ხდება, რადგან ხელისუფლება სულ უფრო და უფრო დრაკონური მეთოდებით უწევს წინააღმდეგობას დემოკრატიზაციის ამგვარ პროცესს.

უკანასკნელი ორი შეხვედრისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა ეს დემონსტრაცია, ერთიც და მეორეც, გახლდათ აბსოლუტურად მშვიდობიანი და უწყინარი – ადამიანები გამოვიდნენ და უბრალოდ, მოსკოვის ცენტრის გარკვეულ ადგილზე შეიკრიბნენ. მათ დაერია სამხედრო ფორმირება ეროვნული გვარდიისა და ერთ შემთხვევაში 800, ხოლო მეორე შემთხვევაში 1 300 ადამიანი დააკავეს.

ასეთი წინააღმდეგობის გაწევა, რა თქმა უნდა, საზოგადოების კიდევ უფრო გამკაცრებას იწვევს და ამგვარი ესკალაცია ძალების ძალიან მარტივად შეიძლება, რომ მივიდეს სერიოზულ გართულებამდე.

მაგრამ, ჯერჯერობით რაიმეს პროგნოზირება ძნელია, რისი ერთერთი მიზეზი ისაა, რომ ეს არის მოსკოვი, სადაც, სხვათა შორის, უკანასკნელი რამდენიმე სხვადასხვა არჩევნების დროს მმართველმა პარტია „ერთიანმა რუსეთმა”, მარცხი განიცადა, ამიტომ მოსკოვში ეს საპროტესტო მუხტი უფრო გამოკვეთილია. ასე რომ, სიტუაცია მარტივი ნამდვილდ არაა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის”.

„რ.”: შეიძლება თუ არა, რომ ის მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც მიმდინარეობს რუსეთში, ქვეყანაში რაიმე ცვლილების მომასწავლებელი გახდეს?

ი.მ: მიზნის მიღწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. შეიძლება არა მიტინგით, მაგრამ არის შანსი, რომ სხვაგვარი სახე მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთში სიტუაცია სულ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება საზოგადოები ფართო ფენებისათვის, ხოლო რევოლუციები სწორედ ამგვარ საფუძველზე ხდება ხოლმე”.

„რ.”: თქვენი აზრით, მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის მხარდაჭერისთვის დაწყებულმა აქციებმა შეიძლება თუ არა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს რუსეთში?

ი.მ: რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ პოლიტიკური ცვლილებებიც მოხდეს. საუბარია იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებიდან გაძევების შესახებ და შემდგომ, შესაძლებელია, საერთოდ მმართველობის არსებული სისტემის გადახედვაზე, რადგან კარგადაა ცნობილი რომ ეს სუპერცენტრალიზებული ძალოვანი ვერტიკალის ცვლილება, რომელიც თითქმის მთლიანად დაიცალა დემოკრატიული პროცედურებისაგან, მხოლოდ და მხოლოდ არსებული პოლიტიკური მექანიზმებითაა შესაძლებელი”.

„რ.”: როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება თუ არა სამომავლოდ აქციები და რა შედეგს მიიღებს მოსახლეობა?

ი.მ: კონკრეტული პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგი შეიძლება, რომ მოჰყვეს მოსკოვში მიმდინარე მასშტაბურ გამოსვლებს, ძნელი გასაკეთებელი იქნება. ნებისმიერი სცენარის განვითარების შესაძლებლობა არსებობს და მან, ვინ პროგნოზს აკეთებს ასევე სცენარის ყველა ვარიანტის განვითარება უნდა დაუშვას.

ტატა შოშიაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.