რისთვის და რომელ მედია საშუალებებს უხდის საჯარო უწყებები გადასახადის გადამხდელთა ფულს – სტატისტიკა

2019 წლის I კვარტალში სახელმწიფო უწყებებმა ტელე და ონლაინ მედიაში 772 346 ლარი დახარჯეს

სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ფინანსების განკვარგვა მუდმივად განხილვის თემაა. გადასახადების გადამხდელეთა ფულის ხარჯვითეფექტიანობის თაობაზე მედიასაშუალებებში ხშირად შევხვდებით ინფორმაციულ თუ ანალიტიკურ სტატიებს. აუდიტის სამსახურიც აქტიურად ჩართულია ამ მიმართულების კვლევებში. „მედიაჩეკერმა“ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები შეისწავლა, რომელიც სახელმწიფო უწყებების მიერ აღნიშნულ პერიოდში ინფორმაციის გავრცელებაზე დახარჯულ ფინანსებს ეხება.

ზოგადად, მედიასაშუალებებთან ხელშეკრულების გაფორმებას საჯარო უწყებები ყოველი წლის დასაწყისში იწყებენ. კვლევის მიხედვით, ინფორმაციის გასავრცელებლად, სახელმწიფო უწყებების მიერ ტელე და ონლაინ მედიაში დახარჯულმა თანხამ 2019 წლის I კვარტალში 772 346 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა 39 საჯარო უწყებაზე ნაწილდება, რომელიც მოიცავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებს (საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა).

უწყებების მიერ მედიაში დახარჯული თანხა თითქმის თანაბრად ნაწილდება ონლაინ გამოცემებსა და ტელეკომპანიებში. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ხელშკერულებებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა ინფორმაციის გავრცელებაში თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა. შემდეგ კი მოდის სახელმწიფო სერვსების სააგენტო.

სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს ინფორმციის გავრცელებაში

თავდაცვის სამინისტრო – 152 165 ლარი;
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – 121 197 ლარი;
დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 110 000 ლარი;
სპეციალური პენიტენციალური სამსახური – 104 200 ლარი;
პროკურატურა – 86 755 ლარი;
ფინანსთა სამინისტრო – 34 432 ლარი.

სატელევიზიო მომსახურება

ტელეეთერში რგოლების განსათავსებლად, საჯარო უწყებები საეთერო დროს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ყიდულობენ. ყოველ წელს რეიტინგის მიხედვით ხდება რანჟირება, განისაზღვრება ფასი და ირჩევიან გამარჯვებული არხები. აღნიშნული სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა გულისხმობს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის რეკლამის სახით გასვლას, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად, ახალი რეგულაციების შემოღების, სერვისების დანერგვის თუ სხვა ისეთი მოვლენის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

2019 წელს უპირატესობა ტელეკომპანია იმედს მიანიჭეს. აქ საჯარო უწყებებმა იანვარი – აპრილის პერიოდში 194 259 ლარის ღირებულების მომსახურებაზე გააფორმეს ხელშეკრულება. მეორე ადგილზე სამედიცინო არხი „პულსი ტვ“-ია, რომელიც კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული არ ყოფილა. ამ არხის მომსახურება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა. სამაუწყებლო ბაზარზე “იმედის” უშუალო კონკურენტი, “რუსთავი 2” მესამე ადგილზეა.

იმედი – 194 259 ლარი;
სტუდია პულსი – 110 000 ლარი;
რუსთავი 2 – 86 078 ლარი;
რეგიონ მედია მარკეტი – 17 800 ლარი;
ტვ პირველი – 14 775 ლარი;
საზოგადოებრივი მაუწყებელი – 8 101 ლარი;
ჯი-დი-ეს-თი-ვი – 4521 ლარი;
სტდუა მაესტრო – 2 174 ლარი;
კავკასია – 1565 ლარი;
პალიტრა ტვ – 1130 ლარი.

ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება

ახალი ამბების სააგენტოების მომსახურების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო უწყებებმა 2019 წელს ჯამში 331,943 ლარის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა უმეტესობა გულისხმობს მათ მიერ მომზადებული პრესრელიზებისა თუ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

უწყებების ნაწილი ე.წ. შუამავალ კომპანიებს, “აიფიემმარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსს” და “კლიპ არტს” ანიჭებს უპირატესობას. ეს ორგანიზაციები იღებენ ინფორმაციის სხვა, ათეულ ვებსაიტზე გავრცელების ვალდებულებას. ნაწილი კი თავად, პირდაპირი შესყიდვის წესით ირჩევს ონლაინ გამოცემებს ინფორმაციის გავრცლებისთვის. ამგვარი ხელშეკრულებების რაოდენობით და თანხის მოცულობით შპს „ახალი ამბები“ ლიდერობს, რომელიც inpterpressnews.ge-ზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას იღებს, მას მოსდევს ghn.ge და primetime.ge.

აიფიემმარკეტ – 154 875 ლარი; interpressnews.ge – 56 282; კლიპ არტი – 31 904; GHN – 12 130; PRIMETIME.GE – 11 029; PIA.GE – 7920; THE FINANCIAL TIMES – 4900 (ფუნტი); NETGAZETI.GE – 4725;
ON.GE – 4500; BUSINESSTIME.GE – 4400; თავისუფალი გაზეთი – 4400; COMMERSANT.GE – 4400; NEWSPRESS.GE – 4400; NEWPOST.GE – 4400; FRONTNEWS – 3675; REGINFO – 3300; MCM.GE – 3000; BM.GE – 2700; QARTULIGAZETI.GE – 2277; GUARDIAN.GE – 2277; AXALIGANATEBA.GE – 2250; REPORTIORI.GE – 2200.

თუ კი მაუწყებლების შემთხვევაში გასაგებია პრინციპი, რის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ირჩევენ მედიასაშუალებებს, სადაც სარეკლამო რგოლები უნდა განათავსონ, ონლაინ მედიასაშუალებებს რა კრიტერიუმებით არჩევენ, უმეტეს შემთხვევაში ბუნდოვანია.

ცხადია, ყველა მედიასაშუალებას თავისი სარედაქციო პოლიტიკა გააჩნია. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები დაფინანსებით სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებასაც ცდილობენ, თუმცა ამ ეჭვების გასაფანტად როგორც ტელე-რადიო საშუალებას, ასევე ახალი ამბების სააგენტოებსაც ობიექტური, მიუკერძოებელი მუშაობა მართებთ, ხოლო რამდენად გამოუვათ ეს მათ, ამას გონიერი მკითხველი განსაზღვრავს.

სანდრო პირველი

http://bfm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.