რისი თქმა მოასწრო მკვლელობამდე ლაფანყურის სპეცოპერაციის მთავარმა შუამავალმა

ვინ მოკლა ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ლაფანყურის სპეცოპერაციის მთავარი შუამავალი ზელიმხან ხანგოშვილი – 40 წლის პანკისელი გერმანიაში ჩაცხრილეს. ამის შესახებ „რეზონანსს” ინფორმაციას პანკისელებიც უდასტურებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. თუმცა, მან მხოლოდ ერთი სიტყვის დაძახება – ალააჰ მოასწრო.

ადგილობრივები „რეზონანსს” ეუბნებიან, რომ, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული, რომელიც რუსულენოვანია. თუმცა, გერმანიის პოლიცია მის ვინაობას ამ დრომდე მალავს.

უცნობია არის თუ არა ეს პირი ან რუსული ან კიდევ კავკასიური წარმოშობის. გარდაცვლილის მშობლები და ძმა პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ისინი სამძიმარს ადგილობრივებისგან იღებენ.

ვინ არის 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი და რატომ შეიძლება მის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, ან კიდევ კავკასიელები, რომლებმაც ლაფანყურის გამო, შესაძლოა სისხლი აიღეს.

ზემილხანი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. ის საქართველოში ჩეჩნეთის ომის გამო სხვა სახელით და გვარით იყო ცნობილი და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ანტიტერორისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობდა. ის საქართველოში თორნიკე ქავთარაძედ ცხოვრობდა.

ზელიმხანს 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, თუმცა მაშინ მისი მოკვლა ვერ შეძლეს. მან თავი ნასროლი ტყვიებისგან ხელით დაიცვა. ზელიმხან ხანგოშვილი ქალაქის ცენტრში, ჟვანიას მოედნის მიმდებარე, მირზა გელოვანის ქუჩაზე იმ დროს დაჭრეს, როდესაც სახლიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა. დაჭრილი ხანგოშვილი საკუთარი ფეხით მივიდა რესპუბლიკურ საავდამყოფომდე, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.

მან ამის შემდეგ „ოცნების” ხელისუფლებას დაცვა სთხოვა, თუმცა, უარი მიიღო, ამიტომაც საქართველო დატოვა და გერმანიაში წავიდა. მასზე თავდასხმის ორი ვერსია არსებობდა, ერთი, რომ მას თავად კავკასიელებმა ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო შურისძიების მიზნით ესროლეს და მეორე – რუსულმა სპეცსამსახურებმა მისი მოკვლა ჩეჩნეთის ომის გამო სცადა. მას პანკისელები და კავკასიელები “ზელო დიშნის” მეტსახელით იცნობენ.

პანკისელი უხუცესი ზაურ გუმაშვილი „რეზონანსთან” ამბობს, რომ პანკისში იციან ის, რაც გერმანულმა მედიამ გაავრცელა. მისი თქმით, ზელიმხანი 2015 წლის შემდეგ საქართველოში აღარ ცხოვრობს, ამიტომაც, რა გხადა მისი მკვლელობის მოტივი, მისთვის უცნობია. თუმცა, გუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ ზელიმხანის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

„სიმართლე გითხრათ ხეობაში ჩვენც მეტი არაფერი ვიცით იმის გარდა, რაც გერმანული მედიით გავრცელდა. ის საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობს. არაფერი ვიცით მისი საქმიანობის შესახებ და არც ის თუ რატომ გადაწყვიტა, რომ ქვეყენა დაეტოვებინა. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 აგვისტოს საღამოს გავიგეთ. სხვა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია”, – აცხადებს ზაურ გუმაშვილი „რეზონანსთან”.

პანკისის მკვიდრი სულხან ბორძიკაშვილი „რეზონანსთან” ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. თუმცა, მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის რუსულენოვანია.

დანარჩენ სხვა ინფორმაციას გერმანული პოლიცია არ ახმაურებს. ბორძიკაშვილი ამბობს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ ზელიმხანის მკვლელობასთან რუსული სპეცსამსახურები არიან დაკავშირებულები.

მისი თქმით, 2015 წელს განხორციელებულ თავდასხმაში ზელიმხანი ბრალს რუსეთს დებდა და ამბობდა, რომ მას ჩეჩნეთის ომის გამო კრემლი დევნიდა. მისი სხვა სახელით და გვარით ქვეყანაში ცხოვრებაც ამის დასტურია.

„პანკისში, მას როგორც ვიცი, მშობლები და ძმა ჰყავს. ცოლ-შვილი კი იქ გერმანიაში ჰყავდა. საქართველო 2015 წელს იმიტომ დატოვა, რომ მისი მოკვლის რეალური საფრთხე არსებობდა. მაშინაც შემთხვევით გადარჩა. მან საქართველოს ხელისუფლებას დახმარება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

“ამის შემდეგ კი შედარებით უსაფრთხო ქვეყანაში, გერმანიაში წავიდა, თუმცა, როგორც ჩანს რუსეთის სპეცსამსახურებმა იქაც მიაგნეს. ინფორმაცია ის გავქვს, რაც გერმანულმა მედიამ გაავრცელა, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რუსულენოვანია. ამიტომაც გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი მკვლელობა რუსეთის ნამოქმედარია. რაც შეეხება ლაფანყურს, ის მაშინ უბრალოდ შუამავალი იყო”, – აცხადებს ბორძიკაშვილი „რეზონანსთან”.

კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს. იმისთვის, რომ კითხვას გაეცეს პასუხი ვინ მოკლა ზელიმხანი, კავკასიოლოგი ფიქრობს, რომ ჯერ მისი ბიოგრაფია უნდა გავიხსენოთ.

არეშიძე ამბობს, რომ ზელიმხანი იყო ლაფანყურის სპეცოპერაციის მთავარი მოქმედი პირი, რომელიც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, სწორედ სპეცოპერაციის დროს დახოცილი ბიჭების ჩამოყვანას და გაწვრთნაში ეხმარებოდა.

მისი თქმით, ზელიმხანი იყო მთავარი შუამავალი და მომლაპარაკებელი, რომელიც ქისტებს ლაფანყურში იარაღის დაყრას სთხოვდა. ხოლო მათგან უარის მიღების შემდეგ, მან ისინი მიატოვა. მასთან ერთად მოლაპარაკებაში მონაწილეობას ახმედ ჩატაევიც იღებდა, თუმცა მან ქისტები არ მიატოვა და მათთან ერთადაც დაიჭრა, რის შემდეგაც ფეხი დაკარგა.

ამის შემდეგ, არეშიძე ამბობს, რომ ზელიმხანმა მტრები პანკისის ხეობაშიც და კავკასიაშიც გაიჩინა. მას ლაფანყურის გამო დამღა დაესვა და ამიტომაც არ არის გამროიცხული, რომ მისი მკვლელობა კავკსიელების მხრიდან შურისძიებას უკავშირდებოდეს.

თუმცა, ანალიტიკოსი მის მკვლელობის მეორე ვერსიასაც ასახელებს და ამბობს, რომ ზელიმხანი ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან კადიროვის სამიზნეც იყო. ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, თუ მისი მკვლელობა კადიროვის მესვეურების ჩადენილი იყოს.

„ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორი ვერსია შეიძლება გნვიხილოთ. ის სააკაშვილის ხელისუფლების დროს ანტიტერორისტულ სააგენტოსთან თანამშრომლობდა. სწორედ ის იყო მთავარი პირი, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას ქისტების ჩამოყვანაში და შემდეგ გაწვრთნაში ეხმარეობდა.

“ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მთავარი მომლაპარაკებელი გახლდათ. ზელიმხანი, ახმედ ჩატაევი და კიდევ ერთი ქართველი ქისტებთან მოლაპარაკებაზე მივიდნენ. მაშინ ზელიმხანმა და ქართველმა როდესაც დაინახეს, რომ ბიჭები იარაღის დაყრას არ აპირებდნენ, ტყეში მიატოვეს.

“ახმედ ჩატაევი კი მათთან დარჩა, სწორედ ამის შემდეგ ზელიმხანს პანკისშიც კარგი თავალით არ უყურებდნენ. მან მტრები ხეობაშიც და კავკასიაშიც გაიჩინა. თუმცა, ასევე სარწმუნო ვერსიად რუსეთის მიერ მისი ლიკვიდაციაა.

“ევროპაში ჩეჩნეთის პრეზიდენტი კადიროვი ცდილობს, რომ დიასპორაში პოზიციები გაიმყაროს. ის ყევლა იმ ადამიანს ერჩის, ვინც მისი გავლენის ქვეშ არ არის. ერთ-ერთი მათგანი ზელიმხანი იყო. კადრიოვი ასეთ ადამიანებს, სხვა ქვეყნის უშიშროების თანამშრომლობაში ადანაშაულებს და მისი ემისრები იშორებენ. ამიტომაც კადიროვის მხრიდან მისი ლიკვიდაცია გასაკვირი არ იქნება”, – აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან”

მისივე თქმით, 2015 წელს ზელიმხანს საქართველოში დიდი ალბათოით ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო შურისძიების მიზნით თავს დაესხნენ. არეშიძე ამბობს, რომ ზელიმხანის დაცვაზე საქართველოს ხელისუფლებამ იმიტომ თქვა უარი, რომ წინა მთავრობის მიერ შექმნილი სააგენტო, სადაც ის მუშაობდა, დაშლილი იყო და ის აღარავის სჭირდებოდა.

ის ადამიანები, რომლებიც მას მფარველობდნენ, თანამდებობებზე აღარ იყვნენ და მის დაცვას ვეღარავინ შეძლებდა. ამიტომ, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ელზა პაპოშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.