“რობოტას” დაბრუნება – ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სალომე ზურაბიშვილისთვის ხმებს აგროვებს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ნიკო ხმიადაშვილი, იგივე „რობოტა“, ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის – რამდენიმე დღის წინ გორის თეატრში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეკრებაზე კადრები გადაიღეს.

მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ შიდა ქართლში, განსაკუთრებით კი გორში, სწორედ ”რობოტა” არის მმართველი პარტიის ერთ-ერთი დასაყრდენი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ არჩევნების ბედი ანდო.

მათი თქმით, დავალებას ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მის გარემოცვასთან ერთად, ამომრჩევლების დაშინებით და ზეწოლით ასრულებს.

გაერთიანებული ოპოზიციი ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ შიდა ქართლი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კახა საბანაძეს, ჩააბარეს, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ტირძნისელი „რობოტას“ და მისი ძმის – კახა ხმიადაშვილის, დახმარებით ცდილობს.

კურიერის ცნობით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ “რობოტას” წლების განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილი მფარველობდა.

ნიკო და კახა ხმიადაშვილები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად წინასაარჩევნოდ შექმნილ საზოგადოებრივი მოძრაობა”ვიცავ თავისუფლებასთან” თანამშრომლობენ. კურიერის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ დროის უმეტეს ნაწილს ძმები სწორედ გორში მდებარე ოფისში ატარებენ.

მოძრაობის წევრები არ მალავენ, რომ მათი გაერთიანების მიზეზი ქართული ოცნებადა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაა, თუმცა ირწმუნებიან, რომ გორში ყველასთვის კარგად ნაცნობ “რობოტას” არ იცნობენ. ნიკო ხმიადაშვილმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა.

15 წლის წინ ნიკო ხმიადაშვილის, იგივე ”რობოტას” დაკავება ქართული მედიის მთავარი თემა იყო. ერგნეთის ბაზრობის მფარველი, მის ჯგუფთან ერთად, სამართალდამცავმა უწყებამ კონტრაბანდის მამებად გამოაცხადა და მოპარული ავტომობილების გადაყვანის, იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავა.

„რობოტა“ კონტრაბანდისტად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახლა კი ქართული ოცნების მოქმედმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა, გამოაცხადა. საპირისპირო ბანაკში იყო ქართული ოცნების ასევე მოქმედი დეპუტატი, ეკა ბესელია, რომელიც ”რობოტას” ინტერესებს იცავდა.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე
“რუსთავი2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.