როგორი შეიძლება იყოს სახლი მარსზე (ფოტო/ვიდეო)

NASA-მ მარსზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ხუთი საუკეთესო პროექტი დაასახელა. როგორც აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზეა აღნიშნული, მარსზე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის მოდელირების პროექტი ბრედლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე შედგა.

კონკურს 3D-Printed Habitat Centennial-Challenge-ში სულ 18 გუნდი მონაწილეობდა. მათ უნდა შეექმნათ ოთხი ასტრონავტისთვის განკუთვნილი სახლის მოდელი და ამისთვის უნდა გამოეყენებინათ წითელ პლანეტაზე არსებული რესურსები. შეჯიბრის გამარჯვებულები 100 000 დოლარის საპრიზო ფონს გაინაწილებენ. ფინალისტები სამეცნიერო და სამრეწველო სფეროს სპეციალისტებმა გამოავლინეს.

 

პირველი ადგილი არკანზასის უნივერსიტეტის გუნდის პროექტმა Zopherus-მა დაიკავა. მეცნიერები გამოვიდნენ ინიციატივით, მარსზე რობოტების ჯგუფი გაგზავნონ, რომლებიც ფუტკრების სკის მსგავს საცხოვრებელ სახლებს ააშენებენ. მარსზე გაგზავნილი მოდული სახლებს წითელ პლანეტაზე სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდავს, ხოლო ასტრონავტები მარსზე მშენებლობის დასრულების შემდეგ ჩავლენ.

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი ნიუ იორკიდან. ისინი მარსზე ოთხ სართულად დაყოფილი, ცილინდრის ფორმის სახლის აშენების იდეით გამოვიდნენ. პირველ სართულზე განთავსდება ავტოფარეხი და ლაბორატორია, მეორეზე – სამზარეულო, მესამეზე – საძინებელი, ხოლო მეოთხეზე რეკრეაციული ოთახი.

მესამე ფინალისტი მისისიპის გუნდი გახდა. ისინი მარსზე ხელსაბანის ნიჟარის მსგავსი კონსტრუქციის აშენებას გეგმავენ. მათი თქმით, ასეთი ფორმის სახლი ასტრონავტებს მარსზე ქვიშის ქარიშხლებისგან დაიცავს. საძინებლების, სამზარეულოსა და ლაბორატორიის გარდა, ამ სახლში ასევე წარმოდგენილი იქნება ბაღიც.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე გუნდებს საკუთარი მოდელების რეალურად შექმნა მოუწევთ. დაგეგმილია, რომ მარსზე საცხოვრებელი მოდული 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყოს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.