როგორ ანგრევდა რუსეთი ქართულ სახელმწიფოს – ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის წერილი

როგორ ანგრევდა რუსეთი ქართულ სახელმწიფოს.

საქართველოს სამეფო ოჯახის დარბევა

მათ, ვისაც ახლაც მითი ჰგონია საქართველოში რუსების მიერ ჩადენილი საშინელებები, ვთავაზობთ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის წერილს. 

თბილისში პეტერბურგიდან მოვლენილმა გენერალმა ციციანოვმა გენერალ ლაზარევს გიორგი მეთორმეტის დაქვრივებული მეუღლის, დედოფალ მარიამისა და მისი ოჯახის რუსეთში სასწრაფოდ გასახლება უბრძანა, რათა დედოფლის მომხრენი დაეშინებინა, თვითონ მარიამი კი ქვეშევრდომთა თვალში დაემცირებინა. ლაზარევს საგანგებოდ დაევალა, დაპატიმრება-გასახლება საჯარო ზეიმით ჩატარებულიყო.

და აი, 1803 წლის 19 აპრილს გენერალმა ლაზარევმა დედოფლის სასახლეს ალყა შემოარტყა. 

შემდგომ უკვე ვორონეჟის მონასტერში შვილებიანად გადასახლებული დედოფალი გარდაცვლილი იმპერატორის პავლე I-ის მეუღლესა და პეტერბურგის მიტროპოლიტს წერდა:

“ბავშვები, რომლებიც ჩვენს ასეთ საშინელ ყოფას და ყოველ კარების წინ დაყენებულ დარაჯებს ხედავდნენ, შიშსა და ძრწოლასთან ვერცა სჭამდნენ, ვერცა სვამდნენ და გათენებამდის არ უძინიათ, მთელი ღამე ქვითინში გაატარეს… პაწია ირაკლი კი შიშისგან შეპყრობილი და მთლად აკანკალებული ჩემთან დავაწვინე, რათა ბალღი ოდნავ დაწყნარებულიყო.

განთიადზე, როცა სასახლის ეკლესიაში დილის ცისკარს ჩამოჰკრეს, მოვიდა ისევ ღენერალი ლაზარევი ოფიცრებით და ყაზახებით. შემოვიდა ჩემთან და მოხელენი გარეთ გაჰყარა. ამავე დროს მითხრა, თითქოს ის გამოეგზავნოს ციციანოვს ჩვენდა გასამგზავრებლად და რომ მან საგანგებო ეკიპაჟი მოიყვანა. იმ დროს მე სამი-ოთხი თვის ნაავადმყოფარი ვიყავ, ხოლო ჩემი მცირეწლოვანი ვაჟი ოქროპირი კიდევ ავად მყავდა. ამის გამო ვსთხოვე ლაზარევს – შეეხვეწოს ციციანოვს, რათა ნება მომცეს, ჩემი ავადმყოფი ვაჟი მაინც დავტოვო, ვიდრე მოიკეთებდეს და შემდეგ ისიც წარმოგზავნოს. ლაზარევმა უარი განმიცხადა. ამგვარი პასუხის შემდეგ მე უფრო დაბეჯითებით დავუწყე თხოვნა – მომცენ დრო, თუნდა მხოლოდ ერთი საათი, ვიდრე გაიღვიძებდნენ ბავშვები, რათა სახლიდან ერთად გავსულიყავით, მაგრამ მან არავითარი მუდარა მხედველობაში აღარ მიიღო. ის ჩემთან ახლოს მოვიდა, საცა მე პაწია ბავშვით, ირაკლით ვიწექი, თითით ჩემზე აჩვენა და უბრძანა ოფიცრებს: უმალვე წავეყვანეთ მე და ჩემი ასული თამარიცა… მაშინვე მოცვივდნენ ჩემთან რვამდე ოფიცრები და ყაზახები და ხელი წამავლეს, ხოლო ხუთმა მათგანმა ჩემი ქალი თამარი შეიპყრეს. დაინახა რა ეს ყველაფერი ჯიბრაილმა, იშიშვლა თავისი ხანჯალი და დაუყვირა რუსთ, რომ ვიდრე ის ცოცხალია, არავის არ მისცემს ნებას, ათრიონ მათი დედა; უბრძანა – გასულიყვნენ ეხლავ და რომ მათ ჩვენის ნებით გამოვყვებითო. ასე უბრალოდ რად გვათრევენო? ამავე დროს თამარმა, რომელსაც ხუთი კაცი შემორტყმოდა, დაინახა რა იქვე მეორე ხანჯალი, მას ხელი დაავლო… ამის მნახველნი ჩვენი შემპყრობნი დაშინდნენ, ერთბაშად მიგვატოვეს და გარეთ გაცვივდნენ.

შემდეგ უცებ ჩვენთან შემოვარა ღენერალი ლაზარევი ამოღებულის ხმლითა. მასთანავე შემოცვივდნენ ხმალამოღებულნი ოფიცრები და ყაზახები. უეცრად მე მჯდომარემ დავინახე ჩემს წინ მდებარე ხანჯალი და მას ხელი წავავლე. დაინახა რა შემოცვენილები გაშიშვლებულის ხმლებითა, დედაჩემი მათ წინ მიეგება და მუხლებში ჩაუვარდა. ის მათ ევედრებოდა, თავი დაენებებინათ ამ ჩხუბისათვის. იმათ ყურიც არ ათხოვეს დედას, წაჰკრეს რა სათითაოდ ფეხი დაჩოქებულ მოხუცს, მასზე გადაიარეს და გათელეს ის. ამ დროს ლაზარევმა უკანიდან ხმალი მომიქნია, რომელიც მხარში მომხვდა და დავიჭერი. მან ხორცი გამიჩეხა ძვლამდე ხელისგულისოდენაზე. როცა ძალით მიმათრევდნენ, იმ დროს მეორედ დამარტყა ხმალი კაჭკაჭევმა (პოლიციელმა, ტომით სომეხმა. პლატონ იოსელიანის ცნობა)… მესამედ კი, თვალი ვეღარ მოვკარი, თუ ვინ დამარტყა ხმალი, თვითონ ლაზარევმა თუ ვინმე სხვამ. მას მე მარცხენა ხელი მივაგებე და ხმალმა ნეკი ხელის გულამდე ჩამიჭრა. ამ დროს შემოხვეოდნენ ჩემ შვილთ თამარს და ჯიბრაელს, რომელთაც თბილისის ნაცვალი ხანჯლის დანებებას სთხოვდა. ვიღაცა ყაზახმა თუ ოფიცერმა ხმალი მოუქნია თამარს, რომელსაც იქ მყოფმა ძიძამ ხელი აჰკრა და მას ხელი წააგდებინეს. ჩემი სისხლით შეღებილი იყო მცირეწლოვანი შვილი ირაკლი, რომელიც გულსაკლავად ღრიალებდა. ამ დროს მას და ჩემ სხვა ბავშვებსაც სათითაოდ ხელი წაავლეს და განუკითხავად მოედანზე გააგდეს, გამზრდელის ძუძუს მოსწყვიტეს და წაათრიეს, მიუხედავად საშინელი ყვირილისა.

საცოდავი დედაჩემი ჩემთან მოვარდა; მნახა რა სისხლში ამოსვრილი, მწარედ დამტიროდა და ცდილობდა, გონებას მოვეყვანე. მასთან ყაზახები მივარდნენ და დასცხეს თოფის კონდახები…

უცებ სალდათები შემოიყვანეს და ჩემ ტახტს გარს შემოარტყეს. ამათ მოიტანეს წყალი და დამიწყეს: ყაზახმა – პირიდან, ხოლო ნაცვალმა ხელისგულით შხურება და გრძნობაზე მომიყვანეს. შემდეგ ამიყვანეს და საბანზე დამაწვინეს; დამსვეს ლაზარევის დროშკაზე და თავქვეშ ჩემი გასისხლიანებული ბალიში ამომიდეს. ამ დროს მოიყვანეს ორმოცი თუ სამოცი კაცი მუშა; ჩემი ჭრილობებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ შეხვეული არ მქონდა, მათ სისხლი ენთხეოდათ. უკან ხალხი მომზდევდა, მწარე ხმით სტიროდნენ და იგლეჯდნენ თმებსა, გვხედავდნენ რა მე და შვილთა ჩემთა ასეთ საშინელ ყოფაში; მათთან ერთად მთელს ვერსზე სამღვდელოება მოგვზდევდა, ბოლოს ჯარისკაცთაგან უკუქცეულ იქნენ. როცა ვერაზე მიმიყვანეს, მკურნალი თათულა მოვიდა ჭრილობათა შესახვევად და რაკი მათ სხვა ვერა იშოვეს რა, გამოართვეს ერთ ყაზახს ტილოს სქელი ნაჭერი და იმით შემიხვიეს ჭრილობა. ამ დროს ექიმმა თათულამ პირველად განმიცხადა, ლაზარევი მოკლულიაო (ვინაიდან რუსი გენერალი უდიერად მოექცა მართლმადიდებელ დედოფალს, მარიამმა ხანჯლით მოკლა შეურაცხმყოფელი, – მ.ტ.)… 

ვიწყევლი ჩემ ბედს! ჩემი ნაგვემი სხეული დაკოდილია მრავალთაგან უწყალოდ და ნათრევია უღმერთო ხალხისაგან; მე, მოკლებული მამულთა ჩემთა, რომელიც თუმცა არც ისე დიდია, მოკლებული ვარ აგრეთვე საერთო საფლავს ჩემ საყვარელი ქმრის გვერდითა, მოშორებული ვარ სვეტიცხოველსა და ქრისტეს ძალსა მცხეთის საკრებულო ტაძრისას… აწ დასახიჩრებული, ექვსი ბატონიშვილითურთ, ღირსებააყრილი რუსეთს მოუყვანივართ, რათა ახალს განსაცდელს მივეცით”. 

არც იმპერატორმა, არც დედამისმა და არც პეტერბურგის მიტოპოლიტმა ამ ცრემლით სავსე მიმართვას ყურადღება არ აღირსა და დედოფალი ძალად გადაასახლეს ბელგოროდის მონასტერში.სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა

წყარო: karibche.ambebi.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.