როგორ არის მოწყობილი წყალქვეშა ინტერნეტ-სადენები და ვის შეუძლია მათი გადაჭრა?

ივნისში აშშ-ის ფინანასთა სამინისტრომ სანქციები აამოქმედა ერთ-ერთი რუსული კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს და ემსახურება წყალქვეშა კვლევებისთვის განკუთვნილ ტექნიკას. ამერიკულმა უწყებამ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთი აქტიურად იკვლევს წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენებს, რომლის საშუალებითაც მსოფლიო ინტერნეტ-ტრაფიკის უზარმაზარი მოცულობა გადაიცემა. ლაპარაკია ოკეანის ფსკერზე არსებულ სადენებზე, რომლებიც კონტინენტებს შორის ინტერნეტ-ტრაფიკს გადასცემს.

სად არის ეს სადენები და რამდენია?

2018 წლის დასაწყისის მონაცემებით, ასეთი სადენი დაახლოებით 450-ია. ამ სადენებით გადაიცემა მთელი მსოფლიო ტრაფიკის დაახლოებით 99%. წყალქვეშა კაბელების რუკის და თითოეული კაბელის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ამ ბმულზე შეიძლება.

რუკაზე ჩანს, თუ რა რაოდენობის სადენებია თავმოყრილი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს სადენები აშშ-ს დასავლეთ ევროპასთან აკავშირებს. 2017 წლის დეკემბერში ნატოს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ამ რაიონში ძალიან გააქტიურდნენ რუსული წყალქვეშა ნავები.

მათი განცხადებების თანახმად, ისინი სერიოზულად წუხდნენ იმაზე, რომ რუსეთმა ეს სადენები შეიძლება დააზიანოს. ბლოკის ამერიკელი და ბრიტანელი წარმომადგენლების თქმით, არსებობს 2 საფრთხე – სადენების დაზიანება და ტრაფიკის ხელში ჩაგდება.

ვის შეუძლია ამ სადენების დაზიანება და რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ და რამდენ ასეთ კაბელს დააზიანებენ. აღსანიშნავია, რომ წყლქვეშა კაბელები სამხედრო ჩარევის გარეშეც მუდმივად ზიანდება – ორ-სამ დღეში ერთხელ მაინც. ხშირად მიზეზი ხომალდების მიერ წყალში არასწორად ჩაშვებული ღუზებია ან წყალქვეშა მიწისძვრები.

ზოგჯერ ასეთ ინციდენტებს მძიმე შედეგები აქვს. მაგალითად, 2008 წლის დასაწყისში ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე საკაბელო ქსელის გაუმართაობის გამო ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდათ ეგვიპტის და ინდოეთის მომხმარებლების უმრავლესობას. კენიის ქალაქ მომბასის პორტში არასწორად ჩაშვებული ღუზის გამო, ინტერნეტი შეუნელდა 6 აფრიკულ ქვეყანას. ასეთი შემთხვევები სახელმწიფოებს ასობით მილიონი დოლარი უჯდებათ.

მაგრამ, აშშ-ის და დასავლეთ ევროპას შორის ძალიან ბევრი კაბელია. და თუ მათგან რამდენიმე ზიანდება, მომხმარებლები ამას, როგორც წესი, ვერ გრძნობენ – ტრაფიკი უბრალოდ ოდნავ იცვლის მარშრუტს. სპეციალისტების თქმით, იმის ალბათობა რომ ვინმე შეძლებს ერთდროულად მთელი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანას, უკიდურესად დაბალია. იმ შემთხვევაშიც, თუ ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ყველა სადენს ერთდროულად დააზიანებენ, შესაძლებელია ტრაფიკის სხვა მარშრუტზე გადამისამართება, მაგალითად წყნარ ოკეანეზე. ან მისი გადაცემა თანამგზავრით.

რაც შეეხება იმას, მართლაც შეუძლია თუ არა რუსეთს კაბელებთან მიერთება და ტრაფიკის ხელში ჩაგდება, ეს უცნობია. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ წყალქვეშა სადენებთან მიერთება ტექნიკურად რთულია, გაცილებით იოლია მათი გადაჭრა. 2005 წელს The New York Times-ი წერდა, რომ ტრაფიკის ხელში ჩაგდება წყალქვეშა კაბელებთან მიერთებით, ამერიკულ წყალქვეშა ნავს, Jimmy Carter-ს შეუძლია. მსგავსი შესაძლებლობების რუსული ხომალდების არსებობის შესახებ ცნობილი არაფერია.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.