როგორ აცხელებს მაგნიტური ტალღები მზეს – 70-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია

მაგნიტური ტალღები, რომლებიც მზეში ერთმანეთს ეხეთქება, შეიძლება ჩვენი დედავარსკვლავის ატმოსფეროს გაცხელებისა და მზის ქარების აჩქარების მთავარი ფაქტორი იყო. ეს გასაოცარი აღმოჩენა ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტის მკლევართა ჯგუფმა ახლახან გააკეთა.

მზე იმ ენერგიის წყაროა, რომელიც დედამიწის ყველა ორგანიზმს სიცოცხლეს ანიჭებს. თუმცა, მის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფმა მაინც შეძლო ზოგიერთი საიდუმლოს ამოხსნა.

1942 წელს შვედმა ფიზიკოსმა და ინჟინრებმა ჰანს ალფვენმა იწინასწარმეტყველა ახალი ტიპის ტალღის არსებობა, რომელიც წარმოქმნილი უნდა ყოფილიყო პლაზმაზე მაგნეტიზმის მოქმედებით. ამისათვის, 1970 წელს ალფვენმა ფიზიკაში ნობელის პრემია მიიღო.

ამ პროგნოზის შემდეგ, ალფვენის ტალღებისთვის გამოიყენეს მრავალი სხვადასხვაგვარი წყარო, მათ შორის ბირთვული რეაქტორები, კომეტათა გარემომცველი გაზის ღრუბლები, ლაბორატორიული ექსპერიმენტები, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ჩვენი დედავარსკვლავის — მზის ატმოსფერო.

მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ეს ტალღები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მზის უკიდურესად მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებაში, მაგრამ ამის დამტკიცება ამ დრომდე არავის შეეძლო.


„დიდი ხნის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მეცნიერები პროგნოზირებდნენ, რომ ალფვენის ტალღები მზის ზედაპირიდან მაღლა მიემართებოდნენ და ეჯახებოდნენ ზედა ფენებს, რა დროსაც სიცხის სახით უზარმაზარ ენერგიას გამოყოფდნენ. მართალია, გასულ საუკუნეში მეცნიერებმა ამ ტალღების არსებობის დამტკიცება შეძლეს, მაგრამ ამ დრომდე არ ჰქონდათ პირდაპირი მტკიცებულება, რომ გააჩნდათ საკუთარი მოძრაობის სიცხედ გარდაქმნის უნარი“, — ამბობს ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მკვლევარი დევიდ ჯესი.

მისი თქმით, მათმა ჯგუფმა შეძლო მზის ლაქაში ალფვენის ტალღების მიერ წარმოქმნილი სიცხის დაფიქსირება.

„ეს თეორია 75 წლის წინ წამოაყენეს, მაგრამ მტკიცებულებას მხოლოდ ახლაღა მივაგენით. ჩვენი კვლევა სრულიად ახალ გზას გვიხსნის გავარკვიოთ, როგორ შეიძლება იმუშაოს ამ ფენომენმა სხვაგან, მაგალითად, ენერგიის რეაქტორებსა და სამედიცინო ხელსაწყოებში“, — ამბობს დევიდ ჯესი.

მზის ლაქებში არსებულ უძლიერეს მაგნიტურ ველთა ანალიზისათვის, მათ გამოიყენეს ნიუ-მექსიკოს შტატში განთავსებული დიუნის მზის ტელესკოპი. დამატებითი დაკვირვებები განახორციელეს NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიიდანაც. ამ ლაქებს თანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფთა მსგავსი ძლიერი ველები აქვთ, მაგრამ ზომით ჩვენს პლანეტას აღემატებიან.

მზის ლაქისა და დედამიწის ზომების შედარება

„მზის სინათლის შემადგენელ ფერებად დაშლის გზით, ჩვენმა საერთაშორისო ჯგუფმა შეძლო შეემოწმებინა პერიოდული სისტემის ძირითად ელემენტთა ქცევა მზის ატმოსფეროში, მათ შორის, კალციუმისა და რკინის“, — ამბობს დოქტორი სამუელ გრანტი.

ელემენტთა დაშლის შემდეგ, ფოტოების მიმდევრობაში დაფიქსირდა სინათლის ინტენსიური ანთებები, რომლებიც ალფვენის ტალღების ენერგიის შოკურ ტალღებად გარდაქმნის პირდაპირი ნიშანია. ამის შემდეგ, შოკური ტალღები მიმდებარე პლაზმაში ვრცელდება და წარმოქმნის ექსტრემალურ სიცხეს.

„სუპერკომპიუტერების გამოყენებით, მოვახდინეთ მონაცემთა ანალიზი და პირველად ისტორიაში, ვაჩვენეთ, რომ თავიანთ მშვიდ ფონს მიღმა, ალფვენის ტალღებს შეუძლია სასტიკად გაზარდოს პლაზმის ტემპერატურა“, — განმარტავს დოქტორი სამუელ გრანტი.

კვლევა ჟურნალ Nature Physics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია qub.ac.uk-ის მიხედვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.