როგორ გავარკვიო რომ კიბო არ მაქვს?

ონკოლოგიური დაავადებები ძველი დროიდან ცნობილია და ამ ტიპის დაავადებათა რიცხვი, როგორც ჩანს, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად იმატებდა. თუმცა ნამდვილი აფეთქება ანტიბიოტიკების გამოგონებას უკავშირდება, რამაც საგრძნობლად გაახანგრძლივა ადამიანების სიცოცხლე და გააჩინა მათთვის შესაძლებლობა, ეცხოვრათ ონკოლოგიური დაავადებების გაჩენამდე იმ რაოდენობით, რასაც დღეს ვხედავთ. შედეგად, ონკოლოგიური დაავადებების ცალკე აღრიცხვა დაიწყეს. დაახლოებით, 1950-იანი წლებიდან კაცობრიობა ბევრად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ რა დაავადებაა ეს და როგორია მისგან გარდაცვალების დინამიკა.

რატომ უწოდებენ ამ დაავადებას კიბოს?

თავდაპირველად დაავადებას სახელი ჰიპოკრატემ დაარქვა, როდესაც სარძევე ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩინა და მას karkinos-ი უწოდა, რომელიც მოდის სიტყვიდან „კიბორჩხალა“. არავინ იცის, რატომ ჰგავდა სიმსივნური წარმონაქმნი კიბორჩხალას, თუმცა ტერმინი მის ნაშრომებში შევიდა. მოგვიანებით რომაელმა ექიმმა ცელსმა ჰიპოკრატეს ნაშრომების თარგმნისას ბერძნული „კიბორჩხალა“ შეცდომით თარგმნა, როგორც ლათინური „კიბო“ (cancer). ეს სიტყვა შევიდა ყველა ევროპულ ენაში და შემდეგ ქართულშიც.

კიბოს სტადიები რით განსხვავდება ერთმანეთისგან?

ონკოლოგიური დაავადების სტადიები – ისტორიული ტერმინია. სინამდვილეში, ის სტადიებად არ ვითარდება: დაავადების ზოგიერთ სახეობას შეიძლება არანაირი ადრეული სტადია არ ჰქონდეს, სხვები – ვერასდროს აღწევენ მეოთხე სტადიას, ხოლო ზოგიერთი პირველიდან პირდაპირ მეოთხეზე „ხტება“. ბოლო დრომდე კიბოს სტადიების მხოლოდ ანატომიური კლასიფიკაცია იყო მიღებული, რომელსაც თუ ძალიან გავამარტივებთ ასე გამოიყურება:

პირველი სტადია – მცირე ზომის სიმსივნე კონკრეტული ორგანოს ფარგლებში და არანაირი მეტასტაზები ადგილობრივ ლიმფოკვაძებში, არც ცალკეული მეტასტაზები;

მეორე სტადია – საშუალო ზომის სიმსივნე ორგანოს ფარგლებში, მეტასტაზებია ადგილობრივ ლიმფოკვანძებში, ცალკეული მეტასტაზები არ არის;

მესამე სტადია – დიდი სიმსივნური წარმონაქმნი ორგანოს ფარგლებში, მეტასტაზები არის მრავალ ლიმფოკვანძში;

მეოთხე სტადია – სიმსივნე გასულია ორგანოს ფარგლებიდან და არის ცალკეული მეტასტაზები (ამასთან, ლიმფოკვანძების სტატუსი უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის).

თუმცა სტადიის ბოლო კლასიფიკაციაში გათვალისწინებულია არა მხოლოდ ანატომია, არამედ სიმსივნის პირდაპირი ბიოლოგიური თვისებები – მისი აგრესიულობა.

სამეცნიერო მიღწევების წყალობით, ზოგიერთ შემთხვევაში რემისია გარკვეული ონკოლოგიური დაავადების მეტასტაზური ფორმის დროსაც შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია პრეპარატული თერაპიის მახასიათებლების სირთულესა და თანამედროვე შესაძლებლობებზე. მაგალითად, შესაძლებელია სათესლე პარკის კიბოს მეტასტაზური ფორმის (ეს იყო ონკოლოგების პირველი გამარჯვება) ან ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზური ფორმის სრული რემისია. დღეს ხანგრძლივი რემისიის მიღწევა მეტასტაზური კიბოს ბევრი სახეობის შემთხვევაში შეიძლება, თუმცა ის ძველებურად არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი.

რატომ უვითარდება კიბო ზოგს სწრაფად, ზოგს კი – არა?

ბევრი რამ სიმსივნის ავთვისებიანობაზეა (grade) დამოკიდებული. ეს ცნება განისაზღვრება სიმსივნის მიერ დაგროვებული მუტაციების მოცულობითა და მათთან შესაბამისი დაავადებების მახასიათებლებით. ამ მუტაციების დაგროვების სიჩქარე ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე „ბოროტი“ ონკოლოგიური დაავადებები ისინია, რომლებიც ჩნდება დეენემის რეპარაციის გენების მემკვიდრეობით მიღებული მუტაციის ფონზე, ანუ გენებისა, რომლებმაც სხვა გენების მოშლის (მუტაციების) “შეკეთება” იციან და ამგვარად გენომს ასტაბილურებენ. გენების მოშლა, რომლებიც სხვა გენების „შეკეთებას“ ცდილობენ, იწვევს სიმსივნეში მუტაციების სწრაფად დაგროვებას და შედეგად – სიმსივნის სწრაფად განვითარებას. მაგალითად, BRCA-ს გენების მუტაცია (ის ანჯელინა ჯოლის აქვს) – სწორედ რეპარაციის გენების მოშლაა.

სიმსივნეების ქცევის მექანიზმების შესახებ უკვე ძალიან ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ ადამიანებმა ამის შესახებ ბევრი არაფერი იციან – ექიმები ძველებურად ხშირად ვერ ახდენენ გავლენას სიმსივნის ბიოლოგიაზე. თუმცა, სულ ახლახან, სიმსივნის ბიოლოგიის შეცვლა ფანტასტიკის სფეროდან იყო.

რატომ ავადდება ონკოლოგიურად სულ უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა?

სინამდვილეში, სტატისტიკურად „კიბოს გაახალგაზრდავების“ არანაირი ცხადი ტენდენცია არ არსებობს. იმის განცდა, რომ ირგვლივ ბევრი ახალგაზრდა პაციენტია, როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ სოციალური ქსელების წყალობით ამ ტიპის ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, წლების წინ კიბო ერთგვარად სტიგმატიზებული დაავადება იყო, რომელზეც ლაპარაკს ერიდებოდნენ, რაც დღეს შეიცვალა.

რატომ კვდებიან კიბოთი დაავადებული ადამიანები?

უნდა გვახსოვდეს, რომ ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანი შეიძლება თავისუფლად განიკურნოს და 30 წლის შემდეგ, მაგალითად, ინფარქტისგან მოკვდეს. მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე, როგორ იღუპება ადამიანი, თუ ის ვერ იკურნება, ეს დამოკიდებულია ბიოლოგიურ მახასიათებლებზე და სიმსივნის ადგილმდებარეობაზე. პირველად სიმსივნეებს შეუძლია ადამიანის მოკვლა, თუ ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებშია (მაგალითად ტვინში) და ხელს უშლის მათ მუშაობას.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც თუ სიმსივნე ისეთ ორგანოში ან ქსოვილებშია, რომ მათი ამოკვეთა შესაძლებელია, ეს განკურნებას არ ნიშნავს – სიმსივნე მეტასტაზების სახით ორგანიზმში ვრცლდება. რა თქმა უნდა, მეტასტაზების მოშორებაც შეიძლება (რასაც ხშირად აკეთებენ), მაგრამ თუ სიმსივნეს აუცილებელი თვისებები აქვს, ის ადრე თუ გვიან გავრცელდება იმ ორგანოზე ან ქსოვილზე, რომლის ამოკვეთა შეუძლებელია (მაგალითად, მეტასტაზები თავის ტვინში ან მრავალი მეტასტაზი). ადამიანი ასევე შეიძლება მოკვდეს დაავადებისაგან, რომელიც ფაქტობრივად ონკოლოგიურისაგან წარმოიქმნება: დასუსტებული იმუნური სისტემის დაავადებისგან ვითარდება პნევმონია, რომელსაც ორგანიზმი ვეღარ ებრძვის, რის გამოც ადამიანი იღუპება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ონკოლოგიური დაავადებებისაგან პაციენტების სიკვდილის უნივერსალური მექანიზმი არ არსებობს – თითოეული შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია, მათ მხოლოდ რაღაც ზოგადი ნიშნები აერთიანებს.

კიბოს ყოველთვის ახლავს ძლიერი ტკივილები?

ეს საკითხი ყველაზე ხშირად აწუხებთ პაციენტებსაც და ჯანმრთელ ადამიანებსაც, რაც გასაგებია, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ონკოლოგიური დაავადებების უმრავლესობას განვითარების საწყის ეტაპებზე არათუ ტკივილი, არამედ საერთოდ არანაირი განცდა არ ახლავს. თუმცა, თუ სიმსივნე ან მისი მეტასტაზები იზრდება, მას ტკივილის ქრონიკული სინდრომის განვითარება შეუძლია და ხშირად ასეც ხდება.

კიბო გადამდებია?

მეცნიერება არ იცნობს შემთხვევებს, როდესაც ონკოლოგიური დაავადება ადამიანებს ჰაერ-წვეთოვანი, ფეკალურ-ორალური ან სქესობრივი გზით გადასდებოდათ. მაგრამ გადამდებია ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც კანცეროგენებს განეკუთვნება, ანუ ფაქტორებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. ასეთებია, მაგალითად:

ადამიანის პაპილომის ვირუსები. მისი ზოგიერთი სახეობა მნიშვნელოვნად ზრდის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს (საშვილოსნოს ყელი, სქესობრივი ორგანოს, ანალური არხის, პირსაყლაპავის და ა.შ.) განვითარების რისკს;

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც ზრდის კაპოშის სარკომის და რამდენიმე სხვა სახის ონკოლოგიური დაავადების, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს;

B და С ჰეპატიტის ვირუსები, რომლებიც ზრდიან ღვიძლის კიბოს რისკს (ჰეპატოცელულარული კიბო);

ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც ხელს უწყობს ლიმფომის ზოგიერთი სახეობის და ცხვირსაყლაპავის კიბოს განვითარებას;

ბაქტერია Helicobacter pylori, რომელიც კუჭის კიბოს პროვოცირებას ახდენს;

კარგი ამბავია ის, რომ ადამიანის პაპილომის ვირუსების და B ჰეპატიტის წინააღმდეგ შეიძლება აცრა, ხოლო H. pylori-ს წინააღმდეგ ანტიბიოტიკებია ეფექტიანი.

სისხლის გადასხმით ან (დაავადებულის) ორგანოს გადანერგვით კიბო შეიძლება გადაგედოს?

გადანერგილი ორგანოთი ან გადასხმული სისხლით ონკოლოგიური დაავადების შეძენა ძალიან რთულია. ამას ფაქტობრივად ადასტურებს 1960-ანი წლების (არცთუ ეთიკური) კვლევები, როდესაც პაციენტების ორგანიზმში სხვა ადამიანების კიბოს უჯრედები შეჰყავდათ. თუმცა გარკვეული ალბათობა რჩება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებს უნიშნავენ თერაპიას, რომელიც იმუნიტეტს თრგუნავს. და თუ ნორმალურ პირობებში ორგანიზმი არ მიიღებდა უცხო წარმოშობის სიმსივნეს, იმუნოსუპრესიული თერაპიის დროს ეს შეიძლება მოხდეს. ასეთი შემთხვევები ცნობილია. ამიტომ ყველა დონორს (სიკვდილის შემდეგაც) აქტიურად გავრცელებადი სიმსივნის არსებობაზე ამოწმებენ. გარდა ამისა, ადამიანებს ორგანოებს მარტივად და სიამოვნებისთვის არ უნერგავენ: რადგან ეს ხდება, ესე იგი ამის აუცილებლობაა და ტრანსპლანტაციისგან სარგებელი ონკოლოგიური დაავადებების გადადების რისკს აჭარბებს. ტრანსპლანტაციის დროს, სხვა, გაცილებით სერიოზული რისკები არსებობს, რომლებიც ონკოლოგიას არ მიეკუთვნება და პაციენტებს ისინი გაცილებით მეტად უნდა აინტერესებდეს.

კიბო მემკვიდრეობითია?

ონკოლოგიური დაავადებები გენეტიკურს განეკუთვნება, მაგრამ არა მემკვიდრეობითს: მემკვიდრეობით შეიძლება მხოლოდ მუტაციის მიღება, რომელიც ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის, მაგრამ არა თავად დაავადების.

მთლიანობაში, თუ ხანგრძლივად დავაკვირდებით 100 ადამიანს, რომელთა სისხლით ნათესავები კიბოთი იყვნენ ავად და 100 ადამიანს, რომლებსაც ასეთი ნათესავები არ ჰყავდათ, დაავადების მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება იმ ადამიანების ჯგუფში, რომელთა ნათესავებიც დაავადებულნი იყვნენ. სტატისტიკის თანახმად, რისკი იზრდება, მაგრამ ონკოლოგიური დაავადებები ხშირია და ის რომ სისხლით ნათესავს ის ჰქონდა, დიდი ალბათობით, შემთხვევითობაა და არ არის დაკავშირებული მუტაციასთან, რომელიც მემკვიდრეობით გადადის.

მუტაციების მემკვიდრეობით მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი შემდეგი მოვლენებია:

ონკოლოგიურად დაავადებული რამდენიმე სისხლით ნათესავი ერთი ხაზით (ანუ მხოლოდ დედის ან მხოლოდ მამის მხრიდან);

ონკოლოგიურად დაავადებული სისხლით ნათესავები 50 წლის ასაკში;

რამდენიმე განსხვავებული სახეობის ონკოლოგიური დაავადება პირველი ხაზის ნათესავში (მამა/დედა, და/ძმა, ვაჟი/ქალიშვილი);

„ონკოლოგიური დაავადება რისკის ფაქტორის გარეშე“ პირველი ხაზის სისხლით ნათესავში (არამწეველებში ფილტვის კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო კაცებში);

ნებისმიერმა ასეთმა მოვლენამ ადამიანს სამედიცინო გენეტიკოსთან მისკვლისკენ უნდა უბიძგოს, რომელიც შეძლებს მუტაციაზე გენეტიკური ტესტირების საკითხის განხილვას, რადგან ის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკთან არის დაკავშირებული.

კიბო შეიძლება ჯერ არდაბადებულ ან ახალდაბადებულ ბავშვს ჰქონდეს?

ამ ძალიან იშვიათი შემთხვევების აღმოჩენა ნაყოფის ულტრაბგერითი კვლევის დროს შეიძლება. მაგრამ ასეთი სიმსივნეები დაბადებამდე როგორც წესი არ ვლინდება – ზოგჯერ მათ შესახებ ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში იგებენ. ამასთან, ხშირად ლაპარაკია ნეირობლასტომებზე – სიმსივნეებზე, რომლებიც ნერვული ქსოვილიდან მოდის: ისინი შეიძლება სხვადასხვა ორგანოებში იყოს. ასევე დიდი იშვიათობაა, რომ ფეხმძიმე ქალმა თავის შვილს ავთვისებიანი უჯრედები გადასდოს.

დეპრესიას ან სტრესს კიბოს გამოწვევა შეუძლია?

არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რაც ფსიქოლოგიური სტრესს ან დეპრესიას ონკოლოგიური დაავადებების გაჩენა შეუძლია. თუმცა ხშირად ადამიანები, რომლებიც სტრესს ექვემდებარებიან, სახიფათო ქცევისკენ არიან მიდრეკილნი (ზედმეტი ალკოჰოლის გამოყენებისკენ, ზღვარგადასული მოწევისკენ და ჭამისკენ), რამაც თავისუფლად შეიძლება გაზარდოს ონკოლოგიური დაავადებების რისკი.

კვება რა გავლენას ახდენს კიბოს განვითარებაზე?

გასაგებია სწრაფვა, რომ მარტივად და ერთი ხელის მოსმით დავიცვათ თავი ონკოლოგიური დაავადებებისგან რამე პროდუქტზე უარის თქმით. და მართლაც, არსებობს დადასტურებული „დიეტური ხრიკები“, რომლებიც ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. მაგალითად, რეკომენდებულია

– წითელი ხორცის და გადამუშავებული ხორცის პროდუქტების ნაკლებად მიღება;
– მთელმარცვლოვანი პროდუქტების მიღება;
– მეტი ბოსტნეულის და ხილის ჭამა;
– რაციონის კალორიულობის შემცირება;

და სიმართლეა ისიც, რომ ვეგეტარიანელებს იშვიათად უვითარდებათ ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება. იმავდროულად, პრესაში ხშირად ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ მაგალითად, „რძე კიბოს რისკს ზრდის“, და მალევე „რძე კიბოს რისკს ამცირებს“. ასეთ დროს გაუგებარია როგორ უნდა მოიქცე. მსგავსი რეკომენდაციების მიმართ საერთო მიდგომისთვის რამდენიმე მოსაზრება არსებობს:

პირველ რიგში, რაციონის შეცვლის ეფექტი აბსოლუტური არ არის, ანუ რისკი მცირდება, მაგრამ ნულს არ უტოლდება; მეორეც, ათობით ათას ადამიანს რომ ეს ეფექტი შეამჩნიო, სულ ცოტა, 10 ან მეტი წელი უნდა გავიდეს; მესამეც, მსგავსი კვლევების დიდი უმრავლესობა მცენარეებსა და ლაბორატორიულ ცხოველებზეა ჩატარებული და ადამიანებზე არ დასტურდება. გარდა ამისა, ბევრი კვლევა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ როგორც კი ექიმებს და მკვლევრებს რომელიმე პროდუქტის კანცეროგენულ გავლენასთან დაკავშირებით ეჭვი უჩნდებათ, ისინი უმალ უზიარებენ ამას ფართო საზოგადოებას და აჩაღებენ კამპანიებს.

როგორ შევამცირო კიბოს განვითარების რისკი?

European Code Against Cancer არის რჩევების კრებული, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს დადასტურებულად ამცირებს. გთავაზობთ მთავარ რჩევებს ამ კრებულიდან:

1. არ მოწიოთ სიგარეტი.

2. არ მოაწევინოთ სიგარეტი სხვებს თქვენს სახლში და სამუშაო ადგილზე.

3. ყურადღება მიაქციეთ თქვენს წონას.

4. მეტი იმოძრავეთ და ნაკლებად იჯექით ერთ ადგილზე.

5. ჯანმრთელად საკვები მიიღეთ.

6. ნაკლები ალკოჰოლი მიიღეთ. უმჯობესია, თუ მასზე საერთოდ უარს იტყვით.

7. მოერიდეთ გარუჯვას და მზის დამწვრობას, განსაკუთრებით ბავშვებში. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. არ იაროთ სოლარიუმში.

8. შეეცადეთ სამსახურში არ გქონდეთ საქმე კანცეროგენულ ნივთიერებებთან. დაიცავით შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები.

9. შეამოწმეთ ბუნებრივი რადიაციული ფონი თქვენს სახლში. თუ ის მაღალია – შეეცადეთ მის შემცირებას.

10. ქალებისთვის:

ბავშვის ძუძუთი კვება ამცირებს დედებში ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. თუ შეგიძლიათ ბავშვი ძუძუთი გამოკვებეთ; ჰორმონის ჩანაცვლების თერაპია ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის. ეცადეთ არ გამოიყენოთ ეს თერაპია.

11. აცერით შვილები: В ჰეპატიტის წინააღმდეგ (ახალდაბადებულებისათვის); ადამიანის პაპილომის ვირუსის წინააღმდეგ (გოგოებისთვის).

12. ჩაერთეთ სკრინინგის ორგანიზებულ კონტროლირებად პროგრამებში (საქართველოში ასეთი უფასო პროგრამები არსებობს).

შემიძლია ერთჯერადად გავესინჯო კიბოს ყველა სახეობაზე?

ონკოლოგიური დაავადების აღმოჩენის შიში აბსოლუტურად გასაგებია და ბუნებრივი რეაქციაა – აქტიური დაცვა. ბევრს აქტიური დაცვა ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა ჰგონია. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ადრეულ აღმოჩენას ყოველთვის აზრი არ აქვს. ამ ეტაპზე საერთაშორისო კონსენსუსი ასეთია, რომ ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისთვის (უსიმპტომო ეტაპზე დიაგნოსტიკისათვის) მიზანშეწონილად მიჩნეულია კიბოს მხოლოდ ოთხი შემდეგი სახეობა: საშვილოსნოს ყელის კიბო; კოლორექტალური კიბო (მსხვილი და სწორი ნაწლავის); სარძევე ჯირკვლის კიბო; ფილტვის კიბო.

ამასთან, კიბოს ყველა ამ სახეობაზე ერთიანი ანალიზი არ არსებობს. ონკომარკერებზე სისხლის ანალიზი კიბოს სკრინინგის ადეკვატური მეთოდი არ არის – ონკომარკერები ხშირად მიუთითებენ კიბოზე იქ, სადაც ის არ არის და პირიქით. არსად მსოფლიოში მას სკრინინგისთვის არ იყენებენ.

კიბომდელი მდგომარეობა და მისგან წინასწარ დაცვის საშუალებები არსებობს?

ზოგიერთი სიმსივნისთვის კიბომდელი მდგომარეობა არსებობს (ასეა საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს), თუმცა სხვა სიმსივნეების შემთხვევაში ასეთი მდგომარეობის განსაზღვრა გაცილებით რთულია (სარძევე ჯირკვლის კიბო, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო და სხვ.) ზოგიერთი კიბომდელი მდგომარეობის მკურნალობას მართლაც შეუძლია ამ დაავადების განვითარების აღკვეთა, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის პოლიპების ამოჭრა ან საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის მოშორება.

კეთილთვისებიანი სიმსივნე შეიძლება ავთვისებიანად გარდაიქმნას?

რამდენიმე ათეული წლის წინ მართლაც მიაჩნდათ, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნეები გარდაიქმნებოდა ავთვისებიანებად. ახლა გაირკვა, რომ ეს როგორც ჩანს, იშვიათი გამონაკლისია, ვიდრე წესი. საშვილოსნოს მიომა, სარძევე ჯირკვალსა და ღვიძლში ბევრი ახალი წარმონაქმნი, საკვერცხის კისტები ავთვისებიანად არ გარდაიქმნება.

სხვა საქმეა, რომ ზოგჯერ, დიაგნოსტიკური ტესტების მონაცემებით, რთულია კეთილთვისებიანი სიმსივნის ავთვისებიანისაგან გარჩევა. ხანდახან ამისთვის დიაგნოსტიკური ქირურგიული ოპერაციაც კი საჭიროა.

რატომ ვერ ქმნიან წამალს, რომელიც კიბოსგან სრულად განგკურნავს?

ტერმინი „ონკოლოგიური დაავადებები“ ასობით დაავადებას მოიცავს, რომლებიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ერთი ონკოლოგიური დაავადებაც რომ ავიღოთ, მისი მახასიათებლები სხვადასხვა პაციენტში შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. მეტიც, დროსთან ერთად დაავადების ნიშნები შეიძლება ერთ კონკრეტულ პაციენტთანაც შეიცვალოს. ამგვარად, მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე და მათზე შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული პროფილის და მიმართულების სპეციალისტებმა იმუშაონ.

პრობლემა ისიც არის, რომ სიმსივნის „უბრალოდ ამოჭრა“ არ შეიძლება. ასეთი იდეა ლოგიკურია თუ მიგვაჩნია, რომ დაავადება ლოკალურია და მთელ ორგანიზმს არ აზიანებს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ასე არ არის. ზოგჯერ პაციენტს მხოლოდ ოპერაციაც ჰყოფნის, მაგრამ ხშირად სიმსივნე, რომელიც ჩანს, შეიძლება აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს, ხოლო დაავადება მთელ ორგანიზმს ეხებოდეს. წამლებიც სასარგებლოა, თუ ისინი სულ უფრო ეფექტიანი ხდება, მაგრამ ყველა წამალი ყოველთვის ყველას არ უხდება, ზოგჯერ კი მათ მიმართ რეზისტენტობა ჩნდება. საკუთარ ორგანიზმს სიმსივნესთან ბრძოლა აიძულო, რომელიც იმუნოთერაპიის საფუძველში დევს, მართლაც კარგი იდეაა თავისი უნივერსალურობით, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ იმუნოთერაპია ყველა პაციენტის და სიმსივნის ყველა სახეობის შემთხვევაში არ მუშაობს. როგორც ჩანს იმიტომ, რომ სხვადასხვა ტიპის სიმსივნე იმუნურ სისტემასთან სხვადასხვაგვარად ურთიერთქმედებს.

კიბოსგან განკურნებულმა რეციდივს თავი როგორ ავარიდო?

ეს პაციენტების და ექიმების ყველაზე გასაგები და სავარაუდოდ, ყველაზე ხშირი საზრუნავია. ამიტომ ექიმები ძალიან ფრთხილობენ ბევრი წამლის დანიშვნაზე, ისეთების, როგორებიცაა მაგალითად: ესტროგენები სარძევე ჯირკვლის კიბოს ან ენდომეტრიოზის დროს, იმუნოსუპრესიული პრეპარატები თითქმის ყველა ავთვისებიანი დაავადების შემთხვევაში.

არ არსებობს რაიმე რეცეპტი იმისა, რომ ადამიანმა თავი აარიდოს რეციდივებს ცხოვრების განსაკუთრებული წესის ან დიეტის დახმარებით. საქმე ის არის, რომ სიმსივნის რეციდივის ალბათობა დიდწილად ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: სიმსივნის მახასიათებლებსა და ჩატარებულ მკურნალობაზე, ეს კი – უკვე წარსულია.

წყარო: Meduza

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.