როგორ ისვენებენ ჩინოვნიკები ბიუჯეტის ხარჯზე – აუდიტის დასკვნა ბორჯომის რაიონში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე

აუდიტის სამსახურის 44-გვერდიანი დასკვნა ბორჯომის რაიონში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ასახავს. სახელმწიფო მაკონტროლებლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მილიონობით ლარი დაუსაბუთებელ მივლინებებში, შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პრემია-დანამატებში არამიზნობრივადაა დახარჯული.

დაბა ბაკურიანის გამგებელი, გოჩა გობრონიძე, 9-დღიანი მივლინებით იტალიაში იმყოფებოდა. დოკუმენტების მიხედვით, გამგებელს ქალაქ ლოზანოში სამთო-სათხილამურო კურორტები უნდა დაეთვალიერებინა, თუმცა, ირკვევა, რომ 9 დღიდან ლოზანოში გოჩა გობრონიძე მხოლოდ ერთი დღით იმყოფებოდა, დანარჩენი 8 დღე კი ბიუჯეტის ხარჯზე რომი, მილანი და ფლორენცია დაათვალიერა.

Facebook-ზე გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ბაკურიანის გამგებელი იტალიაში მეუღლესთან ერთად მოგზაურობდა.

გოჩა გობრონიძემ კურიერს ინტერვიუზე უარი უთხრა, თუმცა, ტელეფონით განაცხადა, რომ ამ ქალაქებში მხოლოდ აეროპორტს სტუმრობდა.

აუდიტის დასკვნაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ბორჯომის ცენტრში ე.წ. სილამაზის ხიდზე ჩატარებული სამუშაოები და დახარჯული თანხები გაკრიტიკებულია.

აუდიტის დასკვნაში სხვა, ასევე უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც მოხვდა. მაგალითად, წყალგაყვანილობის სისტემა სოფელ ზანავში. სამუშაოებზე 92 ათასი ლარი დაიხარჯა. შედეგად, ონკანებიდან ტალახიანი და გამოუსადეგარი წყალი წამოვიდა და მოსახლეობა იძულებული გახდა, ახალი სისტემა საერთოდ გადაეკეტა.

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.