„როგორ მოხდა, რომ ერი ასე დაეცა, ასე გაიხრწნა და გადაგვარდა“

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:

„ვკითხულობ სტატუსებს, ვუყურებ კლიპებს, ვუსმენ გადაცემებს და ვფიქრობ, როგორ მოხდა, რომ ერი ასე დაეცა, ასე გაიხრწნა და გადაგვარდა. ბევრი რამ ალბათ ისტორიულად მოგვდევს, მაგალითად, უკიდეგანო ამბიცია, ქედმაღლობა და ღალატისკენ მიდრეკილება სწორედ ამბიციების გამო. მაგრამ საბჭოთა სისტემამ და შემდგომ შევარდნაძის პერიოდმა სრულიად მოსპო და დაასამარა ის შემორჩენილი ცოტაოდენი სიამაყე, პატრიოტიზმი, ერთმანეთისადმი ელემენტალური ადამიანური თანაგრძნობა და პატივისცემა.

საბჭოთა სისტემის მიერ ჩვენი გადაგვარება მრავალფეროვანი იყო, მაგრამ გამოვყოფ სამ, ჩემი აზრით, ყველაზე დამანგრეველ ფაქტორს, ერთი არის ქურდობა ყველა დონეზე, ყველა დაწესებულებაში პარვა-მითვისება, თანაც ისე, რომ ადამიანი თავის ქმედებას ამართლებდა კიდეც – ამ აფერისტ სახელმწიფოს ვპარავ და ღირსიც არის, რომ მოვიპარო, ეგ ხომ ჩემგან იპარავსო. ეს აზრი ისე ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენს აზროვნებაში, რომ პარვა არც ითვლებოდა დასაძრახ საქმედ. პირიქით, ყოჩაღ, რომ შეგიძლია ეს გააკეთო და იხეირო. რაც შეეხება „ზემდგომ ამხანაგებს“, ისინი საერთოდ ქურდობა-მითვისების სათავეში იდგნენ, მაგრამ, ასე ვთქვათ, კულისებში, მიჩქმალულად. ამიტომ იყო, რომ მათი სახლები და „დაჩები“ ყოველთვის სათანადოდ იყო შემოღობილი და დაცვაც მიყენებული.

მე მყავდა ერთი მეზობელი ქალი, რომელიც მრეცხავად მუშაობდა რომელიღაც პურის საცხობ ქარხანაში. ყიდდა ქარხნიდან მოპარულ ზეთს, ფქვილს, რძის ფხვნილს და საპონს. თანაც იმდენს იპარავდა, რომ მთელ ჩვენს კორპუსს და კიდევ რამდენიმე სამეზობლო სახლს ამარაგებდა. უბრალო მრეცხავ ქალს რომ ეს შეეძლო, ხომ წარმოგიდგენიათ, უფრო ზემოთ მდგომები რას ხეირობდნენ. კიდევ ბევრი სხვა მაგალითი ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენც უამრავი ამგვარი ფაქტი გეცოდინებათ.

გაგეცინებათ, მაგრამ არაერთი ასეთი ქურდი თავს დისიდენტად თვლიდა, აქაო და ამ ხელისუფლებას ზიანს ვაყენებო. გეხსომებათ, ჯაბა იოსელიანი ზუსტად ასე ხსნიდა მის ბანდიტობას და დისიდენტად აცხადებდა თავს. ასე რომ დღევანდელი მთავრობის ხალხი, რომელთაგანც ბევრი სწორედ ასეთი ქურდებისგან – საბჭოთა სტილის მოხელეებისა და მხედრიონელებისგან შედგება, – ფაქტიურად იმ ძველ ტრადიციას აგრძელებს და სინდისი სრულიად არ აწუხებს. აბა რისთვის არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტი, თუ არ მოიპარავ. თანაც კაიფი ის არის, რომ ამას „კანონიერად“, ანუ პრემია-დანამატების სახით აკეთებ.

მეორე უბედურება, რაც საბჭოთა პერიოდში ადამიანებს ძვალსა და რბილში გაუჯდათ იყო გამდიდრებაზე, გალაღებულ ცხოვრებაზე საიდუმლოდ ოცნება. აი, ისეთზე „ზაგრნიჩნი’ ფილმებში რომ იყო. საბჭოთა იდეოლოგია, ერთი მხრივ, მატერიალურ კეთილდღეობას ბურჟუაზიულ გადმონაშთად ასაღებდა და სიმდიდრეს დანაშაულად თვლიდა, მეორე მხრივ, თვითონ ეს იდეოლოგები ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მაგრამ დამალულად – „ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს“ პრინციპით. ქვემოთა ეშელენებიც, რომლებიც მათ პარვაში არ ჩამორჩებოდნენ იძულებულები იყვნენ დაემალათ თავიანთი ნაპარავი და საკმარისად ვერ ახერხებდნენ ამ ნაპარავით სიამოვნების მიღებას. ერთ ნაცნობთან საუბრიდან მახსოვს მისი სიტყვები – ამ მთავრობის დედაც ასე და ისე, ფული მაქვს და მეშინია დავხარჯოო.

მესამე საბჭოური უბედურება იყო შრომისადმი არა უბრალოდ უპატივცემულობა, არამედ დამცინავი განწყობა, თითქმის ზიზღი. ის ვინც პატიოსნად შრომობდა მართლაც კაპიკებს ღებულობდა და თავს ძლივ ირჩენდა. რახან იცი, რომ ეგ შრომა არაფერს მოგიტანს და მაინც არ იპარავ, მაშ ხარ სულელი, უნიათო და არც ხარ ღირსი რამე გქონდეს. დედაჩემი ორმოცი წელი ხან ერთი სკოლის დირექტორი იყო, ხან მეორის; შეიძლება ითქვას, სკოლაში აღამებდა და ათენებდა, მაგრამ სახლში ორი ერთნაერი ჭიქა არ გვქონია. სერვიზების ფული სად იყო! მამა ექვსი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა და დედაჩემი იყო ოჯახის შემნახავი.

ერთხელ სახლში რემონტი უნდა გაგვეკეთებინა, ზემო სართულიდან წყალი ჩამოიწუწა, თანაც ის ბინა თავიდან როგორც მივიღეთ, ისეთივე იყო, უხეშად შელესილი კედლებით, მათზე ზემოდან გაჭიმული ელექტორო მავთულებით, საპირფარეშოსა და აბაზანაში ცემენტის იატაკით და სხვა ტიპიური საბჭოთა ბინის სიმახინჯით. ამიტომ, როგორც იქნა, გადავწყვიტეთ, გაგვეღო ეს ხარჯი. ერთხელ, როცა მე მარტო ვიყავი სახლში, მუშებმა (ორი კაცი აკეთებდა რემონტს, ერთი ქართველი, მეორე სომეხი) მკითხეს, დედაშენი მართლა სკოლის დირექტორი არისო? როცა დავუდასტურე, თავი გაიქნ-გამოიქნიეს, ნწ-ნწ-ნწ-უო სთქვეს და სრული სერიოზულობით მითხრეს, ნამდვილი კომუნისტი ყოფილაო. ანუ საბჭოთა იდეოლოგიით დეკლარირებული, მაგრამ სინამდვილეში არარსებული, იდეალური, „კომუნიზმის მოკაშკაშე მწვერვალების“ (сияющие вершины коммунизма, გახსოვთ?) მისაღწევად მებრძოლი არსება.

რომ იცოდეთ, რა საინტერესოა საბჭოური ლექსიკა, საბჭოური გამოთქმები. რა ნათლად შეიძლება დაინახო მათში ჰომო სოვიეტიკუსის ფსიქოლოგია. აი, რამდენიმე მაგალითი – „დიდძალი ფული იშოვა“ – ეს იყო უდიდესი საბჭოთა კომპლიმენტი, რაც შეიძლებოდა ვინმეზე ეთქვათ. კი არ გამოიმუშავა, შრომით კი არ მიღწია სიმდიდრეს და კარგ ცხოვრებას, არამედ „იშოვა“! ამაშია მთელი დილიხორი, თორემ თუ იშრომე, მაგას რა ფასი აქვს! „კარგ ადგილას მოყუჩდა“ – არ არის გენიალური? ანუ ბლომად პარვა შეუძლია ჩუმჩუმად, არც შრომა სჭირდება და არც შემოწმებები აწუხებს. „საქმე ჩააწყო“ – ესე იგი ქრთამი მისცა და გაიჩარხა საქმე, ეს იქნებოდა სამსახურში, უმაღლეს სასწავლებელში თუ კიდევ სადმე მოწყობა დამსახურების გარეშე და ხშირად ვინმე სხვა ადამიანის ხარჯზე. კიდევ ბევრი სხვა, რაც თქვენც გეხსომებათ. ეგებ ვინმემ როდისმე დისერტაცია დაწეროს ამ თემაზე. ფრიად ღირშესანიშნავი რამ იქნება საბჭოთა კულტურის კვლევის სფეროში.

და აი, დაიშლა საბჭოთა კავშირი, ჩამოინგრა ტრადიციის გადმონაშთებით დატოვებული თუ საბჭოთა პერიოდში ფორმალურად მაინც ჩამოყალიბებული ფასეულობების შკალა. აირია მონასტერი! დადგა სრული განუკითხაობის დრო და ამ პარვა-ძარცვას, მოყუჩებას და ჩაწყობას მიჩვეული ხალხი უდაბნოში მოწყურებულებივით დაეწაფა თაობებით ნანატრ და აკრძალულ ხილს – ფულის შოვნას! უსათუოდ შოვნას, თორემ სად იყო ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა. გაიხარა და გალაღდა ათასი ჯურის და სახეობის ქურდი და კრიმინალი. აი, სწორედ მაშინ იხეირეს და გაისქელეს ჯიბეები ივანაშვილეებმა. დამატებითი ბედნიერება ის იყო, რომ უკვე შეიძლებოდა ქვეყნისთვის დაგენახვებინა, რომ შენ „ფული იშოვე“, თანაც ბევრი – ბინები, სახლები, მანქანები, ნაირ-ნაირი ტანსაცმელი, სამკაულები – იხარე სულო და გულო, მტერს დაუბნელე თვალები, გასკდენენ შურით ნაცნობ-მეზობლები!

შევარდნაძის მმართველობის დრომ, დღევანდელობის წინამორბედმა და გზის გამკაფავმა, ალაბთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურება მოგვიტანა. არავითარ აღა-მაჰმად-ხანს არ შეეძლო ასე გაეძარცვა და გაერყვნა ერი, როგორც ამ გარეწარმა, ამაზრზენმა, ჯაბა იოსელიანის და მისი ბანდიტების წყალობით საქართელოში დაბრუნებულმა ავაზაკმა შესძლო. არა მხოლოდ ქვეყანა გახდა მისი კლანის საჯიჯგნი და საძარცვავი, მის დროს სრულიად განადგურდა განათლება ყველა სასწავლო დაწესებულებაში. სკოლებში წელიწადში 4-5 თვე სწავლება წყდებოდა, რადგან არც სინათლე იყო და არც გათბობა. ყოველ ეზო-„პადიეზდში“ უნივერსიტეტები და აკადემიები დაარსდა, სადაც არ იყო საჭირო არც ლექციებზე დასწრება, არც გამოცდების ჩაბარება, გადაიხდიდი ფულს და ღებულობდი ნებისმიერ დიპლომსა და ხარისხს, მაგისტრიდან აკადემიკოსამდე – აირჩიე რომელიც გინდა, მხოლოდ სათანადო რაოდენობის მაყუთია საჭირო. თავს დავდებ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ორმოც პროცენტს მაინც ამგვარ კემბრიჯებსა და ოქსფორდებში აქვთ დიპლომები მიღებული.

აი, ასეთ ჭაობს შეეჭიდა მიხეილ სააკაშვილი და მართლაც სასწაული მოახდინა. სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ – სასწაული! საუბედუროდ, ამ ჭაობში ცხოვრებას მიჩვეულმა ხალხმა ისევ ჭაობი არჩია. შეჩვეული ჭირიო, ხომ გაგიგიათ. ჰოდა, საკვირველია, რომ ამ წლებში გაზრდილ თაობას მარიხუანას ლეგალიზაცია უფრო აინტერესებს, ვიდრე ქვეყნის ბედი?!“

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.