როგორ შეიცვალა აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები

„რაც კარგია საქართველოსთვის, კარგია მთელი მსოფლიოსა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც“, – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. სხვადასხვა მთავრობების პირობებში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები არსებობდა და არსებობს კიდეც დღემდე, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავება და უფრო მაღალ დონეზე გადასვლა თვალშისაცემია. ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, რომლებიც ცდება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკას.

მხარდამჭერი აქტები, ავია მიმოსვლა, აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივა, აშშ-ში ქართველების ლეგალურად დასაქმება – ეს იმ კეთილდღეობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ჟღერდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სულაც არ არის უტრირებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდა და ახალ ეტაპზე გადავიდა. ყოველივე ეს გამოწვეულია, როგორც აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ასევე, იმ გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რაც თანამედროვე მსოფლიოსა და თუნდაც ჩვენს რეგიონშია დღეს.

შედეგად, ქართველებისთვის “ამერიკული ოცნება” უფრო რეალისტური და ხელმისაწვდომი ხდება. იმის საილუსტრაციოდ, რომ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები უფრო გაღრმავდა, საჭიროა იმ ცვლილებების გააზრება, რაც უახლოეს წარსულში დაფიქსირდა აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის.

მხარდამჭერი აქტი

მხარდამჭერი აქტი, ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლითაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უფრო აღრმავებს. მხარდამჭერი ორპარტიული აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია.

კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს.

კონგრესი სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით, ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

კანონპროექტით კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.

მაგალითად, ორპარტიულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით გამოუყო 37 200 000 დოლარი გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ნატოს ასპირანტია და მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. კონგრესი საქართველოსთვის ამერიკის დახმარების გაზრდას ითხოვს. დოკუმენტში საუბარია საქართველოს დახმარებაზეც კიბერუსაფრთხოების სფეროში.

საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა

თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც აშშ-მ ქართული შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის დაფინანსება დაიწყო. აშშ, ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად, რეგულარულად მონაწილეობს ერთობლივ წვრთნებში საქართველოს ტერიტორიაზე. წვრთნები და ერთობლივი სამშვიდობო მისიები დღემდე აქტიურად იმართება. საქართველო სამხედრო კონტინგენტს აგზავნიდა აშშ-ის ერაყისა და ნატო-ს ავღანეთის მისიებშიც.

თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ითვალისწინებს. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს სამხედრო სპეციალისტებს მომზადებაში და თავდაცვის ძალების რეფორმირებაში.

აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ ვაშინგტონმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის თანამედროვე ამერიკული შეიარაღების – ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების მიწოდების შესახებ. “ჯაველინები” ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა

ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება ადგილობრივ და ამერიკულ პრესაშიც. ბოლო ასეთი სტატია ავტორიტეტულ “ფაინენშელ თაიმსში” გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების დროა. ამის თაობაზე საუბრები მიმდინარეობს სამთავრობო დონეზეც.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეკონომიკური პროტექციონისტული სვლების გაკეთებას არ ერიდება. ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ტრანს წყნარი ოკეანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (TPP) დატოვა და ამით პრეზიდენტმა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს ომი გამოუცხადა. მას მსგავსი ნაბიჯის გადადგმა სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებითაც სურს, მაგალითად, კორეასთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

შესაბამისად, ყოველივე ამის ფონზე, ორ ქვეყანას შორის თუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს ქვეყანასთან სტრატეგიულ ურთიერთობებს უფრო მეტად აღრმავებს და ამას უფრო პოლიტიკური სარჩული ექნება, ვიდრე აშშ-ის მხრიდან რაიმე კომერციული გათვლა საქართველოს ბაზართან მიმართებით. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ადგილობრივი წარმოება საკმაოდ სუსტია, აშშ-სთვის ამ ხელშეკრულების დადება რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს კი დამატებით ახალი ბაზარი გაეხსენება აშშ-ის ბაზრის სახით და ერთი-ორად აამაღლებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, რადგან ჩვენ ქვეყანას უკვე აკავშირებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, ევროკავშირთან, სუამის და დსთ-ის ქვეყნებთან, რუსეთის გამოკლებით, ასევე, EFTA-ს ქვეყნებთან – შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია.

პირდაპირი ფრენები – თბილისიდან ნიუ იორკში

მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის თაობაზეც დაიწყო საუბარი. ეკონომიკის მინისტრმა და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უშუალო მოლაპარაკებები გამართეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში “ამერიქან ეარლაინთან” და “დელტასთან”. საქართველოს მთავრობის სურვილია, რომ ფრენები ნიუ-იორკში განხორციელდეს, რადგან ნიუ-იორკი ტრანზიტული ჰაბია.

აშშ-სა და საქართველოს შორის მგზავრთნაკადის მოცულობა მზარდი ტრენდით გამოირჩევა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ პირდაპირი ფრენების დანიშვნა გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ის ასევე იქნება სტიმული ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა უფრო გაუმარტივდეთ, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის ძალიან დიდი ბენეფიტების მომტანი იქნება.

ლეგალური დასაქმება აშშ-ში

აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც ქართველებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის სხვადასხვა კატეგორიის ვიზები, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, იმუშაონ აშშ-ში.

ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდიც მიუთითებს. ის ღიაობას აცხადებს ქართველების აშშ-ში ლეგალურად დასაქმების თაობაზე. აშშ-ის დასაქმების ბაზარი გაცილებით მოწესრიგებული და მაღალგადახდისუნარიანია, ვიდრე ქართული, თანაც, თუ დღევანდელ დოლარის კურსს გავითვალისწინებთ.

დასკვნის მაგიერ

ყველა იმ ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, თავისუფლად უნდა ითქვას ის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უპრეცედენტო დონეზეა. სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება. სხვადასხვა დაბალპროცენტიანი სესხების პარალელურად გრანტებიც ეძლევა ქვეყანას, რომელიც მიმართულია იგივე განათლების ხარისხის გაზრდისა და ინსტიტუციონალური პრობლემების სწრაფად მოგვარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის და ავიამიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებების დადება საკმაოდ შრომატევადი და დროში გაწელილი პროცესია, თუმცა ის რომ ამაზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამთავრობო დონეზე საუბრები, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური ნება “მწიფდება” და უახლოეს მომავალში სავსებით რეალურია როგორც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება აშშ-სთან, ასევე პირდაპირი ავიამომისვლის დაწყებაც.

ბაჩანა ჯინჭარაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.