როგორ შეიძლება არ ათქმევინო რესპონდენტს ტყუილი ეთერში. რჩევები

წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოება ტელეეთერებში დებატების სეზონის გახსნას ნიშნავს. პოლიტიკური გადაცემის ფორმატი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, სტუდიის სტუმრები შეიძლება საპრეზიდენტო კანდიდატები იყვნენ და დებატები ერთმანეთთან გამართონ, თუმცა გადაცემის წამყვანის და მოდერატორის როლი ყველა ფორმატში გადამწყვეტია – მხოლოდ მას შეუძლია მაყურებელი დაიცვას ტყუილის ან ნახევრადსიმართლისაგან, რომლის თქმასაც პოლიტიკოსები ეთერში აუცილებლად შეეცდებიან.

BBC ამერიკელი ექსპერტის, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი თანამშრომლის ჯო ნავაროს რჩევებს აქვეყნებს ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც პოლიტიკური დებატები მიჰყავთ. ნავაროს ინტერვიუების მდიდარი გამოცდილება აქვს – მას გამოკიხული ჰყავს 13 ათასი ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც მისგან სიმართლის დამალვას ცდილობდა. 2003 წელს, პენსიაზე გასვლამდე ნავარო FBI-ის სკოლაში ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის მეთოდებს ასწავლიდა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა გაარჩიო ტყუილი სიმართლისგან.

– ყურადღებით დააკვირდით რესპონდენტის სიტყვებს, ასევე ჟესტებს და მიმიკას

ექსპერტი ამბობს, რომ პრობლემა ის არის, რომ სხვადასხვა დოზით ყველა ადამიანი ტყუის, თანაც ძალიან ადრეული ასაკიდან. ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, სხვისი მოტყუების სურვილი დამახასიათებელია. იმან, თუ როგორ არის აწყობილი რესპონდენტის მიერ წარმოთქმული ფრაზა და ისიც, თუ როგორ წარმოთქვამს ის ამ ფრაზას, შეიძლება მიგახვედროთ, რომ ის ტყუის. „მიაქციეთ ყურადღება იმას, უქმნის თუ არა თქვენი კითხვა რესპონდენტს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, და თუ ასეა, როგორ აისახება ეს მის ჟესტებსა და მიმიკაზე… ადამიანის სხეული ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ავლენს. დააკვირდით მაგალითად, კუმავს თუ არა ის ტუჩებს ან იკიდებს თუ არა ხშირად ხელს კისერზე“ – ამობს ნავარო.

– ათქმევინეთ ტყუილი და შემდეგ მკვეთრად შეაწყვეტინეთ ლაპარაკი

ნავარო ყვება, რომ ის ცდილობდა ადამიანთან ლაპარაკი ღია კითხვებით დაეწყო, როგორებიცაა მაგალითად, „როგორ მოხდა ეს?“, „რას ფიქრობთ ამის შესახებ?“ და არასდროს ეუბნებოდა მას იმას, თუ რა იცოდა თავად. „მე ვაძლევდი მათ საშუალებას ეთქვათ ყველაფერი, რისი თქმაც სურდათ, რის შემდეგაც მათ მკვეთრად ვაწყვეტინებდი ლაპარაკს და ვეუბნებოდი „არა, ეს ტყუილია, ეს არ შეესაბამება ფაქტებს და აი რატომ… როდესაც ადამიანს ლაპარაკს მკვეთრად აწყვეტინებთ, თქვენ მას ფსიქოლოგიურად არაკომფორტულ მდგომარეობაში აყენებთ“.

– ფაქტების ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დროის კონტროლი

ცხადია, წამყვანმა გადაცემაში სცენები არ უნდა დადგას, მაგრამ ჟურნალისტი ვალდებულია ტყუილს საკადრისად უპასუხოს. რაღაც მომენტში მან სტუმარს ძალიან მკაფიოდ უნდა აგრძნობინოს, რომ ამას არ მოითმენს, რადგან ეს სერიოზული ეთერია. თუ მაგალითად, დებატების ერთ-ერთი მონაწილე შეეცდება ტყუილის თქმას და სიმართლის დამახინჯებას, მოდერატორმა მაყურებლისთვის ვითარება უმალ უნდა განმარტოს და დროის დეფიციტის გამო სტუმრებს დებატი სხვა თემაზე არ უნდა გააგრძელებინოს. „სამწუხაროდ, წამყვანები ხშირად ცუდად არიან მომზადებულები და არ იციან ფაქტები, გარდა ამისა, ისინი ჩქარობენ და არ სურთ დროის გაჭიანურება“, – აღნიშნავს ესპერტი.

– სიმშვიდის შენარჩუნება გადამწყვეტია

გასათვალისწინებელია, რომ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებში გავრცელებულია ნარცისიზმი, იმის რწმენა, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება; „სიმაღლიდან ლაპარაკის“ ჩვევა. ამასთან, ისინი მიუჩვეველნი არიან, რომ მათ წინააღმდეგობას არ უწევენ. ეს თვისებები აქვთ მათგან ყველაზე სასიამოვნო ადამიანებსაც. „აკონტროლეთ ისინი ფაქტების საშუალებით. საკუთარ თავზე შეყვარებულმა ადამიანებმა არ იციან ასეთ დროს რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ და იოლად ბრაზდებიან. უფრო ჭკვიანები ცდილობენ კითხვებს სხვა პასუხი გასცენ“, – ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მაყურებელი წამყვანების ქცევას არანაკლებ აკვირდება, ვიდრე მათ რესპონდენტებს, ამიტომ მთავარია ჟურნალისტი ემოციებს არ აჰყვეს, რადგან როგორც წესი ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც უფრო მშვიდია.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.