რომან კაკულია: საკმაოდ შეგვიტყუა რუსეთის ბაზარმა – ივანიშვილის გეგმა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების?

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ რუსეთისგან საქართველო ყველაფერს უნდა ელოდოს. ასე უპასუხა კაკულიამ კითხვას, რამდენად არის მოსალოდნელი ავიასანქციების შემდეგ რუსეთისგან სხვა მიმართულებებით ემბარგოს დაწესება.

“რუსეთისგან ყოველთვის და ყველაფერს უნდა ველოდეთ და გრძელვადიან პერიოდში ეს შეიძლება უკეთესიც იყოს, მაგრამ მყისიერად ეს პრობლემებს გამოიწვევს. საკმაოდ შეგვიტყუა რუსეთის ბაზარმა და აქედან გამომდინარე, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა მათ მიმართ ჩამოყალიბებული განწყობები მსოფლიოში შესაძლოა, იქნას მათ მიერ გათვალისწინებული და ვფიქრობ, ასე ცალსახად თქმა, რომ აუცილებლად მივიღებთ დარტყმას, არ იქნება სწორი. 

ჩვენ სამწუხაროდ, საგარეო და საშინაო პოლიტიკას ჰარმონიზებულად ვერასოდეს წარვმართავთ ხოლმე და ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ”, – განაცხადა რომან კაკულიამ. 

შეგახსენებთ, რომ როგორც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსული მხარე საქართველოსთან ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული შედეგების შენარჩუნებას ემხრობა. 

“ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთოების თვალსაზრისით ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს”, – განაცხადა აბაშიძემ. 

შექმნილ ვითარებაზე პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ტელეფონით ისაუბრეს. 

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ახლა მთავარია, ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და არ დააზარალოს საქართველოს უამრავი მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები. 

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები – საქართველოში, ქართული ავიაკომპანიები კი რუსეთში ფრენებს ვეღარ განახორციელებენ.

ავტორი: დავით ჯალაღონია

bm.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.